დავით ბაქრაძე ექსპრეზიდენტის დაკავებას ადასტურებს

დავით ბაქრაძე ექსპრეზიდენტის დაკავებას ადასტურებს

საბერძნეთში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ადასტურებს იმ გემის შეყოვნებას, რომლითაც მიხიელ სააკაშვილი თურქეთიდან საბრეძნეთში მიემგზავრებოდა. ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, შიდა ძებნით შეუძლიათ თავი გაირთონ, მაგრამ გარე ძებნაზე თავს ნუ გაიწვალებენ, რადგან სააკაშვილი რუსეთში, ჩრდილო კორეაში და ნუარუში ჩასვლას არ აპირებს. სხვა ქვეყნები კი გაბაშვილის განცხადებით სააკაშვილს არ დააკავებენ. მმართველ გუნდს სააკაშვილის შეყოვნებასთან დაკავშირებით მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რაც ელჩმა ოფიციალურად გააჟღერა. 

იახტის სახელწოდებას, რომლითაც ექსპრეზიდენტი თურქეთიდან საბრეძნეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, დავით ბაქრაძე არ ასახელებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

დავით ბაქრაძე ამბობს, რომ გემი, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მგზავრობდნენ, კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს. მისი თქმით, ინფორმაცია საელჩოში კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილებიდან შევიდა.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდა საბერძნეთის კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსმა, დიმიტრი კაპაკიდისმა. ინფორმაციის მიხედვით, გუშინ, 18:00 საათზე, თურქეთის მხრიდან, კუნძულ სამოსზე შევიდა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი იახტა, რომლის ბორტზე საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე იმყოფებოდნენ.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სასაზღვრო კონტროლის დროს მიხეილ სააკაშვილის პასპორტის შემოწმებისას გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მხარის მიერ შესულია მოთხოვნა პირის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ პროცედურები დასრულებული არ არის, საბერძნეთს არ ჰქონდა პირის დაკავების საფუძველი.

მათივე თქმით, გემი კუნძულზე ოთხი საათით დააყოვნეს, რის შემდეგაც უკან გაბრუნდა. ეს არის საბერძნეთის სამართალდამცავების, კერძოდ კი სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსისგან მიწოდებული ინფორმაცია“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის პროცედურები მიმდინარეობს. როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცაიას არ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე. მისი თქმით, რატომ გაავრცელა ელჩმა არასწორი ნფორმაცია, ეს ცალკე მსჯელობის საგანია.

„უბრალოდ, ამ განცხადებაში არის ერთი უცნაური დეტალი, კერძოდ, ელჩი ამბობს, რომ თითქოს, სააკაშვილი შეაჩერეს იმიტომ, რომ მასზე იყო ინფორმაცია ძებნის თაობაზე. შემდეგ იგი გაუშვეს, ვინაიდან ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. თუ იყო ინფორმაცია ძებნის თაობაზე, მაშინ ეს ინფორმაცია არსებობდა. თუ არ არსებობდა ეს ინფორმაცია, უკვე საკუთარ თავს ეწინააღმდეგება ელჩი. ეს ყველაფერი გავს რაღაც უაზრო ჭორს, რომლის მსგავსი აზერბაიჯანის ელჩმა გაავრცელა“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით კი, მან მიხეილ სააკაშვილის იახტის კუნძულ სამოსზე შეყოვნების შესახებ ინფორმაცია მედიისგან გაიგო და აქედან გამომდინარე, შეფასებებს ვერ გააკეთებს. 

„ეს ამბავი ვიცი მედიისგან, არ მისაუბრია ჩვენი საკონსულოს წარმომადგენლებთან და აქედან გამომდინარე, ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. საერთოდ, ადამიანი როდესაც არის პასუხისგებაში მიცემული და იწყება მისი ძებნის პროცედურები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნებთან და შეიძლება ეს ამითაც იყოს გამოწვეული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ შიდა ძებნა უკვე მიმდინარეობს. პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება საერთაშორისო ძებნის პროცედურებს, როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილზე საერთშორისო ძებნის დაწყების პროცედურები მიმდინარეობს. კონკრეტულად, როდის გახდება სააკაშვილი საერთაშორისო ძებნილი, დეტალებზე პროკურატურაში არ საუბრობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დარწმუნებულია, რომ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდება. ჩვენ კარგად ვნახეთ პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეები სხვა შემთხვევებშიც კი როგორც მთავრდება ცივილიზებულ ქვეყნებში. ყველას გვახსოვს, დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება. ხელისუფლება თავისთვის სასურველ შედეგს, მიხეილ სააკშვილის დაკავებას ვერ მიაღწევს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ 12 პერსონაზე გათვლილი ფეშენებელური იახტა, რომლითაც სააკაშვილი გადაადგილდებოდა 2012 წელს არის აგებული და მისი ღირებულება დაახლოებით 15 მილიონ ლარს შეადგენს.