ბარათელზე ინფორმაციას პრესაგე.ტვ უკვე სტრასბურგისგან ითხოვს

ბარათელზე ინფორმაციას პრესაგე.ტვ უკვე სტრასბურგისგან ითხოვს

[ნინო მიქიაშვილი]

რადგან ქართულმა სასამართლოებმა უარი თქვეს აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ, გიორგი ბარათელის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე, პრესაგე.ტვ-ს სარჩელი ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა, სადაც ჩვენს უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, იგივე საიას იურისტი, ნათია კაციტაძე იცავს.

”ევროპულ სასამართლოს ვთხოვთ დაადგინოს კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა, რომელიც შეეხება ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლებას. როდესაც ჟურნალისტი საჯარო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციას ითხოვს და როდესაც ესა თუ ის ინფორმაცია საზოგადოებისთვის საინტერესო მასალას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფომ ასეთი სახის ინფორმაციის გაცემა უნდა უზრუნველყოს, თუნდაც ისეთ რთულ შემთხვევაში, როცა მეორე  მხარეს დგას ამა თუ იმ კერძო პირის ინტერესი. ასეთ შემთხვევაში სასამართლოებიც და საჯარო დაწესებულებაც ვალდებულია განსაზღვროს რომელი ინტერესი გადაწონის - საზოგადოებრივი თუ კერძო”, - ამბობს ნათია კაციტაძე.

შეგახსენებთ, რომ წელიწადზე მეტია, რაც პრესაგე.ტვ ცდილობს მოიპოვოს საჯარო ინფორმაცია მსჯავრდებულ გიორგი ბარათელზე. საქართველოს სასამართლოებში სამივე ინსტანცია გავიარეთ და სამივემ ჩათვალა, რომ ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა. თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში ჩვენს უფლებებს იცავდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები: თათული თოდუა, თამარ გურჩიანი და ანა შალამბერიძე. სამივე მათგანს კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თანადგომისა და გულისხმიერებისთვის.

2009 წლის 10 სექტემბერს ორი განცხადებით მივმართეთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების იმჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37–ე, 38–ე მუხლების საფუძველზე, ერთ განცხადებაში ვითხოვდით ინფორმაციას ამირან რობაქიძის და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების  - გრიგოლ ბაშალეიშვილისა და ვახტანგ აბუაშვილის შესახებ, ხოლო მეორე განცხადებაში ბატონ შაშკინს ვთხოვდით ჩვენთვის მოეწოდებინა ინფორმაცია აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელზე.

10 სექტემბერს გაგზავნილ განცხადებებს მოჰყვა ადმინისტრაციული საჩივარი და შემდეგ პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც 2010 წლის 29 იანვარს გაიმართა. მოსამართლე ნანა დარასელიამ ჩვენი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაავალა ჩვენთვის მოეცა ინფორმაცია რობაქიძისა და გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულებზე, მაგრამ გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის მოცემაზე უარი გვითხრა. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ რობაქიძისა და გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის დღემდე არ მოუწოდებიათ.

ბარათელის შესახებ ინფორმაცია საქალაქო სასამართლოს შემდეგ სააპელაციო სასამართლოსგან მოვითხოვეთ. 2010 წლის 11 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე ლეილა მამულაშვილი, მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ნანა ჭიჭილეიშვილი) “საქართველოს სახელით“, ჩვენი სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სახელზე საკასაციო საჩივარი 2010 წლის 29 ივნისს იმ იმედით ჩავაბარეთ, რომ ჩვენს სამართლიან მოთხოვნას ის მაინც დააკმაყოფილებდა – უზენაესი სასამართლოსგან ვითხოვდით, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2010 წლის 11 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას და ამ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ახალი სამართლებრივი დასაბუთებით.

გასული წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე ლევან მურუსიძე, მოსამართლეები: მაი ვაჩაძე, პაატა სილაგაძე), ჩვენი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განჩინება უცვლელად დატოვა.

აი, ამის შემდეგ დაიწყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ევროპის სასამართლოში გასაგზავნ სარჩელზე მუშაობა. სანამ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ყოველ ჯერზე გავიმეორებთ, რომ პრესაგე.ტვ ითხოვს ინფორმაციას, რომელიც არის საჯარო და წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. იმათ კი, ვინც გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელი საიდუმლოდ ჩათვალა, კიდვე ერთხელ შევახსენებთ, რომ ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი სახელმწიფო, პროფესიულ, ან კომერციულ საიდუმლოებას არ შეიცავენ;

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია, არც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, არც პროფესიულს და არც კომერციულს, მაგრამ უდაოა, რომ წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს; შევნიშნავთ იმასაც, რომ ამ ინფორმაციის დამალვა კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს 2007 წლის 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე დახვრეტილი გურამ შარაძის საქმის ირგვლივ.