შეხვედრა კანადისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრებთან (ვიდეო)

შეხვედრა კანადისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრებთან (ვიდეო)

უელსში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ირაკლი ალასანიამ კანადისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრებთან რობერტ ნიკოლსონთან და კარლ ჰაგლუნდთან შეხვედრები გამართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უცხოელ კოლეგებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და „გაძლიერებული თანამშრომლობის“ პაკეტის მნიშვნელობა იყო, რომელსაც საქართველო უელსის სამიტის შედეგად მიიღებს. მხარეები რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსა და უკრაინის კრიზისსაც შეეხნენ. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგებს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რობერტ ნიკოლსონსა და  კარლ ჰაგლუნდს კანადელი და ფინელი სამხედრო მოსამსახურეების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების გავლაც შესთავაზა.

კანადელ კოლეგასთან შეხვედრისას ირაკლი ალასანიამ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო თანამშორმლობის პერსპექტივები განიხილა.

„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა როგორც პრეზიდენტის, ასევე მინისტრების დონეზე. ჩემს  ფინელ და კანადელ კოლეგებთან დავაყენეთ საკითხი, რომ აღნიშნული ქვეყნები  საქართველო-ნატოს პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ჩაერთონ. მათ  ეს წინადადებები მიიღეს. შეხვედრები გვექნება ასევე, შვედეთის თავდაცვის მინისტრთან. ერთსულოვნება არსებობს იმაში, რომ საქართველო  გამორჩეულია თავისის შესაძლებლობებით, თავისი ურთიერთობებითა და ნატოსთან თანამშრომლობის გამოცდილებით. სწორედ ამიტომ, დღეს   ინაუგურაცია მოხდება, დაიწყება ახალი ფორმატი, რომელიც გათვალისწინებულია გაძლიერებული შესაძლებლობების ქვეყნისთვის. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს არის ერთადერთი ქვეყანა ასპირანტ ქვეყნებს შორის, რომელიც  ამ ახალი ფორმატისა და ინიციატივის ნაწილი გახდა. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რაც მოგვცემს  შესაძლებლობას ჩავერთოთ დაგეგმარების, ადრეული დაგეგმარების, ოპერაციების, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის პროცესებში, სადაც აქამდე მხოლოდ წევრი ქვეყნები იყვნენ ჩართული. ეს არის ნატოს მხრიდან  კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო არის გამორჩეული პარტნიორი და   გაწევრიანების გზაზე დგას“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ.