ნიუპორტში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, ნატოს თავსებადობის ახალი ინიციატივის პირველი სხდომა გაიმართა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა 28+24-ის ურთიერთთავსებადობის პლატფორმის ფორმატის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა პირველი ერთობლივი დისკუსია გამართეს. განხილვის მთავარი თემა არსებული სამხედრო თავსებადობის შენარჩუნება და ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, თავსებადობის გაღრმავება იყო.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მან თავსებადობის ახალი ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო ალიანსთან ყველა არსებული მექანიზმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს. ირაკლი ალასანიამ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველო უელსის სამიტის შედეგად მიიღებს. მისი თქმით, პაკეტში განსაზღვრული მიმართულებები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დაეხმარება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების უფრო მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს.