დავით ნარმანიამ თბილისის მერიიდან ვანო მერაბიშვილის სიდედრი „გარიცხა“. როგორც დედაქალაქის მერი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განმარტავს, საკადრო გადაწყვეტილების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ყოფილი პრემიერის სიდედრი სამსახურში არ დადიოდა, ხელფასს კი შეუფერხებლად იღებდა.
ვანო მერაბიშვილის სიდედრი თბილისის მერიაში სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურში იყო გაფორმებული, თუმცა, მერიის ვერც ძველმა და ვერც ახალმა თანამშრომლებმა ვერ უპასუხეს for.ge-კითხვას, კონკრეტულად, რა მოვალეობები ჰქონდა აღნიშნულ ქალბატონს. მათი მეშვეობით ვერც იმის დადგენა მოხერხდა, თუ როდის „ჩაირიცხა“ მერაბიშვილის სიდედრი მერიის „დაუსწრებელ“ განყოფილებაზე და რა თანხით იყო განსაზღვრული მისი ჯამაგირი.
დედაქალაქის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი და მოქმედი საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ მერაბიშვილის სიდედრი რომ მისი თანამშრომელი იყო, ახლახან, პრესის მეშვეობით შეიტყო.
„მერიაში ძალიან ბევრი თანამშრომელია და არ ვიცი, ვინ დადის და ვინ - არა. ეს, ალბათ, აღრიცხულიც არის. მაგრამ, თუ ჯანმრთელობის ან ოჯახური მდგომარეობის გამო არ დადიოდა ადამიანი სამსახურში, ამის გამო არ უნდა გაეთავისუფლებინათ. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ჩემთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი. არც ის ვიცოდი , ჩვენი თანამშრომელი თუ იყო - ცოტა ხნის წინ ჭორ-გაზეთებიდან გავიგე. საშუალებაც აღარ მქონდა, მეკითხა ამბავი. მერიაში ძველი უკვე აღარვინ აღარ მუშაობდა“, - განუცხადა for.ge-ს სევდია უგრეხელიძემ და განმარტა, რომ მიუღებელია, თუ ვინმე გაფორმებულია სამსახურში და არ დადის.
იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით არ დადიოდა სამსახურში მერაბიშვილის სიდედრი, For.ge მის უშუალო ხელმძღვანელს, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა ქაცარავას არაერთხელ დაუკავშირდა, თუმცა, მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ქალაქის მოქმედი მერი კი „იმუქრება“, რომ მომავალშიც გაათვისუფლებს თანამშრომლებს, რომლებიც საბოტაჟს მოინდომებენ და თანამდებობის შესაბამის კვალიფიკაციას ვერ გამოავლენენ.
ოპოზიციონერი დეპუტატი სევდია უგრეხელიძე ნარმანიას საკადრო გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და მერს კანონის გარდა მისი თანაგუნდელების განცახდებებს ახსენებს.
„შეიძლებოდა, მერაბიშვილის სიდედრსაც ემუშავა და ამაში, თავისთავად, არ არის პრობლემა, რადგან კანონი არ კრძალავს. სოციალური სამსახური ძალიან დიდი სამსახურია და არ ვიცი, რომელ ერთეულში იყო. არც ის ვიცი, რა ხნის ქალბატონია, ან რა ოჯახური მდგომარეობა ჰქონდა, რატომ არ დადიოდა სამსახურში. მაგრამ, „ქართულ ოცნებას“ უფლება არ აქვს, ხმა ამოიღოს ნათესავების დასაქმებაზე, იმიტომ, რომ ეს ლეგალური გახადა ივანიშვილმა, როდესაც თქვა, ეს საქართველოა და, რა თქმა უნდა, ნათესავებს დაასაქმებენო, როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, ცოლის ნათესავი არ არისო. თუ ასე მივუდგებით, მერაბიშვილის ცოლის ნათესავი მისი ნათესავი არ არის. ანუ მისი დანიშვნა არც კანონს ეწინააღმდეგება და არც მორალს. ვიმეორებ, სხვა საკითხია, თუ მართლა არ მუშაობდა და არ დადიოდა სამსახურში. ვერ შევაქებ ნამდვილად ვერავის იმის გამო, რომ შეიძლება, ვიღაცამ თანაგრძნობა გამოხატა ამით, რომ რადგამ სიძე დაუჭირეს, გაითვალისწინეს მისი მდგომარეობა და სამსახურში მისვლას არ სთხოვდნენ“, - აცხადებს სევდია უგრეხელიძე.
მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი აღნიშნავს, რომ ნათესავების დასაქმება „ქართული ოცნებისთვის“ უცხო რომ არ არის, ამას, ახლახან, ერთ-ერთ თანამდებობაზე ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ცოლისძმის დანიშვნაც ადასტურებს.
„კალაძის სრულიად ჭყინტი ცოლისძმა, 23 წლის ადამიანი დანიშნეს თანამდებობაზე, თან რიგითად კი არა - იმავე სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილედ. პროფესიონალები მოგვყავს და არაპროფესიონალებს ვუშვებთო, მაგრამ ვინც მანამდე იყო ამ თანამდებობაზე ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო, ბევრი პროექტის ხელმძღვანელი და ზეწოლით გაუშვეს სამსახურიდან. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ის მორალური სახე, რომ ვინმეზე ამ კუთხით ილაპარაკოს“,- აცხადებს სევდია უგრეხელიძე.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე მერაბიშვილის სიდედრის მერიაში გაფორმების ფაქტს ზნეობრივ ჭრილში განიხილავს.
„როცა ქვეყანა შიმშილის პირზეა მისული, ხალხი ნაგავში იქექება, ამ დროს კი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის სიდედრი სამსახურში უბრალოდ გაფორმებულია და არც დადის, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია. პირველ ყოვლისა, ზნეობრივად არის გაუმართლებელი. როცა ხელისუფლებაში ხარ და პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენ, სახე და ზნეობრივი მაგალითი უნდა იყო სხვა ადამიანებისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რიმა ბერაძე.
საკრებულოს უმრავლეობის ლიდერი აღნიშნავს, რომ ჩუღურეთის გამგეობაში ამ დრომდე უგულავას ცოლის მამიდაც მუშაობდა.
„დედაქალაქში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ იგი შვებულებაში გავიდა და რომ დაბრუნდა თავად დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე. მანამდე დადიოდა თუ არა სამსახურში, არ ვიცი“, - აცხადებს ბერაძე.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე „თბილსერვის ჯგუფში“ საეჭვო გარემოებებში დასაქმებული ასობით ადამიანის შესახებაც საუბრობს და საბიუჯეტო თანხების არანიზნობრივ ხარჯვაზე აკეთებს აქცენტს.
„თბილსერვის ჯგუფის“ საკითხს ვიხილავთ და ვაანალიზებთ, ამ სამსახურში მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში 600-მდე ადამიანი იყო გაფორმებული და მხოლოდ გასულ წელს 5 მილიონი ლარია დახარჯული მათთვის. ასევე „თბილსერვის ჯგუფში“ დადგმული იყო „ჯი-პი-ეს-ის“ სისტემა, რომელიც საერთოდ არ მუშაობდა, არადა, მის დამონტაჟებაზე 1 მილიონი ლარი იყო გადახდილი“,- აცხადებს სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი.
სამსახურში არ დადიოდაო, არ უთქვამთ, მაგრამ დედაქალაქის ახალმა ხელმძღვანელობამ ერთგვარი „საყვედური“ მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის და მერის 6 მოადგილის მისამართითაც გამოთქვა. მერიამ უგრეხელიძისთვის გადახდილი ხელფასი, დანამატი და პრემია გაასაჯაროვა. ოფიციალური ინფორმაციით, სევდია უგრეხელიძემ 2013 წელს ანაზღაურების სახით 89 ათასი ლარი აიღო, ხოლო 2014 წლის ივნისში მისი სტანდარტული ხელფასი 2950 ლარით, დანამატი 3 600, ხოლო, პრემია 2 900 ლარით განისაზღვრა.
ჩვენთან საუბრისას ხელფასის, დანამატისა და პრემიის აღებას არ უარყოფს, მაგრამ მერიის მიერ შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას სასაცილოს უწოდებს სევდია უგრეხელიძე. მისი თქმით, ანაზღაურება, რომელსაც იღებდა, დამსახურებული ჰქონდა.
„ეს არის ჟონგლიორობა ციფრებით. სხვა შემთხვევაში ან კანონი უნდა ირღვეოდეს, ან - მორალურად უნდა იყოს გაუმართლებელი. თუ მორალური საკითხი აღელვებთ, შეადარონ თავიანთ ამორალურ პრემიებსა და გაორმაგებულ ხელფასებს. 138 მილიონი ლარით მეტი პრემიები აიღო ამ მთავრობამ, ვიდრე იღებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა. შეადარონ შიხიაშვილის, ჯაბა სამუშიას, გულიკო ზუმბაძის და იქაური „ქართული ოცნების“ პრემიები. ჩემი, ქაღალდზე დარიცხული, დაუქვითავი წლინახევრის თანხის დათვლა საერთოდ არ მაღელვებს. ესენი თამაშობენ სოციალურად დაუცველი ადამიანების ფსიქიკაზე. მათთვის, რა თქმა უნდა, ეს დიდი თანხა ჩანს და არ იციან, სინამდვილეში როგორ „ითვლიან“ ამ თანხებს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - აცხადებს სევდია უგრეხელიძე.
ვიდრე საზოგადოება დეტალურად გაარკვევს, ვინ დამსახურებულად და ვინ დაუმსახურებლად იღებდა მის მიერ გადახდილი გადასახადებისგან შეგროვილ საბიუჯეტო თანხებს, ბევრს ჯერაც არ დავიწყებია ვანო მერაბიშვილის სიდედრის „სოციალური აქტივობები“, რომელიც დავით ნარმანიას „ეძღვნებოდა“. ერთ-ერთი ბოლო „განცხადება“ სოციალურ ქსელში მან დედაქალაქში გამართული არჩევნების მეორე ტურის შდეგების დათვლის დროს გამოაქვეყნა. განცახდება ასეთი ფრაზით სრულდებოდა: „თბილისს ზუსტად ისეთი მერი ეყოლება, როგორის ღირსიცაა!!! პეროგაყრილებო, შეგერგოთ ნორას ბიჭი, მეტის ღირსი არ ხართ!!!“