„დიქტატურის დასრულების შემდეგ ყველანაირი ტიპის თავისუფლება იწყება, მათ შორის -  კრიმინალურიც“

„დიქტატურის დასრულების შემდეგ ყველანაირი ტიპის თავისუფლება იწყება, მათ შორის - კრიმინალურიც“

ბოლოდროინდელმა კრიმინალურმა ფაქტებმა საზოგადოება შეძრა. დიჯეის მკვლელობა, ვანში მცირეწლოვანი ბავშვის უთოთი წამება, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ჩაცხრილვა,-  ამ ყველაფერს საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია მოჰყვა, თუმცა ნაციონალების შემხედვარე, გაჩნდა განცდა, რომ ამ ადამიანებს საქმეების გახსნა სწყინთ და მორიგ მსხვერპლს ელოდებიან.

მომხდარს გამართლება არ აქვს, მაგრამ ყველა მოვლენის მიზეზ-შედეგობრივი არსიდან თუ ამოვალთ, კრიმინალსაც თავისი ახსნა მოეპოვება. ვინ სჩადის დანაშაულს? თაობა, რომელმაც ცხრაწლიან რეჟიმს „გაუძლო“, ფსიქიკა შეერყა და ამ დაგროვილმა აგრესიამ თავისუფლების მიღებისას ერთიანად ამოხეთქა?! ნაციონალების დროს ასეთი სადისტური ფაქტები არა მარტო ციხის გარეთ, არამედ ციხეშიც ყოველდღიური მოვლენა იყო. უბრალოდ, ეჭვებს ბადებდა მათი დაფარული სტატისტიკა.

რა ხდება ადამიანის ფსიქიკაში მაშინ, როცა ტირანული ნიშნების მქონე სახელმწიფოდან დემოკრატიულ ფორმაციაში გადაინაცვლებს?!

For.ge-ს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს რკინის ხელი მართავდა. განუწყვეტლივ ისმოდა ფრაზები - ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში! ამჯერად ხშირად სმის, რომ კრიმინოგენური სიტუაცია გამწვავდა, რასაც არ იზიარებს დღევანდელი ხელისუფლება. კრიმინალის ფაქტები ხომ არ უკავშირდება იმ ფაქტორს, რომ ნაციონალების მარწუხებში მოქცეულმა ადამიანებმა თავისუფლება იგრძნეს?

- რკინის ელემენტები იმ ხელისუფლებას მართლაც ჰქონდა. ყველგან, სადაც დიქტატურა იხსნება, ყველა ტიპის თავისუფლება იწყება და, მათ შორის, კრიმინალური თავისუფლებაც ვლინდება ხოლმე. ასე რომ, ზოგადი კანონის საფუძველზე, ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, რომ ნაციონალების მარწუხებში მოქცეულმა ადამიანებმა თავისუფლება იგრძნეს და ეს გამოიხატა კრიმინალის გააქტიურებაშიც. სააკაშვილის რეჟიმს უკავშირდება კიდევ ერთი საინტერესო მომენტი კრიმინალიტეტის თვალსაზრისით - სააკაშვილი ძალიან კარგად თანამშრომლობდა კრიმინალებთან და მათ პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტისთვის იყენებდა.

მათ შორის, ტარიელ ონიან იგულისხმება?

- მაგალითად, ონიანი, ეს ერთ-ერთი ფრაგმენტია, რაც გახმაურდა.

90-იანი წლებშიც ქართველებმა არასწორად გაიგეს თავისუფლება. ფაქტობრივად, მაშინ ჩვენ გავთავისუფლდით საბჭოთა მონობისგან, თუმცა რატომღაც ეს გათავისუფლება ძმათამკვლელ ომად ვაქციეთ. თქვენ ხედავთ რაიმე პარალელს 90-იანი წლების და დღევანდელობის თვალსაზრისით?

- 90-იანი წლები, რა თქმა უნდა, ტრაგიკული წლები იყო და იქ ძალიან სპეციფიკური აღმოჩნდა კრიმინალური ფენის როლი. ფაქტობრივად, ეს ფენა სახელმწიფოს სათავეში მოექცა. ასეთი სიტუაცია დღეს არ გვაქვს და მისი კონტურებიც არ იკვეთება. უბრალოდ, დღეს თვალშისაცემია დანაშაულების გახშირება, თანაც, ხმაურიანი, დაუნდობელი დანაშაულების. ქართულ მედიასივრცეში უკვე გამოითქვა აზრი, რომ შეიძლება, ეს არ არის შემთხვევითი. გამორიცხული არაა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სტრატეგიული ხაზი იყოს ამგვარი არეულობის ხელშეწყობა. ეს ვერსია გასათვალისწინებელია, რადგან ვიცით, „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ დაუნდობელი მოქმედებები, როცა რაიმეს ისახავს ეს მოძრაობა მიზნად. მით უმეტეს, ამ ვერსიას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც ნაცმოძრაობის სამზარეულოს იცნობენ. ამ თვალსაზრისით, მე მაინც მგონია, რომ უფრო მეტად საქმე გვაქვს პოლიტიკურად მოტივირებულ, პოლიტიკაშერეულ კრიმინალურ პროცესთან, ვიდრე ისეთ კრიმინალურ სიტუაციასთან, რისი მაგალითიც, დასაწყისში მოიყვანეთ - თავისუფლების გრძნობა კრიმინალებსაც აძლევს ასეთ თავისუფლებას. ეს ელემენტი, ალბათ, არის, მაგრამ ეს ელემენტი რომ იყოს წამყვანი, გაცილებით უფრო მძიმე სურათი გვექნებოდა ქვეყანაში.

დიდი ალბათობით, სტატისტიკა ნაციონალების დროს დაფარული იყო. ჩვენ არ ვიცით, რა ხდებოდა სინამდვილეში, როგორ ქრებოდნენ ადამიანები, რამდენი მოქალაქე ესალმებოდა სიცოცხლეს. ერთი შეხედვით, თვითმკვლელობისუწყინართემასთან დაკავშირებითაც, ზუსტად არავინ იცოდა, რამდენი ადამიანი იკლავდა თავს. მკვლელობის ფაქტები კი გაცილებით ტაბუდადებული იყო.

- სტატისტიკა ნაციონალების დროს დაფარული იყო. ოღონდ, ძირითადად დაფარული იყო თავიანთი დანაშაულის სტატისტიკა. წარმატებით გამოძიებულის გამოქვეყნება თვითონ ძალიან მოსწონდათ, ისე, რომ ხშირად ჩნდებოდა ეჭვი, რომ რეალურად საქმე არ იყო გახსნილი და მარტო პიარისთვის გახლდათ ხმაური ატეხილი. გამოუქვეყნებულ თუ გამოქვეყნებულ სტატისტიკას რაც შეეხება, გამოუქვეყნებლობამ შექმნა მაშინდელი დანაშაულების ნაკლები სტატისტიკა, ეს მაინც ეხება ნაციონალების მიერ ჩადენილ დანაშაულს და არა - ყველა დანაშაულს.

ამნისტირებულთა ციხიდან გამოშვებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ბევრი მიიჩნევდა, რომ ციხეში უდანაშაულოდ ჩასმული ადამიანები იმსახურებდნენ თავისუფლებას და მართლზომიერი სამართლის აღსრულებას. იყო მეორე მოსაზრებაც, რომ მათი თავისუფლება კრიმინალს შეუწყობდა ხელს. ნაციონალების მისამართით დღეს უკვე ნიშნისმოგებითაც ითქმის, აბა, რა გეგონათ, დუბინკებით ამ ადამიანებს ციხეში რომ შეურაცხყოფდით, ეს ყველაფერი ჩაივლიდა ისე, რომ მათ ფსიქიკაზე არ აისახებოდა? რამდენად კანონზომიერია, რომ ციხეში მყოფი შეურაცხყოფილი ადამიანები იძიებდნენ შურს თუნდაც იმ პიროვნებაზე არა, ვინც მათ უშუალო შეურაცხყოფა მიაყენა, არამედ განურჩევლა, მათთვის სულერთია, ვინ გახდება მათი მსხვერპლი.

- გვახსოვს, რომ ეს ამნისტია საკმაოდ მოკლე ვადებში მოხდა. იყო იმაზე ჩივილიც, რომ ბოლომდე გამოკვლეული არ იყო ყველა ისტორია და შეიძლებოდა, გარეთ გამოსულიყო დამნაშავეც. ასეთ შეცდომებს არ გამოვრიცხავ. შეცდომისგან დაზღვეული არავინაა. ოღონდ, რაც შეეხება იმას, რომ დღეს მომხდარი დანაშაულები შურისძიების მოტივითაა ჩადენილი, ამაში ეჭვი მეპარება, რადგან ვისზედაც ნაციონალებმა დანაშაული განახორციელეს, ტოტალურად, ნაციონალები მსხვერპლის ამპლუაში მაინც არ გვევლინებიან. ის, რომ ვიღაცაზე ვერ იძია ადამიანმა შური და გვერდით გამვლელი მოკლა, საეჭვოა. თუკი თვითონ უდანაშულოა ადამიანი და იცის, რას ნიშნავს უდანაშაულოდ დასჯის სიმწვავე, საეჭვოა, თვითონ გახდეს მოძალადე და ვინმე უდანაშაულოდ დასაჯოს. თუმც, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენს სინამდვილეში, ძალიან ბევრი ადამიანი უცდის სამართლიანობის აღდგენას. მოწოდებებიც ყველას გვესმის, თუკი სამართლიანობის აღდგენა არ მოხდება, ყველა შიშობს, რომ შეიძლება დაიწყოს შურისძიების სტიქიური პროცესი. ეს გამორიცხული ნამდვილად არაა, მაგრამ დღევანდელი სურათი ამის საფუძველს არ იძლევა, რომ მომხდარს შურისძიების პროცესის კვალიფიკაცია მივცეთ.

როგორ ხდებიან ჩვეულებრივი ადამიანები მონსტრები,-  ფსიქოლოგებისთვის პოპულარული თემაა აშშ-ში ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლითაც ჩვეულებრივი სტუდენტები მოძალადეებად და მსხვერპლებად იქცნენ. მათ უნდა მოერგოთ ეს როლები. საცნაურია ის ფაქტი, რომ .. მოძალადეები ყველანაირად ამცირებდნენ თავიანთ კურსელებს, რადგან ოძალადეებმა დაიჯერეს, რომ ისინი მათი მსხვერპლნი იყვნენ. ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი შეკითხვაა, რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს, თუმცა ამაზე პასუხი მეტად რთულია. თუ მეცნიერულ განმარტებას ვენდობით, დანაშაულის ჩადენას სოციალური (სიღარიბე, სიმდიდრისკენ ლტოლვა) და ფსიქოლოგიური ფაქტორები განაპირობებს (მშობლების მხრიდან ძალადობა, ბავშვობისდროინდელი ტრავმა, როცა დამნაშავე დანაშაულის ჩადენით ცდილობს თავის დამკვიდრებას). ასევე, აქტუალურია შურისძიების წყურვილი. მაინც რა უბიძგებს ადამიანს, ჩაიდინოს დანაშაული?

- თქვენ ამერიკაში ჩატარებული ექსპერიმენტი გაიხსენეთ, რომელიც ტარდებოდა იმისთვის, რომ ავტორს - ფილიპ ზიმბარდოს ენახა, რა გავლენას ახდენს როლი ადამიანზე. ამიტომაც სტუდენტებს შემთხვევითი წესით გადაუნაწილა ციხეში მჯდომი დამნაშავისა და ზედამხედველის როლები. ზედამხედველები იმდენად მივიდნენ სადიზმამდე, რომ ზიმბარდოს ექსპერიმენტის შეწყვეტა მოუხდა. თუ ამ როლების თეორიიდან ამოვალთ, მაშინ კრიმინალურ გზაზე ადამიანის დადგომის ერთ-ერთი განმაპირობებელია ის, რომ საზოგადოებაში ასეთი „როლი“ შეიძლება მიმზიდველი გახდეს და მავანმა ახალგაზრდამ შეიძლება ეს როლი მოიწონოს. ჩვენთან ასეთი იყო „ქურდების ინსტიტუტი“. გახსოვთ, რომ ამ როლის რომანტიზაციაც ხდებოდა გარკვეულ ხანს, იმავე 90-იან წლებში. მით უმეტეს, იმ დროს ამ იარლიყის მქონენი ხელისუფლებაში მოვიდნენ და ეს კიდევ უფრო ზრდიდა კრიმინალის მიმზიდველობას.

ხშირად ასეთი სოციალური სურათი არ არის ქვეყანაში, ეს იშვიათი მოვლენაა, მაგრამ მცირე გარემოში - მშობელი, მეგობრები და სხვა, იქმნება ხოლმე ანალოგიური მცირე მასშტაბის „ლეგენდა“, რომ კრიმინალური ქმედება მომხიბვლელია. ძალიან ხშირად ეს არის მაპროვოცირებელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, არის კიდევ სოციალური ფაქტორიც. გასაჭირი კრიმინალის მაპროვოცირებელი მოვლენაა, როცა ყოველგვარი ფსიქოლოგიის გარეშე, უბრალოდ, ადამიანს სხვა საშუალება არ რჩება და მიდის დანაშაულზე.

ან სხვას კლავს, ან თვითმკვლელობაზე მიდის.

- ეს უკანასკნელი უფრო კეთილშობილური, მაგრამ დრამატული შემთხვევაა.

პარლამენტარ გუგული მაღრაძის ნათქვამმა - ცნობილი სოციოლოგის - ემილ დიურკჰეიმის თანახმად, დანაშაული საზოგადოების განვითარების თანმლები პირობაა, - ნაციონალების გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა მაღრაძემ, ასევე, დასძინა, რომ მთავარია, როგორ ებრძვის ხელისუფლება კრიმინალს. პირველი მკვლელის - კაენი და პირველი მსხვერპლი -აბელიდან მოყოლებული, არ არსებობს საზოგადოება, სადაც მსხვერპლი არ იყოს, მაგრამ როგორ შეიძლება შემცირდეს კრიმინალი - შურისძიების აღმოფხვრის მიზნით სამართლიანობის აღდგენით? ადამიანების სოციალური უზრუნველყოფით?

- თქვენი ნებართვით, უპირველეს ყოვლისა, გუგული მაღრაძესა და დიურკჰეიმს დავიცავ, რადგან მაშინ, როცა დიურკჰეიმმა ეს პოზიცია გამოხატა, ეს იყო წინასაუკუნეები, მე-19-20 საუკუნეები, მკვლევარებში საერთოდ გამეფებული იყო კრიტიკული დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ. მოგეხსენებათ, დიურკჰეიმი სოციოლოგი იყო და ის სოციოლოგიურ მიზეზებზე ლაპარაკობდა. ამის გამომხატველი იყო ის, რომ საზოგადოება თუ არ იქნა ნორმალური, იქ კრიმინალურობა ყოველთვის იქნება. ნორმალურობა ძნელი რამაა და მოთხოვნა, რომ განვითარება აუცილებლად გააუმჯობესებს ვითარებას, შეუძლებელია, რადგან კაცობრიობა ვითარდება, ოღონდ, დანაშაულიც ვითარდება მასთან ერთად. ასე რომ, გინდ გაბრაზდნენ ნაციონალები, გინდ არა, იმ კაცმა - დიურკჰეიმმა საკუთარი აზრი გამოთქვა და ამის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა.