ირაღის შეძენა-ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება

ირაღის შეძენა-ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება

ლაშა მახარაძის მკვლეობის საქმე გახსნილია, მკველობაში ეჭვმიტანილი კი, თავისუფალია. თუმცა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, რომლის კუთვნილი ავტომანქანით 2 სექტემბერს, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მიიყვანა პირი, რომელმაც მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. შსს ამ დრომე არ ავრცელებს ეჭვმიტანილის ვინაობას, თუმცა ცნობილია, რომ ის მკვლელობისთვის წარსულში ნასამართლევი, გიორგი ოქროპირიძეა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემოვლითი გზებით, საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. თუმცა, ალექსანდრე ჭიკაიძის უწყება დამატებით კომენტარებს არ აკეთებს.

სწორედ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმე იყო მთავრობის სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა. ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება აბსოლუტურად სტაბილურია. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ კუთხით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს. პრემიერი ამბობს, რომ შს მინისტრი და მთლიანად სამინიტრო მოტივირებულია, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ პოლიციელები და ფასდაუდებელია მათი შრომა.

„ბოლო 2-3 დღეა ვხედავ ისტერიკას, რომელიც ტელევიზიებში მიზანმიმართულად მიმდინარეობს და ხელოვნურად ხდება ამ თემის აწევა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოში კრიმინოგენური ვითარება არის აბსოლუტურად სტაბილური და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ვითარება იყოს კონტროლის ქვეშ.

ის, რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმნა უნდა, არის ყველასთვის ძალიან მძიმე - არავისთვის არ არის სასურველი, მაგრამ ყველა ქვეყანაში, ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ხდება დანაშაული. არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს თავს ვიმართლებთ, ან ვიცავთ, მითუმეტეს, რომ ესაა ჩვენი ოპონენტების მიერ აწეული უსუსური მცდელობა წარმოაჩინონ ისე, თითქოს სახელმწიფო ვერ ან არ ებრძვის კრიმინალს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა შს და იუსტიციის მინისტრებს დავალება მისცა, იარაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრონ. სასწრაფოდ შეიმუშავონ შესაბამისი კანონპროექტი და მაქსიმალურად გაამკაცრონ იარაღის ტარებასთან დაკავშირებული ყველა ის მუხლი, რომელიც ამ წესებს არეგულირებს.

„ასევე მინდა მივმართო მშობლებს, რომლებიც საკუთარ შვილებს სახლიდან უშვებენ დილით, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ შსს-ს ეხება, არამედ ეს გვეხება ყველას და ამას მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. უკვე გავეცნი შსს-ის მიერ მომზადებულ პრევენციულ ღონისძიებათა გეგმას, რომელიც შეიმუშავა ბატონმა ჭიკაიძემ და მისმა უწყებამ.

საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ის მიდგომები, რომელიც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაშია - ერთი მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობთ ადამიანის უფლებები არ დაიღვეს და მეორე მხრივ, ვაწარმოებთ უკომპრომისო ბრძოლას კრიმინალის წინააღმდეგ. ამ ბალანსის დაჭერაა ჩვენი მთავარი ამოცანა. ის საქმიანობა, რასაც აწარმოებს ბატონი ჭიკაიძე, დასაფასებელია - ისინი ცდილობენ 24 საათის განმავლობაში ებრძოლონ კრიმინალს და ამავე დროს არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. ამას სჭირდება დაფასება“, - აღნიშნა ირაკლი ღარაიბაშვილმა.

ირაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენს იუსტიციის სამინისტრო. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავრობა იქნება მკაცრი მათთან ბრძოლაში, ვინც იარაღის უკანონოდ ტარებას და თანატოლზე ხელის აღმართვას გაბედავს. 

„იმ დანაშაულთან ბრძოლა, რომელიც არის მიმართული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, უნდა იყოს მკაცრი. ამ ბრძოლაში არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებები, მაგრამ აუცილებელია და დავალებაც მივიღეთ, რომ შს სამინისტრომ პრევენციული ღონისძიებები გაატაროს, რათა თითოეულმა ახალგაზრდამ იცოდეს - იარაღის უკანონო ტარება, იქნება ეს ცივი იარაღი თუ ცეცხლსასროლი იარაღი, არ არის კანონით დაშვებული. იუსტიციის სამინისტრო მთავრობას მომავალ სხდომაზე წარუდგენს კანონპროექტთა პაკეტს, რომლითაც გამკაცრდება იარაღის, მითუმეტეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჩვენს კანონებში არსებული ნორმები“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

მისივე განცხადებით, დანაშაულის მთლიანად აღმოფხვრის ილუზია ნურავის ექნება, რადგან ის ყველა ქვეყანაში არსებობს. როგორც მინისტრი ამბობს, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებები, კანონის გამკაცრება კი ემსახურება იმას, რომ ვინც უკანონოდ ატარებს იარაღს და შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, გაფრთხილდეს, ანუ ამას ჰქონდეს გადამარწმუნებელი ეფექტი.

იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ ამ ვითარებაში გამოსავალია რეალობის სწორად შეაფასება. მისივე განცხადებით, საზოგადოების შფოთვა სამართლიანია, ვინაიდან იმატა მძიმე დანაშაულთა რიცხვმა. ამ საკითხში ნებისმიერი სტატისტიკის მოშველიება ძალიან უსუსური მცდელობაა.

„ჩემი რჩევაა, რომ სტატისტიკის მიხედვით ნუ გაიმართლებენ თავს. გარდა ამისა, ეს საკითხი არ დატოვონ ერთი უწყების პასუხისმგებლობის ზრუნვის საგნად. კრიმინოლოგია ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რეალურად სამთავრობო სტრატეგიაზე დაიწყონ მუშაობა და ეს წარიმართოს სხვა რეფორმების კვალობაზე. კომპლექსურად უნდა მიუდგეს მთავრობა ამ პრობლემას და სწორად შეაფასოს.

მომხრე ვიქნები თუ კი, პრემიერი შექმნის ფართო კომისიას, რომელშიც იქნებიან მართლმსაჯულების წარმომდგენლები, მოსამართლეები, იურისტები, საზოგადოების წარმომადგენლები და ამ გზით შევიმუშაოთ ხედვა. ხვალ შეიძლება უფრო სავალალო შედეგმადე მივიდეთ. მერე აღარც სტატისტიკა გვიშველის და აღარც არაფერი“, - აცხადებს ალაფიშვილი.

მისივე განცხადებით, ეს გზა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ გრძელვადიან პრესპექტივაში ამგვარი დოკუმენტის ქონა ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს შეწყალებისა და ამნისტიის პოლიტიკა, და არ იყოს სპონტანური გადაწყვეტილებები.

„პრემიერს შევახსენებ, როდესაც ის იყო შს მინისტრი, მკვეთრად უარყოფითად იყო დამოკიდებული ამნისტიის აქტით. იმიტომ, რომ მას როგორც შს მინისტრს, ჰქონდა მონაცემები და გარდა ამისა, იცის კიდევაც შესაძლო შედეგები, რაც შეიძლება ამ ყველაფერს ჰქონდეს. ასე რომ, პრემიერისთვის ეს ყველაფერი უცხო არ არის. და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ მიიღებს ყველაზე კარგ გადაწყვეტილებას და შექმნის ფართო კომისიას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარდია განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდამ იმატოს. მისივე განცხადებით, დღეს არის მდგომარეობა, როცა სტატისტიკას ვერ დავეყრდნობით, რადგან საზოგადოებაში არის დაუცველობის შეგრძნება.

„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით კრიმინალური სიტუაცია გაუმჯობესებული იყოს. ხელისუფლებამ მეტი ძალისხმევა უნდა წარმოადგინოს, რომ საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდამ იმატოს. ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხდება არაადეკვატურია, თუკი სტაბილურობა გვაქვს, მაშინ დამატებითი ძალისხმევა რა საჭიროა. და რა საჭიროა იარაღის ტარებაზე ან სხვა რამეზე კანონის გამკაცრება. ასევე, არაადეკვატურია ხელისუფლების ოპონენტების განცხადებაც, რომლებიც შს მინისტრის გადაყენებას მოითხოვენ“, - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.