აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი უკვე საქართველოშია. პენტაგონის ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი დახვდა და საქართველოში წარმატებული ვიზიტი უსურვა. აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, მისი ქართველი კოლეგა არჩილ გეგეშიძე და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი. 

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ხვალ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში მიიღებს.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.

პენტაგონის უმაღლესი წარმომადგენელი  გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს  შეხვდება და  სიტყვით მიმართავს.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება.