ნატოს სამიტი უელსში ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიის სხდომით დაიწყო. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.
გაფართოებულ შეხვედრაზე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელმა პირებმა ISAF-ის მისიის შედეგად მიღწეულ შედეგებსა და ავღანეთში 2014 წლის შემდეგ ალიანსის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. ISAF-ის მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელმა პირებმა ერთსულოვნად გამოთქვეს მზადყოფნა, 2014 წლის შემდეგ არასაბრძოლო მისიაში ჩაერთონ და ავღანეთის ეროვნულ ძალებს დახმარება გაუწიონ.
ISAF-ის მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველოს მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილ წვლილზე გაამახვილა.