„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება

„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება

ქართული ენის დაცვის მიზნით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისია იქმნება, ასევე სახელმწიფო ენის საკანონმდებლო ნორმების დარღვევაზე ფულადი სანქციები წესდება. შესაბამისი ცვლილებები - „სახელმწიფო ენის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში შედის, რომლის ავტორიც ენათმეცნიერებისა და იურისტების ჯგუფია, ხოლო ინიციატორი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი.

პროექტი, რომლის ინიცირებაც უკვე მოხდა, განსაზღვრავს სახელმწიფო ენის სტატუსს, მისი დაცვის გარანტიებს, სახელმწიფო და სხვა ენის გამოყენების თავისებურებებს, განათლების ენის არჩევის შესაძლებლობას, სახელმწიფო ენის გამოყენების პრინციპებსა და ამ ნორმების დარღვევისთვის განკუთვნილ ჯარიმებს.

ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედ კომისიას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, რომელიც ნიშნავს კომისიის თანათავმჯდომარეს და წევრებს. თავად კომისია კი, სალიტერატურო ენის ნორმებს ადგენს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამტკიცებს.

ამასთანავე, სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისია მოამზადებს სახელმწიფო ენის პროგრამას, რომელიც იქნება სახელმწიფო ენის განვითარების, ნორმალიზაციისა და სტანდარტების ძირითად მიმართულებათა განმსაზღვრელი ერთიანი დოკუმენტი.

თავის მხრივ, კომისიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელიც 50 თანამშრომლით დაკომპლექტდება და ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე.

კანონპროექტით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის ფუნქციონირების მაკონტროლებელი და საზედამხედველო დაწესებულება იქნება და რომელიც, კანონის ნორმების დამრღვევ პირს ფულად ჯარიმებს დაუწესებს.

ასე მაგალითად, პროექტის გათვალისწინებით, არასახელმწიფოენოვანი სასაქონლო ნიშნების გამოყენება ქართულენოვანი დაწერილობით (ტრანსლიტერაციით) უნდა მოხდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ მოხდა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება, შესაბამის პირებს 100-დან 300 ლარამდე ჯარიმა დააკისროს.

ინიციატივით, დაჯარიმების შემდეგ, თუ დამრღვევი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას გააგრძელებს, ან ერთი წლის მანძილზე მეორედ ჩაიდენს, ის 300-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება.

ზემოთ აღნიშნული სანქციები გავრცელდება ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერები წარმოდგენილი არ იქნება სახელმწიფო ენაზე და ასევე როდესაც, არასახელმწიფოენოვანი ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას, არასახელმწიფოენოვანი შრიფტი ზომით აღემატება სახელმწიფო ენაზე შესრულებულ შრიფტს.

ამას გარდა, კანონპროექტით, სახელმწიფოენოვანთან ერთად არასახელმწიფო ენაზე შესრულებული სარეკლამო განცხადების გამოყენებისას, სახელმწიფოენოვანი ვერსია უნდა იყოს უფრო მკაფიოდ გამოხატული, წასაკითხი და მოსასმენი, მაგრამ თუ ეს ნორმა გათვალისწინებული არ იქნება, ქმედება გამოიწვევს ჯარიმას 200-დან 500 ლარამდე. დაჯარიმების შემდეგ კი, იგივე ქმედების გაგრძელება ან წლის განმავლობაში მეორედ ჩადენა გამოიწვევს 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას.

პროექტის მიხედვით, დაჯარიმების შემდეგ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, დამრღვევს შვიდი დღის ვადაში წერილობით ეცობება და ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს. ამასთანავე, თუ ერთი წლის განმავლობაში, მეორედ დაჯარიმების შემდეგ, გონივრულ ვადაში დარღვევა არ აღმოიფხვრება, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია, სასამართლოს მიმართოს უკანონოდ განლაგებული წარწერის დემონტაჟის მოთხოვნით. დემონტაჟისთვის აუცილებელი თანხა კი, დამრღვევს ეკისრება.

თავის მხრივ, ჯარიმის ან გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებებით, საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის და სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტები სრულდება სახელმწიფო ენაზე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, მასობრივი ინფორმაციის ის საშუალებები, რომლებიც მაუწყებლობენ სახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასახელმწიფო ენებიც, მაგრამ ტელე-რადიომაუწყებლობის საეთერო დროის არაუმეტეს 10 პროცენტისა.

საპარლამენტო კომიტეტებში აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება და ავტორებს იმის დასაბუთებაც მოუწევთ, ერთი მლნ ლარი, რომლის გამოყოფასაც სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნისთვის ითხოვენ, რაში სჭირდებათ.

ამასთანავე, უკვე ცნობილია, რომ პროექტი ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, საიდანაც პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშილის ინფორმაციით, მოსულია დაწვრილებითი დასკვნა. მისი ცნობით, განხილვისას საშუალება იქნება, რომ საერთაშორისო, კომპეტენტური ექსპერტების მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნას.