თბილისის ისტორიის მუზეუმში გოგი მესხიშვილის ექსპოზიცია სახელწოდებით “ვაჟა-ფშაველა“ გაიხსნა. მხატვრის ეს ინსტალაცია ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავს მიეძღვნა და 2011 წლის 16-26 ივნისს წარმოდგენილი იქნება “სპექტაკლის დიზაინისა და სივრცის მე-12 კვადრიენალეზე“ პრაღაში.
მხატვრის იდეა ეფუძნება მის მიერ გაფორმებულ სპექტაკლებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძლის” მიხედვით არის დადგმული - ვაშინგტონის სინეტიკ თეატრში (2003, ამერიკელმა კრიტიკოსებმა 2009 წელს წარმოდგენა დეკადის 10 საუკეთესო სპექტაკლის რიცხვში შეტანეს) და თბილისის რუსთაველის თეატრში. ასევე, მხატვარს სხვადასხვა დროს სხვადასხვა თეატრში გაფორმებული აქვს ქართული პოეზიისადმი მიძღვნილი საღამოები.
ინსტალაციაში მხატვრული სახეებით და სცენოგრაფიული საშუალებებით ასახულია ვაჟა-ფშაველას პოეზიის ღრმა ლირიზმი, ფილოსოფიური მასშტაბი და მშვენიერება, რომელსაც ზოგ შემთხვევაში უბედურების და საშინელების განცდა ერწყმის. ვაჟა-ფშაველას პოეზიის მასშტაბის და სიღრმის შესაბამისად, ეს არის ინსტალაცია ზოგადად პოეზიის განცდაზე, შემოქმედების საიდუმლოებაზე. მითოლოგიური ფიგურა როგორც სიურეალისტური ალეგორია გამოხატავს ადამიანის და ბუნების ერთობის იდეას, რომელიც ცენტრალურია ვაჟას პოეზიაში.