მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის  13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ISAF-ის მისიის ფარგლებში, ქაბულში, ბაზა „ფენიქსზე“ ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში 5 თვის განმავლობაში მსახურობდნენ. 

გაძლიერებული ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დახვდა. მან ქართველ სამხედროებს საქართველოში დაბრუნება მიულოცა და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელმაც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ქაბულში ბაზა „ფენიქსზე“ საბრძოლო დავალებები საქართველოს დროშის ქვეშ შეასრულა.

13-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით აპრილში გაემგზავრნენ. I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა ავღანეთში საბრძოლო ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი და მისიის დასრულების შემდეგ საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.