მთავრობა კრიმინოგენური მდგომარეობის ამსახველი ელექტრონული რუკის შექმნას გეგმავს, სადაც რაიონების, მუხლების, დანაშაულების კატეგორიის მიხედვით შესაძლებელი იქნება, შემოწმდეს, სად რა დანაშაული მოხდა და როგორ დაკვალიფიცირდა კონკრეტული დანაშაული. როგორც მთავრობაში განმარტავენ, ეს ყველაფერი გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ემსახურება.
პარალელურად, ექსპერტები მოუწოდებენ ხელისუფებას, შეისწავლონ ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ხალხის ბიოგრაფიები, განსაკუთრებით - იმ პირთა წარსული, რომლებიც წლების მანძილზე პოლიტიკური კომისრების როლს ასრულებდნენ. ამ რეკომენდაციის ავტორის, გიორგი თავდგირიძის აზრით, ნაციონალურ კომისრებთან ბრძოლა ძალზე საშური საქმეა, რადგან მათ სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებისთვის, რისი ნიშნებიც უკვე არის. ამ ადამიანებისთვის ხომ ბოლო წლებში არა კანონი, არამედ პოლიტიკური დაკვეთა იყო მთავარი და ასეთ დაკვეთას ნაციონალებისგან დღესაც შეასრულებენ. ამ გაფრთხილების მიუხედავად, გიორგი თავდგირიძე არ ფიქრობს, რომ ახლა უფრო მეტი დანაშაული ხდება, ვიდრე ნაციონალების დროს. უბრალოდ, ნაციონალები ასეთ ფაქტებს საგულდაგულოდ მალავდნენ.
ბოლოდროინდელ კრიმინალურ ქმედებებს ფსიქოლოგებიც აფასებენ. ისინი იზიარებენ მოსაზრებას, რომ კრიმინალის შემთხვევები საქართველოში არ მომატებულა, უბრალოდ, ცალკეული მედიასაშუალებებისთვის ძალადობრივი ფაქტების გაშუქება პრიორიტეტული გახდა.
ის, რომ სისასტიკის ჩადენა ყველა ადამიანს შეუძლია და ამისთვის არ არის აუცილებელი, ადამიანი ფსიქოპატი იყოს, ამაზე ფსიქოლოგები თანხმდებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გარემო პირობებში მოხვდება ადამიანი და როგორ ფსიქიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება იმ კონკრეტულ მომენტში.
მას შემდეგ, რაც ფულის გამოძალვის მიზნით სოფელ ფერეთაში თავდამსხმელებმა მცირეწლოვან მძინარე ბავშვს გახურებული უთოთი დაუწვეს კიდურები, კვლავაც აქტუალური გახდა შეკითხვა, რა იწვევს ადამიანებში სისასტიკისადმი მიდრეკილებას და როგორ უნდა ებრძოლონ სამართალდამცავები ასეთ გამოვლინებებს?
ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სისასტიკე თანამედროვე კაცობრიული მოვლენაა, როდესაც საზოგადოებაში ტრადიციისა და რელიგიის მნიშვნელობა იკარგება და იზრდება მატერიალური, ანუ ამ შემთხვევაში, ფულის მნიშვნელობა. ასეთ დროს ადამიანი, როგორც ღირებულება, თავადაც იკარგება და ადამიანის მნიშვნელობის გაუფასურებას შედეგად მოაქვს თვითაგრესია.
მართალია, თვითაგრესია საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართული აგრესია გვგონია, მაგრამ თვითაგრესიაა ისიც, როცა ადამიანი მეორე ადამიანის მიმართ აგრესიას ავლენს. სწორედ ამ კაცობრიულ პრობლემაში იმყოფება დღევანდელი ქართველობა.
რაც შეეხება კრიმინოგენური სიტუაციის გაზრდას, როგორც ზოგიერთები აპელირებენ, ნანა ჩაჩუა მიიჩნევს, რომ დანაშაულის რაოდენობა არ გაზრდილა და ამას არა მხოლოდ სტატისტიკა გვიჩვენებს, არამედ ჩვენი ყოველდღიურობაც. უბრალოდ, დღესდღეობით მედიას საშუალება აქვს, შეუზღუდავად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გამოთქვას სათქმელი. თუმცა, სამწუხაროდ, კონკურენციის გამო თანამედროვე მედია ორიენტირებულია სკანდალზე. ასეთი რამ თავდაპირველად, როცა პირველად გაჩნდა ბეჭდური მედია, არ ყოფილა. სკანდალი ხომ ვულგარიზებულ საზოგადოებას ახასიათებს.
რეკომენდაციებთან დაკავშირებით ნანა ჩაჩუა აცხადებს, რომ დაშინების დოქტრინა საზოგადოებას სწორი მიმართულებით არ წაიყვანს. უბრალოდ, საზოგადოების ჰუმანურობისათვის აუცილებელია, მის ცხოვრების წესში სამართლიანობა იყოს პრიორიტეტული. სამართლიანობის პრიორიტეტი და კანონის უზენაესობა როცა არსებობს, მაშინ ადამიანები გაღიზიანებულები არ არიან. სამართლიანობის შეგრძნების შესუსტებას კი იწვევს შერჩევითი სამართალი.
„გარდა ამისა, აგრესიული ფილმებიც გავლენას ახდენს ადამიანზე. პირადად მე ჩემს აგარაკზე ვისვენებ იმით, რომ ტელევიზორი საერთოდ გამორთული მაქვს და ჩემთან მყოფ ადამიანებსაც ვთხოვ, არ ჩართონ ტელევიზორი. თბილისშიც ჩემი ტელევიზორი ფაქტობრივად გაუქმებულია. ამის მიზეზია ის, რომ არ მინდა შესვლა სიცრუის ველში. დავუშვათ, მე ვაანალიზებ, სად არის სიცრუე და სად - ჭეშმარიტება, კრიტიკული ცნობიერება მაქვს და ვიცი, რომ ეს სიცრუეა, მაგრამ რატომ უნდა შევიდე ამ ველში? არ მირჩევნია, ვუყურო, ქლიავი როგორ მწიფს ან თბილისში ჩემს ფანჯარასთან ჭადრის ხეს ფოთლები გამოუვიდა თუ არა?! ჩვენ ბუნების აღქმა დავკარგეთ და საზოგადოება იმყოფება აბსოლუტურ სიცრუეში, ტყუილში. წლების განმავლობაში ასე ვცხოვრობდით. ერთია სინამდვილე, რასაც ვხედავთ და მეორეა, მისი ინტერპრეტირება. ინტერპრეტირება აბსოლუტურად შეუსაბამოა სინამდვილესთან. ამდენად, ადამიანი როდესაც ამ შეუსაბამობას ვერ არქმევს სახელს, ის რჩება გაღიზიანებული და აგრესიული“, - აცხადებს ნანა ჩაჩუა.
ფსიქოლოგი ვახტანგ ნადარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ძალადობას უამრავი ასპექტი აქვს. ერთ-ერთია, აიძულო სხვა ადამიანი, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც მას არ სურს და ამისთვის გამოიყენო ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდები. აქ საუბარია გარეგნულად ნორმის ფარგლებში მყოფი ადამიანების ქცევაზე და არა - ფსიქოლოგიურ ან სხვა აშლილობებზე.
თუ რამ გამოიწვია ძალადობის ფაქტები, ვახტანგ ნადარეიშვილი ფიქრობს, რომ, როგორც ჩანს, ადამიანები ხედავენ, რომ ძალადობა ყველაზე მარტივი, მოკლე გზაა თავინთი მიზნების მისაღწევად. საზოგადოებამ ვერ უზრუნველყო ის მექანიზმები, რომელიც ამ მოძალადეებს ალაგმავდა და კანონდამჯერ და ნორმისმორჩილ ადამიანებს არ ჩააყენებდა წამგებიან მდგომარეობაში. ამიტომ ფსიქოლოგის თქმით, ეს ასპექტი აუცილებლად გამოსასწორებელია.
„ვანის შემთხვევა უნდა გაირკვეს, რა მოხდა, ვინ აწამა ბავშვი და რა ვითარებაში. შემდეგ, უკვე, ეს კონკრეტული ადამიანი უნდა შეისწავლონ. ასე ზეპირად მიზეზების თქმა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვი თავის გარშემო ხედავს აგრესიას, მათ შორის, მულტიპლიკაციურ ფილმებშიც, ეს მის ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე მოქმედებს. არა მხოლოდ ბავშვზე, არამედ უფროსებზეც ეს ყველაფერი მოქმედებს. ამიტომ ეს ველიც გამოსასწორებელი და შესაცვლელია, რომ სისასტიკე ზემოქმედებით არ იყოს გამოწვეული“, - აცხადებს ვახტანგ ნადარეიშვილი.
რაც შეეხება სასჯელის გამკაცრებას, ფსიქოლოგი თვლის, რომ სასჯელი მოქმედებს გარკვეული კანონზომიერების დაცვის შემთხვევაში. კერძოდ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად დაისჯება დამნაშავე. მეტიც, ის დაისჯება იმის შესაბამისად, რაც ჩაიდინა, ანუ მძიმე დანაშაულისთვის არ ექნება იმედი, რომ მსუბუქი სასჯელით გადარჩება და კიდევ ერთი კომპონენტი - რომ დასჯა დროულად მოხდება. ამიტომ ტელევიზიებმა მარტო ის კი არ უნდა აჩვენონ, რომ დამნაშავე დაიჭირეს, არამედ ისიც, როგორი ადეკვატური სასჯელი მიესაჯა მას დანაშაულის გამო.