რაზე არა აქვს წარმოდგენა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს

რაზე არა აქვს წარმოდგენა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს

ჩოხატაურელი “ნაციონალების” ყოფილი ლიდერი შოთა სირაძე ისევ მიმალვაშია. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიერ წარმოდგენილი მასალებით სირაძის დანაშაული მხოლოდ სამსახურეობრივი დაუდევრობაა, საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე პოლიციაში ისევ არ ცხადდება. სირაძის ინტერესების დამცველი ადვოკატის, კობა ესაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონტაქტზე არ გამოდის. თუკი ამდენხანს სირაძის სავარაუდო ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა და მასთან შესაძლო კავშირში “მხილებული” ადამიანებიც ბევრჯერ დაიბარეს ჩვენების მისაცემად, ახლა ეს აღარავის სჭირდება.

 

გამოძიების პროცესში უკანონოდ დაკანონებული მიწების მფლობელთა რიცხვი 388-დან 132-მდე ჩამოვიდა და შოთა სირაძის თავისუფლებაც ძალიან იაფად, დაახლოებით 5000 ლარად შეფასდა, თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ის კონტაქტზე არავისთან გამოდის. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ სირაძე გაქცევის შემდეგ ოჯახს არ შეხმიანებია.

 

სირაძის ერთ-ერთი ყოფილი კოლეგა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ  სისხლის სამართლის საქმე განგებ გაალაითეს:

 

”ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, შოთა ამდენ ხანს უნდა გამოჩენილიყო. 3 წლამდე პატიმრობის მუხლი აქვს წაყენებული, საიდანაც აბსოლუტურად შესაძლებელია ძალიან მშრალად, 3000 დოლარად გამოძვრეს. სასამართლო პროცესზე არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ სირაძეს ქრთამი მისცა. თუ დააკვირდით, ეს არც პროკურორს უკითხავს. მოსამართლეზე აღარაფერს ვამბობ. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ხაფანგია. ხაფანგი ამ ხელისუფლების ზოგიერთი ჩინოსნის გამოსაჭერად.

 

არსებობს ინფორმაცია, რომ შოთამ გაქცევამდე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია წაიღო, რომელიც ამ ხელისუფლების ზოგიერთი ჩინოსანის კორუმპირებულობას ამხელს. კულუარებში ისიც ითქვა, რომ შოთას აქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ფოტო და აუდიო მასალა, რომ ამ საქმეში მარტო არ იყო და მის უკან სერიოზული ჩინოსნები იდგნენ. ამ ინფორმაციას, სავარაუდოდ, ფლობს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომლის 15 თანამშრომელი ამ საქმეს შეეწირა. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია თუ ვიფიქრებთ, რომ ასე მცირედი სასჯელით შოთას გამოჭერა უნდათ.

 

თუკი გამოჩნდება, გამოძიებასთან თანამშრომლობა მოუწევს და, სავარაუდოდ, ბევრ რამეს იტყვის. სირაძის პიროვნება არავის აძლევს იმის გარანტიას, რომ იგი ჩუმად იქნება და მთელს ტალახს მარტო მოზელს. ბევრი მისი მეგობარი ეჭვობს, რომ შოთა შორს სულაც არ არის და მას სადღაც აქვე ახლოს პატრონობენ. ზოგს მიაჩნია, რომ ის ქვეყნიდან გააპარეს. ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია - საქმე კეთდება, თუმცა შოთა არ ჩნდება, ალბათ იმიტომ, რომ ამის ნებას არ აძლევენ, რადგან საქმე მეტისმეტად მყვირალა ძაფით არის შეკერილი და მოსალოდნელ საფრთხეს ის ადამიანები კარგად გრძნობენ, რომლებიც შოთას უკან იდგნენ”.

 

სირაძის გამოუცხადებლობა ეჭვებს მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, კობა ესაძესაც უჩენს. ესაძის თქმით, მან კლიენტთან საუბრიც კი ვერ მოახერხა:

 

- როგორც ჩემი დასაცავის ოჯახის წევრებმა მითხრეს, ის არავისთან კონტაქტობს. მე ადვოკატი ვარ და ვარაუდებოს დონეზე საუბარი არ შემიძლია, თუმცა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე ბევრი უპასუხო შეკითხვა მეც მაქვს, - აღნიშნა ესაძემ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შოთა სირაძის მეუღლეს, გინეკოლოგ მაია პაიჭაძეს, სამსახურში მეუღლის უდანაშაულობის დამტკიცების შემდეგ დააბრუნებდნენ. მართალია, სასამართლოს მიმდინარეობას ისეთი პირი უჩანს, რომ სირაძის უდანაშაულობას სადაცაა დამტკიცებენ, მაგრამ პაიჭაძის შემცვლელი ჩოხატაურის საავადმყოფოში უკვე მოიძებნა. სამი არასრულწლოვანი შვილის უმუშევარი დედა, რომელიც ქმრის დანაშაულის გამო დასაჯეს, ფიქრობს, რომ მისი უსამსახუროდ დატოვება ადგილზე გადაწყდა და ცენტრს ამაში მოანაწილეობა არ მიუღია

 

- მე არავისთან არ მივსულვარ დახმარების თხოვნით. ველოდები, რომ “ნაციონალები” და ის ადამიანები, ვის გვერდითაც მე ვდგავარ, ამ აბავს მოაგვარებენ. მე უფრო ადგილობრივ დონეზე შექმნილი პრობლემა მგონია ეს.

 

ფიქრობთ რომ ეს საავადმყოფოს ხელმძრვანელმა, თემურ კოროშინაძემ გადაწყვიტა?

- თემური ნაკლებმნიშვნელოვანი უნდა იყოს მანდ. მე ძალიან მიკვირს, რომ თურმე სადღაც, ერთ პატარა ჩოხატაურში მაია პაიჭაძე მუშაობს თუ არ მუშაობს ამითა არის დაინტერესებული თბილისი. ეს ძალიან დიდი ეჭვს იწვევს. ვფიქრობ, ეს უფრო ადგილობრივების გადაწყვეტილია.

 

კონკრეტულად ვისზე ფიქრობთ? გგონიათ, რომ სამსახურიდან ანტონ ხუნდაძის მითითებით გაგიშვეს?

- მაგას თქვენ ამბობთ. მე არა.

 

ჩვენ მხოლოდ კითხვებს ვსვამთ.

- მე ხელს ვერავის ვერ დავადებ კონკრეტულად. დრო ძალიან ბევრ რამეს გამოაჩენს ნელ-ნელა. არ არის გამორიცხული გავიდეს თვეები, წლები და ვიღაცას მაია პაიჭაძისთვის კი არა, საკუთარი პიარისთვის დაჭირდეს და თქვას - რატომ დასვით ეს ქალი სახლშიო. მე ვერ ვეგუები, რომ სახლში ვზივარ. ვერ ვეგუები რომ უსამართლოდ დამიტოვეს შვილები შემოსავლის გარეშე. მე ძალიან დიდი პროფესია მაქვს, საჭირო პროფესია. რაც მოხდა დიდი თემაა და ასე განსჯაც რთულია, თუმცა რაც უშუალოდ ჩემთან მიმართებაში მოხდა ეს დანაშაულია. ამას ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცა მხრებით აზიდავს აუცილებლად.

 

ჯანდაცვის სამინისტროში წერილიც კი არ გამიგზავნია, სახლში ვზივარ-მეთქი, იმ იმედით, რომ რაიონის ხელმძღვანელობა, თუნდაც - საკრებულოს თავმჯდომარე, ამ ყველაფერს ხედავს, იცის და არაფერს ამბობს. რაიონიდან წავიდა სპეციალისტი, ვერ იპოვეს მისი შემცვლელი ადგილზე და ვიღაც მოიყვანეს ოზურგეთიდან და ამაზე ხმაც კი არავის ამოუღია. მეც ხომ მათი ამომრჩეველი ვარ, მათი მხარდამჭერი ვარ. მე ადგილობრივ ხელმძღვანელებთან უფრო მაქვს შეკითხვები და პრეტენზიები, თორემ არ მჯერა, რომ იმათ, ვისაც ესენი ასახელებენ ჩემი სამსახურიდან გაშვების ინიციატორად, მაგისთვის ეცალოს. ეს სისულელეა. ვის სცალია მაია პაიჭაძისთვის, ქვეყანაში იმდენი გლობალური პრობლემაა!

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ მაია პაიჭაძის უშუალო ხელმძღვანელი იყო, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის დახმარების თხოვნით არავის მიუმართავს.

 

- როცა პიროვნებას აქვს პრობლემა მან უნდა დააყენოს კიდეც ეს საკითხი, - გვითხრა ანტონ ხუნდაძემ.

 

მაია პაიჭაძის პრობლემის შესახებ თქვენ არ იცოდით?

- მერე?

 

რატომ არ მიაქციეთ ყურადღება?

- როგორ უნდა მიმექცია?

 

მე მეკითხებით, როგორ უნდა მოქცეულიყავით? სიტუაციაში გარკვეულიყავი და საზოგადოება მომხდარის შესახებ საქმის კურსში უნდა გეყენებინათ. ვერ იტყვით, პაიჭაძე არ გვჭირდებოდა და იმიტომ გაუშვესო...

- ეს კერძო შემეთხვევეაა და მე ვერაფერს გეტყვით.

 

როგორც ვიცით, ბოლო ხართ, ვისაც შოთიკო სირაძემ დაურეკა. მას შემდეგ მის ასვალ-დასავლი არავინ იცის. თქვენ როგორ ფიქრობთ, შოთა უბრალოდ იჯდა და ხათრის გულისთვის ურტყამდა ბეჭედს?

- მაგას გამოძიება დაადგენს.

 

გამოძიებამ ასე რომ დაადგინა იმიტომაც გისვამთ ამ შეკითხვას...

- არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია და სანამ სასამართლო არ გადაწყვეტს კონკრეტულად ვინ არის დამნაშავე, მანამდე არაფრის თქმა არ შეიძლება.

 

ბატონო ანტონ, როგორ ფიქრობთ, სირაძეს ასე ყალბ ცნობებს თანაც ამ რაოდენობის რატომ გასცემდა?

- ეს მას ჰკითხეთ. გამოჩნდება და ჰკითხეთ.

 

ფიქრობთ, რომ გამოჩნდება? მის ახლობლებს მიაჩნიათ, რომ მინიმალური თანხის გადახდის შემდეგ თავისუფლებასაც პირდებიან...

- მაგ საქმეში არ ვარ კომპეტენტური. არც გამძიებელი ვარ და არც პროკურორი. გამოჩნდება თუ არა, მე არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება.

 

ხუნდაძისგან განსხვავებით, კარგად იცის რაც ხდება, თემურ კოროშინაძემ. თუმცა, ჩოხატაურის საავადმყოფოს ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს, რა მიზეზით დატოვა უმუშევარი სამი შვილის დედა, თუმცა ამბობს, რომ მას სახლში არავინ გაუშვია (?!). კოროშინაძე ადასტურებს რომ პაიჭაძის შემცვლელი ოზურგეთიდან მოიყვანეს:

 

- მაია პაიჭაძის ადგილზე მუშაობს ოზურგეთელი კადრი, კარგი გინეკოლოგი მაია ჩხაიძე.

 

ბატონო თემურ, როცა რაიონს ჰყავდა კადრი, საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტი, რა მოხდა, რატომ  გაუშვით ის სახლში და რატომ მოიწვიეთ სპეციალისტი სხვა ქალაქიდან?

- ხელშეკრულება გაუფორმა დაწესებულებამ  მაია ჩხაიძეს.

 

რატომ მაია ჩახიძეს და არა მაია პაიჭაძეს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში თქვენთან მუშაობდა?

- ხელშეკრულების გაფორმება კონფიდენციალური ინფორმაციაა და ეხება მხოლოდ დაქირავებულს და დამქირავებელს.

 

ამაში არც არავინ გედავებთ. მე სხვა რამეს გეკითხებით - თქვენ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ხართ, ამ ხელისუფლების წარმომადგენელი. ის ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებას და აყვავებას პირდებოდა. თუმცა, არჩევნებიდან სამიოდე თვეში არათუ დაასაქმეთ, დასაქმებულიც კი სახლში გაუშვით.

- მე  არავის არ ვუშვებ. ეს ჩემი პრეროგატივა არ არის.

 

თქვენ მაია პაიჭაძე სახლში არ გაგიშვიათ?

- მე არავინ არ გამიშვია.

 

ვინ გაუშვა?

- ხელშეკრულება შეუჩერდა.

 

ამ ხელშეკრულებაზე ხომ თქვენ მოაწერეთ ხელი?

- დიახ, დაწესებულებამ რაღაც ეტაპზე შეუჩერა ხელშეკრულება.

 

რამდენ ხანს გაგრძელდება ”ეს ეტაპი”, არავინ იცის. სირაძის მეგობრებმა მხოლოდ ის იციან, რომ “ნაციონალების” ერთ-ერთი აწ უკვე ყოფილი ლიდერის ოჯახს ეტაპი კომუნისტური მეთოდებით გაუგრძელეს. თუმცა, ეს მეთოდები, დღევანდელ დღეს არავის უკვირს, რადგან კომუნისტურ იდეოლოგიას, ჩვენი ხელისუფლება კარგა ხანია იყენებს. იდეოლოგიიდან პრაქტიკამდე კი ნახევარი ნაბიჯია.