დღეიდან საქართველო „ოქროს ბარათის“ მფლობელი ქვეყანა გახდა. ნატოს ასპირანტ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, რომელიც გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატში მიიწვიეს. აღნიშნულ ინიციატივაში ჩართვით საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორად არის აღიარებული.
გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა ნატოს სტრატეგიულ დისკუსიებში ისევე მიიღოს მონაწილეობა, როგორც ნატოს წევრი ქვეყნები არიან ჩართული. საქართველო ნატოს ოპერაციებისა და წვრთნების დაგეგმვის პროცესშიც ჩაერთვება.
დღეს, ნიუპორტში ნატოს სამიტის ფარგლებში, ალიანსთან გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა. 28+5-ის ფორმატის შეხვედრა ნატოსა და გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩატარდა. სხდომას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ხელმძღვანელობდა.
საქართველოსთან ერთად, „ოქროს ბარათის“ მფლობელები გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის წევრი ქვეყნები - შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია და იორდანიაა.