ნატოს სამიტი უელსში ოფიციალურად გაიხსნა (ვიდეო)

ნატოს სამიტი უელსში ოფიციალურად გაიხსნა (ვიდეო)

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი უელსში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. არსებული და მომავალი უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად, ნიუპორტში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები და მთავრობის  ხელმძღვანელი პირები უკვე  შეიკრიბნენ. სამიტში მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

სამიტი ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა გახსნეს. მათ შეხვედრის მნიშვნელობასა და სამიტის მთავარ თემებზე ისაუბრეს. განხილვის ძირითადი საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია, ასევე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მზარდი ექსტრემიზმია. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები ახალ საფრთხეებზეც იმსჯელებენ.

სამიტი ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიის სხდომით დაიწყება. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრება. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელი პირები ISAF-ის მისიის შედეგად მიღწეულ შედეგებსა და ავღანეთში 2014 წლის შემდეგ ალიანსის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ.   

სამიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ალიანსის წევრი და ნატოს პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე 28+24-ის ურთიერთთავსებადობის პლატფორმის ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საუბარი   თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამხედრო თავსებადობის გაზრდის საკითხებს შეეხება.

4-5 სექტემბერს ნატოს სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან. ირაკლი ალასანია ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა ლიდერთა კონფერენციაშიც მიიღებს მონაწილეობას.