საქართველო რეიტინგში უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: სლოვენია, სლოვაკეთი, უკრაინა, ხორვატია, საბერძნეთი, მოლდოვა, სომხეთი, სერბეთი, ალბანეთი, არგენტინა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014-2015 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ მიხედვით, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და ჩვენმა ქვეყანამ 144 ქვეყანას შორის 72-დან 69 ადგილზე გადმოინაცვლა, რაც ძალიან სასიხარულოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა - სლოვენია, სლოვაკეთი, უკრაინა, ხორვატია, საბერძნეთი, მოლდოვა, სომხეთი, სერბეთი, ალბანეთი, არგენტინა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია ძალიან ბევრ კომპონენტში გაუმჯობესდა, თუმცა ყურადღება რამდენიმე მათგანზე გაამახვილა.
„გაუმჯობესებულია მაკროეკონომიკური გარემო; ჯანდაცვა და პირველადი განათლება; ბიზნესის განვითარება; ინოვაციები; საკუთრების უფლება; ინტელექტუალური საკუთრების დაცვა; საჯარო სახსრების გვერდის ავლა; არაოფიციალური გადასახადები და ქრთამი - გაუმჯობესდა 5 საფეხურით; სასამართლოს დამოუკიდებლობა - გაუმჯობესდა 26 საფეხურით; მთავრობის გადაწყვეტილების უპირატესობა; დავების სამართლებრივი გზით მოგვარების ეფექტიანობა; კანონმდებლობის ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 22 საფეხურით; მთავრობის პოლიტიკური კურსის გამჭვირვალეობა - გაუმჯობესდა 9 საფეხურით და 33-ე ადგილიდან გადმოინაცვლა 24-ე ადგილზე; ორგანიზებული კრიმინალი - გაუმჯობესდა 37 საფეხურით და 64-ე ადგილიდან 27-ე ადგილზე გადმოინაცვლა; პოლიციის მომსახურება გაუმჯობესდა 9 საფეხურით; ინვესტორების მხარდაჭერის გაძლიერება; ინფრასტრუქტურის ხარისხი; ეროვნული დანაზოგები (წილი მშპ-ში) - გაუმჯობესდა 26 საფეხურით”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯანდაცვის სფეროშიც არის მნიშვნელოვანი წინსვლა - გაუმჯობესდა ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 დაბადებულზე; სიცოცხლის ხანგრძლივობა; გაუმჯობესებულია დაწყებითი განათლების ხარისხი და დაწყებით განათლებაში ჩართულობა; საგანმანათლებლო სისტემის ხარისხი; ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სკოლებში;
„დანახარჯები სოფლის მეურნეობაში - გაუმჯობესდა 26 საფეხურით; საბაჟო პროცედურების სიმძიმე - გაუმჯობესდა 5 საფეხურით; გაუმჯობესებულია შრომის ანაზღაურება და ნაყოფიერება; ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა; ბანკების სიმყარე; გაუმჯობესდა უახლეს ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა; ინოვაციური შესაძლებლობები. ჩამონათვალი დიდია, თუმცა მე აქ მხოლოდ მთავარ კომპონენტებს შევეხე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და შესაბამის უწყებებს მოუწოდა, აღნიშნული პროგრესის შესახებ მოსახლეობას მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია.
მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), რომელსაც განსაზღვრავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ზომავს მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხს, ქვეყნის საჯარო ინსტიტუტების მდგომარეობას და ტექნოლოგიური მზაობის დონეს.
რეიტინგი ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ (სტატისტიკურ) მონაცემებსა (WB; UNESCO; World Health Organization, IMF და სხვა) და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ პირთა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს, რომელიც მოიცავს კითხვარების შევსებას ბიზნეს-სექტორის მიერ.
აღნიშნული ყოველწლიური კვლევა ხორციელდება პარტნიორი ინსტიტუტების ხელშეწყობით (სამეცნიერო ინსტიტუტები და ბიზნეს-ორგანიზაციები).
საქართველოს კონკურენტიანობის ინდექსის გაზომვა 2004-2005 წლებიდან დაიწყო - 94-ე. შვიდი წლის განმავლობაში რეიტინგი მხოლოდ 6 ადგილით გაუმჯობესდა და 2011-2012 წლებში 88-ე პოზიცია გვეკავა. საქართველოს რეიტინგი, 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლების ცვლილების პირველივე წელს 11 ადგილით (2012-2013 - 77-ე), ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში 8 პოზიციით გაუმჯობესდა. წლევანდელ რეიტინგში 144 ქვეყნიდან 69-ე ადგილი უკავია.