თენგიზ კიტოვანი რომ არა, მარგველაშვილი სახლში ქსოვას გააგრძელებდა, მიშა კი „კვერცხია“, - ჩვეულ სტილში ახასიათებს კიტოვანი მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს. ორივეს მიმართ საყვედურს გამოთქვამს. მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვა, რაც არ შეიძლებოდა, ბოლოს და ბოლოს, იგი ხომ 8 წლის განმავლობაში პარლამენტის დეპუტატი იყო და „დიდი წვლილი მიუძღვის“ სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. არ მალავს, რომ სწორედ მან ჩამოიყვანა ედუარდი, ხოლო, როცა საქართველოდან წავიდა, მერე ედუარდმა მოიყვანა მიშა…
კიტოვანი არც სააკაშვილს ემადლიერება. მიშამ ხომ საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 1500 მოქალაქეს აჩუქა, მაგრამ არა-თენგიზ კიტოვანს.
როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, 1977 წელს, როდესაც მან სმოლენსკის საპატიმრო დატოვა, მაშინ საბჭოთა კავშირის მოქალაქის პასპორტი მისცეს. მოგვიანებით, საქართველოდან წასვლის შემდეგ, მან რუსეთის ხელისუფლებას განცხადებით მიმართა და რუსეთის მოქალაქეობა მოითხოვა. მას შემდეგ, რაც თენგიზ კიტოვანი საქართველოში დაბრუნდა, საქართველოს მოქალაქეობა მოითხოვა, თუმცა - ამაოდ. მისი თქმით, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის წართმევა სააკაშვილსაც კი არ მოსვლია აზრად და ეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გააკეთა. კიტოვანი აცხადებს, რომ ეს რამდენიმე თვის წინ მოხდა, მაგრამ ამის შესახებ ხმა არ ამოუღია, დღეს კი გაჩერებას არ აპირებს.
თავის მხრივ, პრეზიდენტ მარგველაშვილის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თვითონვე ვერ გარკვეულა, რასთან აქვს საქმე. თენგიზ კიტოვანს საქართველოს მოქალაქეობა კი არ ჩამოერთვა, არამედ მას არ მიენიჭა მოქალაქეობა. უბრალოდ, საქართველოს პრეზიდენტმა მას არ მიანიჭა ეს სტატუსი, რადგან არ მიიჩნია საჭიროდ კანონიდან გამომდინარე.
სამაგიეროდ, პრეზიდენტისგან განსხვავებულად ფიქრობს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მარგველაშვილამდე საქმე არც მისულა, არამედ თენგიზ კიტოვანის საბუთებს იუსტიციის სამინისტროში შესასწავლად ისევ ელოდებიან და კიტოვანი საქართველოს მოქალაქე გახდება.
ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კიტოვანის სახელი ისეთ დიდ კატაკლიზმებთან ასოცირდება, როგორიცაა სამხედრო გადატრიალების გზით პირველი პრეზიდენტის დამხობა, სამოქალაქო ომის გაჩაღება, აფხაზეთში ძალისმიერად შესვლა, რასაც ამ კუთხის დაკარგვა მოჰყვა, ქურდობა და მაროდიორობა. ზოგიერთების აზრით, ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი შეცდომა იყო, როცა მან სწორედ კიტოვანს დაავალა ეროვნული გვარდიის შექმნა, რომელმაც თავის მხრივ, 1992 წელს პრეზიდენტის ხელისუფლება დაამხო და სამხედრო საბჭო შექმნა.
დღესაც კიტოვანის რუსულ მისიაზე საუბრობენ, ისევე, როგორც, თავის დროზე კიტოვანს არ აკლდა შეფასებები და მას გრუ-ს გაშიფრულ აგენტად მიიჩნევდნენ. თუმცა იყვნენ ისეთნიც, რომლებიც ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე, მასში საბრძოლო რომანტიზმს ხედავდნენ და ვერ აცნობიერებდნენ, რომ ძმათამკვლელ ომში ჩართვას არანაირი რომანტიკა არ ახლავს. ასე შერჩა კიტოვანს მისი თანაგუნდელებისგან მეტსახელი „ბაწია“.
რას ფიქრობენ კიტოვანისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები?!
„სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კიტოვანი სახელმწიფო დამნაშავეა, რომელსაც დანაშაული, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ ეპატიება, მაგრამ კიტოვანზე უფრო დიდი დამნაშავეები სხვები არიან. უფრო მეტიც, ნოდარ ნათაძის თქმით, კიტოვანს სხვებზე ნაკლები ჰორიზონტი აქვს, ამიტომ სხვებზე ნაკლები დამნაშავეა.
„მაგალითად, თენგიზ სიგუა არის შეუდარებლად უფრო დიდი დამნაშავე, შევარდნაძე არის პირველი ხარისხის დამნაშავე, სააკაშვილიც არის სახელმწიფო მოღალატე. თუმცა განსხვავება ისაა, რომ კიტოვანის დანაშაული ცნობილია, ეს ყველამ იცის, დამტკიცებული და დასაბუთებულია, შევარდნაძესა და სააკაშვილს კი ბრალს რომ წაუყენებ, ამას დასაბუთება სჭირდება“,-აცხადებს ნოდარ ნათაძე.
ამასთან, მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მოღალატე არ იმსახურებს მოქალაქეობას. თუ კიტოვანი საქართველოს მოქალაქეა, უნდა იჯდეს კიდეც ციხეში. უბრალოდ, მოქალაქეობის არმიცემა სასჯელის სხვა განზომილებაა, ვიდრე ციხე და დახვრეტა.
„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ერთადერთი სწორი რამ თქვა თენგიზ კიტოვანმა, რომ არა თვითონ, არც სააკაშვილი, არც შევარდნაძე არ იქნებოდა ხელისუფლებაში, არც ის ტრაგედიები იქნებოდა თითოეული ქართველი მოქალაქისთვის. უბედურება სწორედ ისაა, რომ კიტოვანის და იმ პერიოდის ზოგიერთი ადამიანის ქმედებებმა საქართველოს ბედი უარყოფითად განსაზღვრა და შევარდნაძე და სააკაშვილი კიტოვანის მადლიერნი უნდა ყოფილიყვნენ.
„სამწუხაროდ, მაშინ განვითარებულ მოვლენებში კიტოვანის და შეიარაღებული ადამიანების როლი ძალზე მნიშვნელოვანია. ამიტომ უნდა გამოვიძიოთ 90-92 წლების მოვლენები, არა მარტო ის ეპიზოდი, როდესაც შეტევა განხორციელდა მთავრობის სახლზე, არამედ მთელი ის ორი წელიწადი როგორ ვითარდებოდა მოვლენები, გეგმაზომიერად როგორ მივდიოდით ესკალაციისკენ, როგორ გამოჩნდნენ შეიარაღებული ადამიანები პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორ მოხდა მათ მიერ სადავეების ხელში აღება, სად იყო ჩარეული რუსეთის სპეცსამსახურები, რა როლს ასრულებდნენ საქართველოში რუსეთის რეზიდენტები. არ მიმაჩნია, რომ სამოქალაქო ომი მოხდა, მაგრამ დაპირისპირებული ქართული ორივე ძალა როგორ იღებდა იარაღს რუსეთის სამხედრო ბაზებიდან, როგორ ხდებოდა სამხედრო მოქმედებების კორექტირება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. ეს გამოსაძიებელია, სანამ ის თაობა ჯერ კიდევ გონებაზეა, ეს უნდა გააკეთოს ამ ხელისუფლებამ, რასაც არ აკეთებს. პირადად მეც მივცემ ჩვენებას, როგორც იმ პერიოდის მოვლენების ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი არა იმიტომ, რომ კონკრეტულად რომელიმე პიროვნება გავასამართლოთ, არამედ იმიტომ, რომ მეორედ არ გავიმეოროთ ეს ქართველებმა და ხელოვნური დაპირისპირების ტენდენცია აღვკვეთოთ“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე.
რაც შეეხება რკინიგზის დაცვის საბაბით აფხაზეთში შესვლას, მას ახსენდება, თუ როგორ ამაყობდა აფხაზეთში შესვლით ჯერ კიტოვანი, შემდეგ-შევარდნაძე, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი უფრო დიდი ვაჟკაცი იყო, რომ გასცა აფხაზეთში შესვლის ბრძანება, მაშინ ორივე ვაჟკაცობდა ამით, შემდეგ წაგებულ ომში ერთმანეთს აბრალებდნენ, მე რა მექნა, ის შევიდაო.
ამის მიუხედავად, კიტოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიმართ მამუკა გიორგაძე ლოიალურადაა განწყობილი. ის მიიჩნევს, რომ შეიძლება ადამიანი ციხეში ჩასვან, მაგრამ ის საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, რადგან ამის გარეშე, ადამიანს ციხეშიც ვერ ჩასვამენ.