ნიუპორტში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უკრაინელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკს ვალერი გელეთეის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო. ქართულმა მხარემ დაგმო ყირიმის ანექსია და რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში.
თავდაცვის მინისტრმა დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის და ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობას ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის უზრუნველყოფისათვის. ირაკლი ალასანიამ უკრაინულ მხარეს ჰუმანიტარული დახმარება აღუთქვა. მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს.