ოცდათოთხმეტი ხმა ოთხის წინააღმდეგ- ამ გადაწყვეტილებით დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რაც ნიშნავს, რომ დედაქალაქის მთავრობა 30-მილიონიან კრედიტს აიღებს კერძო ბანკისგან და ამით დედაქალაქის ბიუჯეტის დეფიციტს შეავსებს.
თავდაპირველად საუბარი იყო 25 მილიონ ლარზე, რომელიც წლის ბოლომდე სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად იყო საჭირო. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ გაცხადებულ 25 მილიონთან ერთად, დედაქალაქის მერია საკრებულოსგან კიდევ ითხოვდა ნებართვას დამატებითი 5 მილიონი ლარის სესხის აღების თაობაზე, რაც ახალგაზრდული ოლიმპიადის ორგანიზებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ანუ, საბოლოო ჯამში, დედაქალაქის მერიას 30 მილიონი ლარის მობილიზება უნდა შეძლებოდა კომერციული ბანკებიდან. მანამდე კი ნარმანიას უწყებას შესაბამისი ნებართვა სჭირდებოდა საკრებულოსგან.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ, დაუჭერდა თუ არა მხარს თბილისის საკრებულო მერიის ამ ინიციატივას. იმთავითვე ცნობილი იყო ნაციონალების პოზიცია. ისინი მაღალპროცენტიანი სესხის აღების საჭიროებას ვერ ხედავდნენ. მეტიც, სესხის აღება ნაციონალებისთვის უგნური მოქმედება იყო, რაც მათ შევარდნაძის პერიოდს ახსენებდა. გარდა ამისა, უმცირესობა ითხოვდა, უკიდურეს შემთხვევაში, სესხი ცენტრალურ ბიუჯეტს გამოეყო და არა - ძვირადღირებულ კომერციულ ბანკებს.
კონტრბრალდებები ჰქონდათ საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებს. ისინი ამბობდნენ, რომ საბიუჯეტო კრიზისი გამოიწვია დედაქალაქის ყოფილმა მთავრობამ, რომელმაც სოციალური მიმართულებით დასახარჯი თანხები მეორახარისხოვან პროექტებზე გაფლანგა. ამიტომ 30-მილიონიანი ვალის გარეშე ვერ მოხდებოდა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.
უფრო კონკრეტულად, საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია ამბობდა, რომ ავარიული კორპუსის გამაგრების ნაცვლად, ნაციონალები კორპუსს შიდა რემონტს უტარებდნენ. ე.წ. „სოციალურ დახმარებებს“ გასცემდნენ იმისთვის, რომ თავიანთი ამომრჩევლების გული მოეგოთ. ამდენად, თანხები პირწმინდად იყო გახარჯული მთელ რიგ მუხლებში და დავით ნარმანია იძულებული გახლდათ, სესხი აეღო.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ წევრები აცხადებდნენ, რომ თბილისის ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად კომერციული ბანკებიდან სესხის სახით 25 024 600 ლარის აღების საკითხი აქტუალური იყო. ისინი იმასაც ეთანხმებოდნენ, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაუხვდა თბილისის ახლადარჩეულ მერს, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე თანხმობის მიცემამდე საკრებულოს უნდა უზრუნველეყო მისი სიღრმისეული და საფუძვლიანი შესწავლა. მათი აზრით, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს სისტემატური ხასიათი ჰქონდა წარსულში, რამაც თბილისს დეფიციტური ბიუჯეტი არგუნა. ამიტომაც ფრაქცია “ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“ მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაში.
თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი „პატრიოტთა ალიანსიდან“ სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პირადად იგი გაეცნობა პირობებს და გაერკვევა, თუ რა პირობით გაიცემა აღნიშნული კომერციული სესხი და რამდენი პროცენტით უნდა დაიფაროს. გარდა ამისა, მისთვის საინტერესოა ისიც, რა აუცილებლობითაა ნაკარნახევი სესხის აღება, რადგან 25 ან 30 მილიონი ლარი საკმაოდ სერიოზული თანხაა და დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პროცენტულ სარგებელს დებენ ამაში კომერციული ბანკები.
„თუ იქ 12-16%-ზეა საუბარი, ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. საერთოდ, არასრული ერთი თვე, რომლის დროსაც სამუშაო რეჟიმში ვიყავით, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ბიუჯეტის ყველა მუხლისთვის გადაგვეხედა და ოპტიმიზაციის პროექტი შეგვემუშავებინა, რომ ასეთი კრედიტები საჭირო აღარ ყოფილიყო. თუ ისეთი აუცილებლობაა, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები დახმარების გარეშე რჩებიან, ბუნებრივია, წინააღმდეგი არც მე ვიქნები, ამ ადამიანებს დახმარება გაეწიოს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ სესხი და ვალი გასასტუმრებელია და პროცენტები ამძიმებს მის მდგომარეობას. ამიტომ პრესაც, დეპუტატებიც - ყველა უნდა დაინტერესდნენ, რა აუცილებლობითაა ეს ნაკარნახევი და აქ არავითარი კომპრომისი არ უნდა იქნას დაშვებული. თუ არ არის სხვა საშუალება, ხომ არ დავტოვებთ ამ ხალხს მშიერს? მაგრამ ისევ ბიუჯეტის გადასახდელი გახდება ეს ვალი, თანაც, დამძიმებულად“,- გვითხრა სოსო მანჯავიძემ.
ამასთან, განმარტა, რომ როცა სახელმწიფოს კომერციული ბანკისგან თანხის აღების გარდა სხვა გზა არ აქვს, ეს უკვე არ არის ჯანსაღი სიტუაცია და კარგი ცხოვრებისგან არ გამომდინარეობს. მისი თქმით, საკრებულო იმაზეც მუშაობს, რომ დეფიციტური მოდელი, როცა ფული იხარჯება და უკან არაფერი შემოდის, შეიცვალოს. უნდა მოხდეს მცირე მეწარმეობის სტიმულირება, ამიტომ, ახალ პროექტებს სთავაზობენ მერიას და ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდოს.
საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ გრიგალაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ის ბიუჯეტი, რომელსაც ახლა ასე ერთხმად იწუნებს დედაქალაქის მთავრობა, სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ არის შედგენილი. უფრო მეტიც, ბატონ ნარმანიას მინისტრობის დროს მისი მაღალჩინოსნებიც იღებდნენ მონაწილეობას ბიუჯეტის შედგენაში და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ შედგენილ ბიუჯეტში იყო ბევრი ხარვეზი, ნაციონალურმა მთავრობამ ექვსი თვის ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილში 107%-ით შეასრულა. ამიტომ თემურ გრიგალაშვილისთვის სრულიად გაუგებარია, რა საჭიროა სესხის აღება და რატომ ვერ ასრულებს საშემოსავლო ნაწილში „ქართული ოცნება“ საკუთარ შედგენილ ბიუჯეტს?!
„სესხის აღებას მხარს არ დავუჭერთ. პრაქტიკულად, ბატონმა ნარმანიამ დაადასტურა, რომ ნოდარ ხადურის მიერ თბილისის ბიუჯეტიდან ჩამოჭრილი თანხა იყო სრულიად უპასუხისმგებლო და მავნებლური გადაწყვეტილება. მაშინ ხადურის ამ გადაწყვეტილებას დავით ნარმანიამ, როგორც მინისტრმა, მხარი დაუჭირა. ცენტრალური ხელისუფლების დარად, არც დედაქალაქის მთავრობა არ აპირებს საქმის კეთებას და მოგონილი მიზეზებით ცდილობს თავი აარიდოს უხვად გაცემული დაპირებების შესრულებას. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა დედაქალაქის მთავრობა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში კომერციული ბანკისგან იღებს სესხს. ბატონი ნარმანია თავისი ქმედებით ერთი წლის წინანდელ განცხადებებს ემიჯნება, როცა მან თქვა, რომ კარგია ტრანსფერის 50 მილიონი ლარით ჩამოჭრა. დღეს კი ის ამბობს, რომ ბიუჯეტში პრობლემაა. ტრანსფერი რომ არ ჩამოჭრილიყო, ბიუჯეტში 25 მილიონი იქნებოდა“, - აღნიშნა თემურ გრიგალაშვილმა.