ახალი სინდრომი: თავსხმა წვიმის შიში

ახალი სინდრომი: თავსხმა წვიმის შიში

ამინდის ერთბაშად გაუარესება საზოგადოებაში და სპეციალისტებში უკვე შიშს იწვევს. ბოლო დროს სტიქიური მოვლენები იმდენად გახშირდა და იმხელა ზარალი ახლავს თან, რომ გაფიქრებაც კი დამზაფვრელია. თუკი ადრე კოკისპირული წვიმა მაინცდამაინც არავის ადარდებდა, ახლა ცას ყველა შეშფოთებული შესცქერის.

სულ რაღაც ორ დღეში - 5-6 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე ადასტურებს, რომ მომდევნო 2 დღეში (ძირითადად ღამით) აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, განსაკუთრებით, ჩრდილოეთის მაღალმთიანეთში, კერძოდ, გუდაურში, სტეფანწმინდასა და დევდორაკის ხეობაში. ეს ის ადგილია, რომელიც გაზაფხულიდან მოყოლებული დამანგრეველი სტქიის ზონად იქცა.

მეტეოროლოგებისა და გეოლოგებისთვის ყველაზე დამაფიქრებელი დარიალის ხეობაა, რომელსაც წელს უკვე მესამედ დაატყდა თავს სტიქია. მათგან მაისის ღვარცოფმა უზარმაზარი ფინანსური ზარალი და ფატალური შედეგი მოიტანა - დაიღუპნენ ადამიანები, რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩაიკეტა საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი გზა, ლამის მიწასთან გასწორდა „ლარსი ჰესი“.

მიყენებული ზიანის აღმოფხვრა ახლაც მიმდინარეობს, საგზაო სამუშაოები გრძელდება, „ლარსი ჰესი“ მხოლოდ 1 თვის შემდეგ შეძლებს მუშაობის განახლებას. ჰესის ოპერატორ კომპანიებს 1 მილიონი ლარის ზარალი მიადგათ.

რაც ყველაზე მთავარია, ჯერჯერობით არ არსებობს გარანტია, რომ მსგავსი მოვლენები არ განმეორდება. ყოველი კოკისპირული წვიმა, შეიძლება, კატასტროფის გამომწვევი აღმოჩნდეს. განსაკუთრებით საშიშია შემოდგომისა და გაზაფხულის ნალექი. ზამთარში, რამდენადან ხეობაში ძლიერი ყინვებია, რაიმე კატაკლიზმები მოსალოდნელი არ არის.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე დევდორაკზე ძლიერი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, ნაშალის ჩამოტანას არ გამორიცხავს. შესაბამისად, დევდორაკზე ღვარცოფული მოვლენებია მოსალოდნელი.

„დევდორაკზე სეისმური აქტივობის პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაისში, ამ ეტაპზე ჩამქრალია. რაც შეეხება ეგზოგენურ პროცესებს, უამრავი ნაშალი მასაა დაგროვილი და ძლიერმა ნალექმა, შესაძლოა, ამ ნაშალი მასალის ჩამოტანა გამოიწვიოს. დაზღვეული არაფრისგან არ ვართ“, - აღნიშნა გოდოლაძემ. ამიტომაც, საჭიროა, გეოლოგებისა და მეტეოროლოგების ერთობლივი მუშაობა, რათა განისაზღვროს, რა შეიძლება გამოიწვიოს ნალექმა.

როგორ გოდოლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დევდორაკზე მათ სპეციალური აპარატურა აქვთ დამონტაჟებული და იქ სეისმური აქტივობა არ შეინიშნება. ამჟამად მუშაობა მიდის იმისთვის, რომ დევდორაკზე ღვარცოფისა და მეწყრის შემთხვევაში შესაბამისი გასაფრთხილებელი „ერლი უორნინგ სისტემა“ განთავსდეს. ტაილანდში, ამერიკაში ასეთი სისტემები აპრობირებულია და მთავრობა ცდილობს, პრობლემების თავიდან ასაცილებლად საქართველოში იმ სისტემების გადმოტანა მოახდინოს.

უკეთესი მდგომარეობა არც რიკოთის უღელტეხილზეა, რომელიც წელს უკვე ოთხჯერ დაიკეტა მთის მასის ჩამოწოლის გამო. საგზაო სამუშაოები და დამცავი ბარიერების მონტაჟი იქ ახლაც მიმდინარეობს. 2011 წლის ივნისში კი რიკოთს ნადვილი სტიქიური უბედურება დაატყდა თავს, უეცრად მოვარდნილმა წყალმა და მეწყერმა გზაზე 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გზა გაანადგურა, რესტორანი „რიკოთი“ და სავაჭრო ობიექტები მიწასთან გაასწორა.

ამ მოვლენების გათვალისწინებით, სპეციალისტები ამინდის მკვეთრ გაუარესებას შიშით უყურებენ. ბოლო წლებში ბუნებრივ პროცესებში ჩარევამ და მონიტორინგის არარსებობამ თავისი შედეგი უკვე მოიტანა.