სამხედრო წვრთნები უკრაინაში - 16 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოცაა

სამხედრო წვრთნები უკრაინაში - 16 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოცაა

ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში გაემგზავრებიან და ორკვირიან სამხედრო წვრთნებში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად CNN-მა გაავრცელა. მოგვიანებით კი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დააკონკრეტა, რომ სამხედრო წვრთნებში ოცეულს აგზავნის.

„13-27 სექტემბერს უკრაინაში, ლვოვის მახლობლად, სამხედრო პოლიგონ „იავაროვაზე“ ყოველწლიური საერთაშორისო სწავლება „რაპიდ ტრაიდენტი“ გაიმართება. სწავლებაში NATO-ს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატში მონაწილე ქვეყნები ჩაერთვებიან. სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ოცეულიც მიიღებს მონაწილეობას“,- განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.
ქართველ სამხედროებთან ერთად სწავლებაში 15 ქვეყნის ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის 200 ამერიკელი სამხედრო, ასევე სამხედროები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან. 
სწავლების სცენარის მიხედვით, მრავალეროვნულ ბრიგადას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით მოუწევს მოქმედება.

სამხედრო წვრთნებში სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცების მონაწილეობაში, თავისთავად, ახალი და უცნაური არაფერია. თუმცა, უკრაინაში შექმნილი სამხედრო კონფრონტაციის პირობებში ლვოვის მახლობლად დაგეგმილი სამხედრო სწავლებები ერთგვარ პოლიტიკურ დატვირთვასაც იძენს. პოლიტიკური თვალსაზრისით, ვინ და როგორ შეიძლება ისარგებლოს სექტემბერში დაგეგმილი ორკვირიანი წვრთნებით და შესაძლოა, თუ არა რამე გართულებები მოჰყვეს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო სწავლებებს?- for.ge სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“ მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა.

ირაკლი ალადაშვილი: ეს არის მრავალეროვნული წვრთნები, მსგავსი სამხედრო სწავლებები ადრეც არაერთხელ ჩატარებულა, მათ შორის ქართველი სამხედროების მონაწილეობით. დღეს განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, უკრაინაში ომია. ეს ფაქტი კი სულ სხვა ელფერს აძლევს ამ სამხედრო სწავლებას. თუმცა, რეალურად, სამხედრო სწავლების ადგილი საკმაოდ შორსაა საბრძოლო მოქმედებების რაიონიდან. რა თქმა უნდა, სამხედრო წვრთნებში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს არანაირი შეხება არ ექნებათ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებთან.

როგორ ფიქრობთ, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რამდენიმე ქვეყნის მონაწილეობით უკრაინაში გამართული სამხედრო სწავლებები, იქნება თუ არა ერთგვარი გამოწვევა რუსეთისთვის?

- რა თქმა უნდა, რუსული მხარე ამას გამოიყენებს საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის, იტყვის, რომ ამერიკელები, ქართველები და სხვა ქვეყნის მოქალაქე სამხედროები ჩადიან და ეხმარებიან უკრაინელებს. მაგრამ, იმის შიშით, რომ მოსკოვს რამე არ ეწყინო, ქართველები სუნთქვაზე უარს ვერ ვიტყვით - ძალიან რთულია ცხოვრება იმის მიხედვით, თუ რა მოესურვება კრემლში მჯდომ პუტინს. მოსკოვი ყველაფერს გამოიყენებს მიზეზად და საბაბად, რომ საკუთარი მიზნები და ამოცანები განახორციელოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი მიზნების განხორციელებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ოღონდ, არა ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა - იყო თუ არა საჭირო, მაინც პოლიტიკური თამაში წარმოებდა. ხშირი იყო შემთხვევა, როცა დაძაბული სიტუაციის გამწვავება განგებ ხდებოდა, რისი შედეგი იყო კიდეც აგვისტოს ომი, როცა რუსეთმა ერთგვარი პროვოკაცია მოაწყო და სამხედრო შემოტევა განახორციელა. მაშინ მოსკოვმა, გარკვეულწილად, გამოიყენა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების, ხშირად არასწორი, პოლიტიკური ქმედებები.

სამხედრო თვალსაზრისით, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველწლიური საერთაშორისო სწავლებარაპიდ ტრაიდენტიდა რამე განსაკუთრებულ საფრთხეებს შეიცავს თუ არა ამ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა?

- დღეს ქართული ოცეულის მონაწილოება ამ სწავლებაში, წესით, რამე პრობლემას არ წარმოადგენს. სხვათა შორის, იყო პერიოდი, როცა უკრაინაში გამართულ მსგავს სამხედრო სწავლებებში თავად რუსეთიც კი მონაწილეობდა - საკუთარ სამხედრო დანაყოფებს გზავნიდა. ეს 90-იან წლებში ხდებოდა.

იმედია, ჩვენი ოცეული წვრთნებში მონაწილეობის შემდეგ უკან ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაბრუნდება.

სამხედრო თვალსაზრისით, ამ სწავლებას რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ეს უკრაინას, პრაქტიკულად, ვერაფრით დაეხმარება. მაგრამ, ამ სამხედრო წვრთნებს, რა თქმა უნდა, აქვს პოლიტიკური დატვირთვა - სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინასთან მეგობრობენ, საკუთარ სამხედრო დანაყოფებს აგზავნიან სწავლებაში მონაწილოებისთვის.

დასაწყისში აღნიშნეთ, რომ თავადაც მონაწილოებდით უკრაინაში გამართულ მსგავს წვრთნებში. ქართული მხარე ყოველწლიურად არის ჩართული მსგავს პროექტში?

- უკრაინაში წლებია სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის სწავლებები ტარდება. ქართველები ჩვენი სამხედრო კატარღითაც ვყოფილვართ. ლვოვის მახლობლად კი სახმელეთო სწავლება მიმდინარეობს ხოლმე.

„იავაროვას პოლიგონზე“ მოწყობილ სწავლებებში მე 1997 წელს ვმონაწილეობდი. ჩვენგან იმ დროსაც ოცეული იყო გაგზავნილი. სწავლების ერთ-ერთი სცენარის თანახმად, ამერიკელები იცავდნენ რაღაც ობიექტს და უკრაინელები უტევდნენ, რა თქმა უნდა, პირობითად. მე უკრაინელებთან ერთად ვიყავი, ფორმა მეცვა და თან მქონდა ვიდეოკამერა - ვიღებდი ამ შეტევის სცენას. სხვათა შორის, უკრაინელებმა მაშინ ორიგინალური რაღაც გამოიგონეს, უკვე განასროლ ერთჯერად ყუმბარსატყორცნს საკვამლე კოჭების სასროლად იყენებდნენ. ამერიკელებმა მეორე მხრიდან შემოთვალეს, შეჩერდით, ეს რად გინდათო. შემდეგ ისე მოხდა, რომ ამერიკელებმა რაღაც ოპერაციასავით ჩაატარეს - უკან მხრიდან მოგვიარეს, ალყაში მოგვაქციეს და „დაგვატყვევეს“. ეს სცენარი ვიდეოზე მაქვს გადაღებული. მაშინ ამგვარი სწავლებები და ბრძოლის ფორმებიც შედარებით უცხო იყო. მას შემდეგ ბევრი სწავლება ჩატარდა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის საზღვაოც და სახმელეთოც. ქართული მხარე თითქმის ყოველთვის მონაწილეობდა ამ წვრთნებში.

შესაძლებელი იყო თუ არა, წელს ორკვირიანი მრავალეროვნული წვრთნების სხვა ტერიტორიაზე ჩატარება, თუ აუცილებლად უკრაინის ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს?

- ეს სწავლება, რა თქმა უნდა, დღეს არ დაგეგმილა. როგორც წესი, 1-2 წლით ადრე იგეგმება. უბრალოდ, უკრაინამ აღარ შეცვალა. ისე, შეცვლით თითქმის ყველაფრის შეცვლა შეიძლება. უკრაინას შეეძლო, ეთქვა, რომ დღეს ამ სწავლებებისთვის არ ეცალა და სხვაგან გაიმართებოდა. თუმცა, დღეს ამ წვრთნების საკუთარ ტერიტორიაზე ჩატარება უკრაინის ინტერესებში შედის. ძნელი სათქმელია, გამოიყენებს თუ არა, ან რა ფორმით გამოიყენებს ამას რუსეთი. დღეს, რეალურად, რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული დანაყოფები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე, მართალია, თავად რუსეთი არ აღიარებს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელი მსოფლიო კარგად ხედავს, რომ ასეა.

ამ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეს დანაყოფები საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან. მით უმეტეს, რომ ეს სწავლება ტერიტორიულადაც სხვა მხარეს იმართება.