გენერალ ჯეიმს ამოსის ვიზიტი თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

გენერალ ჯეიმს ამოსის ვიზიტი თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდალი ეწვია. დღეს, თავდაცვის უწყებაში გენერალ ჯეიმს ამოსს გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ უმასპინძლეს. შეხვედრას დაესწრნენ, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის  უელსში მიმდინარე ნატოს სამიტისა და „გაძლიერებული თანამშრომლობის“ პაკეტის მნიშვნელობა განიხილეს. საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება  საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობასა და 2015 წლიდან „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვაზე გამახვილდა. გენერალმა ჯეიმს ამოსმა მასპინძელ მხარეს ქართული კონტინგენტის ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან სურვილი გამოთქვა, რომ ავღანეთის საერთაშორისო მისიის დასრულების შემდეგ, ამერიკელ საზღვაო ქვეითებსა და ქართველ სამხედროებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო დაჭრილი ქართველი სამხედროების რეაბილიტაციის პროგრამასაც. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამერიკელ გენერალს აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განხილვის ერთ-ერთი თემა  რეგიონალური უსაფრთხოება და უკრაინის კრიზისი იყო.

შეხვედრის დასასრულს, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამერიკელ სტუმარს აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისთვის  „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა. ამერიკელი გენერალი საქართველოს პრეზიდენტის N 01/09/02 განკარგულებით დაჯილდოვდა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გენერალმა ჯეიმს ამოსმა  უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. ამერიკელი გენერლის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.