მაღალმთიან რეგიონებში კერძო მფლობელობაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ინვენტარიზაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შესაბამისად, მათი სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესი ფერხდება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია, თუმცა უშალოდ პროცესი არ დაწყებულა. წესით და რიგით, ყველაფერი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, მაგრამ რამდენად ჩაეტევა დარჩენილ დროში სამინისტრო, არავინ იცის.
ამასობაში, მაღალმთიანეთში მოსახლეობა ჯანდაცვის სერვისებს მოკლებულია. ზოგიერთ რაიონში საავადმყოფო საერთოდაც არ ფუნქციობს და პაციენტები მეზობელ ქალაქში მიემართებიან სამკურნალოდ, სადაც, თავის მხრივ, პრობლემებია. ჰოსპიტალურმა რეფორმამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ გაურთულა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებთან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან ერთად მიმდინარეობს იმ ქონების ექსპერტიზისა და ინვენტარიზაციის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც გადაცემის პროცესი დაიწყება. მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს ინვენტარიზაციის დასრულების სავარაუდო თარიღს.
არადა, ორიოდე თვის წინ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამტკიცებდა, რომ მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური საკითხები. მან ყურადღება გაამახვილა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაუმართავ მუშაობაზე. მისი თქმით, სასწრაფოს მანქანები გამოძახების ადგილზე ხშირად საერთოდ არ მიდიან ან მიდიან, მაგრამ დიდი ხნის დაგვიანებით. ამიტომაც, ახალი სამსახურის შექმნის შემდეგ, გამოძახებაზე გასვლა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით მოხდება.
ჰოსპიტალური პრობლემები მარტოოდენ მაღალმთიან რეგიონებში არ არის. დედაქალაქის ზოგიერთი საავადმყოფოს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მაგალითად, დიდი დაპირისპირება იყო იაშვილის სახელობის კლინიკის მედპერსონალსა და მფლობელებს შორის. ექიმები საავადმყოფოს სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვდნენ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მომავალი თითქოს უფრო გარკვეულია. სავარაუდოდ, ახლო მომავალში იგი სახელმწიფოს დაუბრუნდება. ამგვარი განცხადება კლინიკის ხელმძღვანელმა ავთანდილ იმედაძემ გააკეთა.
საავადმყოფოს ადმინისტრაცია სამკურნალო დაწესებულების სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვასა და იმ იურიდიული გაუგებრობის აღმოფხვრას ითხოვს, რომელიც საავადმყოფოს საკუთრებისა და მმართველობის ფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე წელია არსებობს.
როგორც კლინიკის დირექტორი ავთანდილ იმედაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ჯანდაცვის მინისტრი ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან ერთად და შესაბამისი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, წელსვე გახდება ცნობილი.
„საკითხი იმის გამო გაჭიანურდა, რომ კანადელ ინვესტორებთან ხელშეკრულება ძალიან ცუდადაა დადებული. ეს არის როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე ჩვენი კოლექტივისთვის და საერთოდ, მთელი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ხელშეკრულება, რომელიც წინა ხელისუფლების „დამსახურებაა“. სწორედ ამიტომ, ასე ადვილად ვერ მოხერხდა მისი გადახედვა ან გაუქმება, თუმცა დღემდე მიდის ამ საკითხზე მოლაპარაკება ჯანდაცვის მინისტრთან“, – აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს მმართველი.