საიდუმლო ხელშეკრულებით შებორკილი მერია

საიდუმლო ხელშეკრულებით შებორკილი მერია

თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის დადებული საიდუმლო ხელშეკრულების დეტალებს ნათელი მოეფინა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ უგულავამ  დედაქალაქის მერია კაბალურ პირობებში ჩააყენა. შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა ურთულესი იქნება.

ხელშეკრულების დეტალები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარმოადგინა. IDFI-ში აცხადებენ, რომ აქამდე გასაიდუმლოებული რჩებოდა არა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც პარკირების სფეროში კომპანიის ექსკლუზიურ უფლებებს ამყარებდა, არამედ კომპანიის ფუნქციობის სხვადასხვა ტექნიკური საკითხები, მერიასთან ურთიერთობის ფინანსური და მმართველობითი დეტალებიც.

ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც დღემდე უცნობი იყო, ეხება თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის შემოსავლების განაწილებას. თავდაპირველი ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მერიას უნდა მიეღო პარკირების შემოსავლების 60% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი (ისეთი მომსახურება, რაც არ არის აღნიშნული ხელშეკრულებაში), ხოლო „სი-თი პარკს“ - პარკირების შემოსავლის 40% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი.

ამას გარდა, უცნობი იყო დეტალები იმ მინიმალური შემოსავლის შესახებ, რომელიც მერიას უნდა მიეღო „სითი პარკისგან“ ყოველწლიურად. ხელშეკრულების დანართის თანახმად, მერიას პირველ წელს უნდა მიეღო 1 მლნ ლარი, ოპერირების დანარჩენ წლებში კი მისი მინიმალური შემოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მერიის მიერ ყოველწლიურად მისაღები მინიმალური თანხის გადახდამ ორჯერ გადაიწია, რაც საზოგადოებისთვის ასევე უცნობი იყო. პირველი, 2008 წლის 31 დეკემბრის ცვლილებით, თანხის ზრდამ გადაიწია ერთი წლით, რადგან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბვა და აგვისტოს ომი მიჩნეულ იქნა ფორსმაჟორულ სიტუაციად. ამის გამო, კომპანიის საქმიანობის პირველ წლად განისაზღვრა 2009 და არა 2008 წელი.

ხელშეკრულების მეორე, 2009 წლის 23 ივლისის ცვლილების თანახმად, 2009 წლის მინიმალური თანხის უდიდესი ნაწილის (1 მლნ ლარიდან 900.000 ლარის) გადახდამ გადაიწია ათი წლით, 2019 წლისთვის. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მსგავსი გადავადება განხორციელდა „იმის ვარაუდით, რომ ამ დროისთვის „სითი პარკი“ შეძლებდა მომსახურების მიწოდებასა და საფასურის მიღებას“, რათა აენაზღაურებინა 2009 წლის მინიმალური ვალდებულების დარჩენილი ნაწილი.

2009 წლის ცვლილების მიზეზად დასახელდა იმავე წლის აპრილში რუსთაველის გამზირზე დაწყებული ოპოზიციური გამოსვლები, ე.წ. საკნების პროტესტი, რის გამოც კომპანიამ საქმიანობის განხორციელება მხოლოდ 2009 წლის აგვისტოში დაიწყო.

IDFI-ის კვლევის მიხედვით, მერია და „სითი პარკი“ მორიგდნენ არაერთ ცვლილებაზე, რომელიც საგრძნობლად ზრდიდა კერძო კომპანიის გარანტირებულ მოგებას და ამცირებდა თბილისის მერიის შემოსავალს.

2008-10 წლებში, თბილისის მთავრობას „სითი პარკისგან“ 3 310 000 ლარი უნდა მიეღო. ამ თანხიდან ხელშეკრულების მესამე ცვლილების მომენტისთვის „სითი პარკს“ გადახდილი ჰქონდა 1 737 400 ლარი და დარჩენილი ჰქონდა 1 572 600 ლარი, რომლის გადახდის ვადმაც 2020 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია. „სითი პარკი“ აღარ იყო ვალდებული თბილისის მთავრობისთვის გადაერიცხა ნებისმიერი სხვა თანხა, რაც ამ პერიოდში დაგროვდებოდა მის ანგარიშზე.

ხელშეკრულების გაწყვეტის პირობებში კი სწორედ ის დეტალებია, რომელიც დედაქალაქის ახალ ხელმძღვანელობას თითქმის მთლიანად ბოჭავს.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიასთან ხელშეკრულებას გაწყდებოდა (თუნდაც არა მერიის მიზეზით, არამედ მაშინაც კი თუ შპს „სითი პარკი“ თავად შეწყვეტდა ხელშეკურლებას მერიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო“), ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის განმავლობაში, „სითი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაცია დაიანგარიშდებოდა შემდეგი ფორმულით - 500 000 ლარი გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვადის დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. თუკი შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, მერია ვალდებული იყო აენაზღაურებინა შეწყვეტის ხარჯი, რომლებიც შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: გასული 12 თვის განმავლობაში შპს „სითი პარკის“ მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან მისი ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. საინტერესოა, რომ „სითი პარკის“ მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მას ანალოგიური რაოდენობის კომპენსაციის გადახდა არ ეკისრებოდა.

თუ „სითი პარკი“ არ შეასრულებდა მასზე აღებულ ვალდებულებებს, ან არაჯეროვნად შეასრულებდა მათ, მერიას შეეძლო მოეთხოვა კომპენსაცია. ამ კომპენსაციის დაანგარიშების წესი, „სითი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაციისგან განსხვავებით, ხელშეკრულებაში დეტალურად გაწერილი არ ყოფილა.

თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება მთლიანად კომპანიის კომერციულ ინტერესებზეა მორგებული. „იგი არ ითვალისწინებს არც რიგითი თბილისელებისა და არც მერიის ინტერესებს, დაწყებული თანხების ამოღებით, განაწილებით, დამთავრებული იმით თუ როგორ შეიძლება ხელშეკრულების მოშლა. ყველა ასპექტი გათვლილია იმაზე, რომ „სითი პარკმა“ დაუმსახურებლად მიიღოს უზარმაზარი მოგება და თბილისის ხელმძღვანელობას არ ჰქონდეს საშუალება, შეაჩეროს ან შეზღუდოს ხელშეკრულება“, - აცხადებს მარგიშვილი.