გზაში მიმოფანტული ფული

გზაში მიმოფანტული ფული

ცოტა ხნის წინ, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, 23 წლის ავტომოყვარულმა მოახერხა 23 000 ევრო დაეკარგა ახალი კაბრიოლეტის ტესტ-დრაივის დროს.

ახალგაზრდა ყმაწვილმა, რომელიც თავახდილი მანქანის საჭესთან წინათ არასოდეს მჯდარა, გადაწყვიტა კაბრიოლეტი „აუდი - 3“ ეყიდა.

ავტოსალონის თანამშრომელმა, ცხადია, მანქანის გამოცდა შესთავაზა და ჭაბუკიც დაუფიქრებლად ჩახტა სალონში, ფულიანი კონვერტი კი დაუდევრად მოისროლა უკანა სავარძელზე.

როგორც მალე გაირკვა, კონვერტის დაწებება გერმანელს აზრადაც არ მოსვლია. ავტობანზე აღმოჩნდა თუ არა, ჩვენი გმირი მთელი ძალ-ღონით დააწვა გაზის პედალს და სწრაფი რბოლის მთელი „ადრენალინი“ უმალ გამოსცადა. გახსნილი კონვერტიდან აფრიალებული კუპიურები მეზობელ ავტომანქანებს დაეფინა.

სასწრაფოდ გახდა საჭირო საგზაო პოლიციის გამოძახება, რომელმაც მოძრაობა გადაკეტა მაგისტრალზე ორივე მიმართულებით და გაბნეული ფულის შეგროვებას შეუდგა.

სამწუხაროდ, ახალგაზრდამ მთელი თანხის მოგროვება ვერ შეძლო, მხოლოდ 20 000 ევრო დაიბრუნა. კუპიურების დიდი ნაწილი ქარს ტრასის განაპირას მიეგროვებინა, ყვებოდნენ გერმანელი წესრიგის დამცველები.