„ლუის ნავარო შინაგანად მოტივირებული იყო, გაემართლებინა ამერიკის არჩევანი“

„ლუის ნავარო შინაგანად მოტივირებული იყო, გაემართლებინა ამერიკის არჩევანი“

NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლუის ნავარო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს. წერილში იგი ცდილობს, გააქარწყლოს მისი მისამართით საქართველოში არსებული კითხვები და აღნიშნავს: „იმ ჭორებიდან, რომლებიც ჩემზე გავრცელდა, ერთადერთი, რომელიც ახლოსაა სიმართლესთან, არის ის, რომ მე საქართველოში ვისურვე გარდაცვალება. რაც სინამდვილეში ვუთხარი მღვდელს, რომელმაც მომნათლა, იყო ის, რომ მინდა, საქართველოში დავიმკვიდრო სასუფეველი. ეს კვლავაც ასეა“.

ამასთან, ნავარო შეშფოთებას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრისა და პროკურატურის განცხადებების გამო.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 4 აპრილს ლუის ნავარო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. იმ პერიოდში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო, პროკურატურას მის მიმართ კითხვები გასჩენოდა, რადგან მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მისი ფინანსური მაქინაციების ამსახველი დოკუმენტაციაც გამოამზეურა, ამ ამბავში, სავარაუდოდ, „ლუის ნავაროს სახელიც ამოტივტივდა, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილისთვის ხელსაყრელ რეიტინგებს არცთუ უმწიკვლოდ აქვეყნებდა“.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ლუის ნავარო პრემიერის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილი NDI-ს მუშაობას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლევან თარხნიშვილს უკავშირებდა. კონკრეტულად, ღარიბაშვილი ამბობდა, რომ NDI იყენებდა ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ე.წ. საველე სამუშაოებს ახორციელებდნენ და, სამწუხაროდ, ეს ორგანიზაციები ყოველთვის იყვნენ ასოცირებულნი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. კერძოდ, საუბარია თარხნიშვილზე, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, ბრალდებულია საქართველოს მოსახლეობის არჩევნების გაყალბებაში, ასევე, მის მეუღლეზე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინათინ ბოკუჩავაზე, რომლებიც წლების განმავლობაში ჩართულნი იყვნენ ამ ორგანიზაციის მენეჯმენტში და კოორდინაციას უწევდნენ NDI-ს კვლევებს.

დღეს კი ლუის ნავარო აცხადებს, „თუ მე გამოძიების ქვეშ ვიმყოფები, გავრცელებული ჭორების მიხედვით, თითქოს ჩემი წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამო, ან ზოგიერთი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიკერძოებულობაში არიან დადანაშაულებული იმის გამო, რომ ოპოზიციის ზოგიერთ ბრალდებაზე სერიოზული შეშფოთებები გამოთქვეს, მაშინ პრემიერ-მინისტრი უგულებელყოფს დემოკრატიული რეფორმების იმ ძირეულ პრინციპებს, რომელსაც, მისი თქმით, ის მისდევს“.

ამასთან, ნავარო არ მალავს, რომ იმედი ჰქონდა, მისი გამგზავრება „ქართულ ოცნებასა“ და NDI-ს შორის ახალი საჯარო დიალოგის დაწყებას შეუწყობდა ხელს.

კონკრეტულ თეზისებს რაც შეეხება, ლუის ნავარო ღია წერილით შემდეგი ბრალდებების გაბათილებას შეეცადა. იგი ირწმუნება, რომ ორგანიზაცია CRRC-ს არავითარი კავშირი არ ჰქონია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ლევან თარხნიშვილთან 2007 წლის შემდეგ, რაც ერთი წლით იმაზე ადრეა, ვიდრე NDI კვლევების ჩატარებას დაიწყებდა.

ლუის ნავარო მთავრობის წევრების იმ განცხადებებსაც პასუხობს, რომლებიც ამბობდნენ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული NDI-ს კვლევებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერობდა“, როდესაც საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ნავაროს თქმით, კვლევა ჩატარდა არჩევნებამდე (აგვისტოში) და არჩევნების შედეგებზე ისეთმა არაპროგნოზირებადმა მოვლენამ მოახდინა გავლენა, როგორიც „ციხის სკანდალი“ იყო.

ლუის ნავაროს აღნიშნული ღია წერილის შემდეგ სატელეფონო საუბარი შედგა ირაკლი ღარიბაშვილსა და NDI-ის პრეზიდენტ კენეტ ვოლაკს შორის. NDI-ის პრეზიდენტმა ღარიბაშვილთან საუბარში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა და პრემიერი ვაშინგტონში, NDI-ის სათავო ოფისში მიიწვია. როგორც კენეტ ვოლაკმა აღნიშნა, NDI-ის საქართველოს ოფისის ახალი დირექტორი თბილისში ორი თვის ვადაში ჩამოვა.

გახდება თუ არა NDI-ის კვლევები საქართველოში სანდო?

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხშირად პიროვნული კონტაქტები ჩვენთან ბევრ რამეს წყვეტს და ამის გამო ჩვენში ზღვარი იშლება, ანუ მკვლევარი ახლობლობს ხელისუფლებასთან, რაც, ცხადია, გავლენას ახდენს მკვლევარის მიერ ჩატარებულ სამუშაოზე. არჩილ გამზარდიას თქმით, ლუის ნავარო იმ დროს გააქტიურდა, როცა ნაცმოძრაობა იყო ხელისუფლებაში და მათთან ურთიერთობაში ბევრად ახლოს იყო, ვიდრე ის, რომ ნეიტრალიტეტი დაეცვა. მართალია, ლევან თარხნიშვილთან ან სხვებთან ურთიერთობის გამო ძნელია, მას ხელი დავადოთ, მაგრამ გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ საერთოდ, საქართველოში ასეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელები ხშირ-ხშირად უნდა იცვლებოდნენ, რომ მათ არ მოასწრონ ხელისუფლებასთან ურთიერთობა. ამიტომ ამ ორგანიზაციების „ჰედოფისებმა“ პერმანენტული როტაცია უნდა მოახდინონ.

„არავინ არ ვართ აღფრთოვანებულნი ნავაროს მუშაობით. შესაძლოა, ამ წუთში არავის გვაქვს ხელზე დადებული მტკიცებულება, მაგრამ მეც ხშირად გამიკრიტიკებია NDI-ის მონაცემები და მათთვის საეჭვო მიწოდებია. თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რა ლოგიკით შეიძლება ნავაროს წინააღმდეგ საქართველოში სამართალწარმოებითი პროცესები დაწყებულიყო? იმის დამტკიცება, რომ სოციოლოგიური მონაცემი რეალობის იდენტური არ არის, რთული და ამორფულია. სოციოლოგიური მაჩვენებლების წარმოდგენა რელატიური და პირობითია, ამიტომ ამის ირგვლივ დავა კიდევ უფრო ძნელია. ნაციონალებთან კონტაქტი კი კრიმინალის საფუძველი არ არის. თუ NDI-ის დირექტორს შეცვლიან, შეიძლება, ის ნაციონალებზე აღარ იყოს დამოკიდებული, მაგრამ საფრთხის განცდა მექმნება, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებაზე არ გახდეს დამოკიდებული. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციის ლიდერებს არ უნდა ხვდებოდეს, ღია შეხვედრის გარდა. თუ NDI-ის პოლიტიკა ხელისუფლებებზე იქნება აგებული, სწორი არ იქნება. გამოდის, ისინი გაზომავენ, ვის მეტი მხარდამჭერი ჰყავს და, ვისაც მეტი მომხრე ეყოლება, მათზე იმუშავებენ? ამით ხალხის მხრიდან ნეგატიური შეფასებისგან თავს დაიზღვევენ? ეს ხომ არასწორი იქნება? თუკი NDI მომავალში აირჩევს სტრატეგიას, რომ ისეთი მონაცემები დადოს, რაც ნაკლებად საშარო გახდება და ყველა პირისთვის სასურველი იქნება, ესეც არასწორია.

სხვათა შორის, როგორც კი ნავარომ ერთი-ორჯერ „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი მონაცემები დადო, მაშინვე მისი კრიტიკიდან გადავიდნენ პოზიტიურ შეფასებაზე და დიდი ამბით დაიწყეს მათი დამოწმება. ესეც არასწორია“, - აცხადებს არჩილ გამზარდია და სიტუაციიდან ერთადერთ თეორიულ გამოსავალს იმაში ხედავს, რომ სოციოლოგიური კვლევის ქართულ ბაზარზე ერთის ნაცვლად, უფრო მეტი ორგანიზაციები შემოვიდნენ. მათი ურთიერთკონკურენცია კი რეალისტური მონაცემების პირობებს შექმნის.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ნავარომ სულაც ხატსა და ბიბლიაზე რომ დაიფიცოს, მაინც ვერავის დაარწმუნებს, რომ ობიექტური იყო. პოლიტოლოგის თქმით, „ვარდების რევოლუცია“ ვისი პროექტი იყო? ცხადია, ამერიკელების. ნავარო ფულს სად შოულობდა? ცხადია, მას ამერიკის ბიუჯეტი აფინანსებდა და თოხით და ბარით არ მუშაობდა. ამიტომ, ნებით თუ უნებლიეთ, ლუის ნავარო შინაგანად მოტივირებული იყო, გაემართლებინა ამერიკის არჩევანი და ის ხარჯები, რასაც ამერიკისგან იღებდა.

„პირადად მე საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ობიექტურად არ მიმაჩნია. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მხრივ აბსოლუტური უკმაყოფილებაა. თავისი სოციალური მდგომარეობით დღეს კმაყოფილია 5-10-20 %, ანუ ჩინოვნიკთა ფენა - პარლამენტარები და მთავრობის წევრები. მორჩა, არც საშუალო ბიზნესი არ არსებობს, არც სოფლის მეურნეობა, არც ფერმერები. ამდენი უმუშევარი როცა გყავს და უმუშევართა რაოდენობა შრომისუნარიან მოსახლეობაში 50-60 %-ს აღწევს, რასაკვირველია, აქ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არ შეიძლება იყოს მთავრობის სასარგებლო და აღტაცებული. ეს ორგანულად გამორიცხულია. საფრანგეთში 20%-მდე დაეცა პრეზიდენტ ოლანდის ავტორიტეტი, რაც კატასტროფაა, მაგრამ საფრანგეთი დემოკრატიული ქვეყანაა. ვერცერთი ფრანგი ვერ იტყვის, რომ მისი პირადი უფლებები შეზღუდულია, აზრის გამოთქმის საშუალება არ აქვს. იქ სხვა მოტივებია, კერძოდ, სოციალური მდგომარეობა. ამიტომ ვინც არ უნდა შეცვალოს ნავარო, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, გადამწყვეტ როლს მაინც შეასრულებს სოციალური ფონი. დასავლეთში მიღებულია გამოთქმა, ნუ აგინებთ პიანისტს, ის უკრავს ისე, როგორც იცის, ან კიდევ, ნუ მოკლავთ ცუდი ამბის მომტანს. აფრიკის ქვეყნებში ზოგიერთ ტომში ბოლო 20 წლის წინ გაუქმდა, რომ ცუდი ამბის მიმტანს თუთიყუშის მოწამლულ კვერცხს აძლევდნენ და კლავდნენ. ის რომ დღეს მოსახლეობის ამხელა მასა უმუშევარია, ნავარომ მოიტანა ეს უმუშევრობა?“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ამასთან, განმარტავს, რომ სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტი ეფექტურად მოქმედებს სხვა საზოგადებაში და არა ჩვენს საზოგადოებაში, სადაც ევროპა-ევროპის ძახილში ყველას ხმა ჩაუწყდა, მაგრამ ჩვენში ისტორიულად ძალიან ბევრია აღმოსავლური, იგივე სპარსული, ოსმალური, დაწყებული პირფერობით, დამთავრებული სიცრუით, მაამებლობით. ასევე, მენტალობაში სისხლძარღვში გვაქვს გამჯდარი სიმართლის თქმის შიში, მით უმეტეს, თუ ეს სიმართლე ვინმეს წინააღმდეგაა მიმართული. ეს ყველაფერი შეუძლია თავისუფალ ადამიანს, რომელსაც აზრად არ მოუვა, რომ მის ნათქვამს, აზრს, შეიძლება რაიმე უკუშედეგი მოჰყვეს.

სოსო ცინცაძე იმასაც იხსენებს, რომ 30-იან წლებში, როცა ახალგაზრდა ჯონ გელაპმა 34 წლის არჩევნებში პირველმა იწინასწარმეტყველა რუზველტის გამარჯვება (რასაც არავინ ელოდა), მისი მეთოდოლოგია იმაზე იყო დამყარებული, რომ გამოსაკითხად შეერჩია ადამიანები, რომლებიც გამოხატავდნენ 100-1000 კაცის განწყობას. საქართველოში ნებისმიერი ადამიანი მხოლოდ საკუთარ აზრს ამბობს და არ გამოხატავს საერთო აზრს.

„რასაკვირველია, ლევან თარხნიშვილსა და სხვებთან საეჭვო კონტაქტები იყო, მაგრამ, მე ამას ვუყურებდი ფილოსოფიურად, არც ველოდი არასოდეს ნავაროსგან ობიექტურ მონაცემებს, რადგან ეს ჩვენს საზოგადოებაში არაფერს არ ცვლის. ამერიკაში ნებისმიერი მინისტრი გადადგება, თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით მისი პოპულარობა დაეცემა. ჩვენთან რომელი მინისტრი გადადგება ამის გამო? განა საზოგადოებრივი აზრის გამო გათავისუფლდნენ ჩვენი მინისტრები? ამიტომ ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვა საქართველოში ფარსია“.