შეიძლება თამამად ითქვას, რომ 26 სექტემბერს გასამართი გაეროს გენერალური ანსამბლეის 69–ე სესია კარსაა მომდგარი. უკვე სამი თვეა საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერმინისტრის ვიზიტს ამზადებს და ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა სესიის დღის წესრიგში უკვე ჩასმულია. ამის მიუხედავად, პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს, რომ ნიუ იორკში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტიც მომზადდეს და სიტყვით საქართველოს პრეზიდენტიც გამოვიდეს. არადა, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ერთი ქვეყნიდან ორი ლიდერი ჩასულიყოს და რაც მთავარია, ორივე სიტყვით გამოსულიყოს. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, როცა გინდა გაიგო, რეალურად რა ხდება, თუმცა...
გაეროს ანსამბლეაზე როგორც წესი, მიწვეულებია არიან სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურები. საქართველო ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტი აღარ არის ახალი მთავრობის მეთაური. შესაბამისად, გარეოს ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები (მათ შორის კლიმატის ცვლილებების შესახებ სესია) არის მთავრობის პასუხისმგებლობის ქვეშ, ანუ მასზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეასრულოს მთავრობამ. უნდა გახმოვანდეს ქვეყნის გზავნილები, რომელიც მომზადებულია სწორედ მთავრობის მიერ და უნდა გაახმოვანოს კომპეტენტურმა პირმა, ანუ მთავრობის მეთაურმა.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, გაეროს ანსამბლეაზე რომ ჩავიდეს არა მაგალითად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, არამედ ამ ქვეყნის პრეზიდენტი. იტალიის პრემიერის ნაცვლად იტალიის პრეზიდენტი რომ გაემგზავროს.... დიდი ბრიტანეთის პირველ პირად დედოფალი ითვლება, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებზე პრემიერმინისტრი დადის. ოდესმე დედოფალს უთქვამს, რომ გაეროს ანსამბლეაზე უნდა ჩავიდე და სიტყვით უნდა გამოვიდეო?! და ასეთი სურვილი რომ გაუჩნდეს, დაახლოებით მაინც ხომ წარმოგიდგენიათ, რას იტყვის მსოფლიო და რა სასაცილო დღეში ჩავარდება თავად დედოფალი და მთლიანად ქვეყნის იმიჯს რა მოუვა. ახლა არ მითხრათ, საქართველოს პრეზიდენტს ბრიტანეთის დედოფალზე მეტი გავლენა აქვს და მსოფლიოც მეტად იცნობსო...
ეს არ არის ვინმეს ჭირვეულობის მიზეზი, ეს არის ფაქტი და ეს არის რეალობა, რომელსაც უბრალოდ ვერ გავექცევით და თუ არ გვსურს, რომ გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს სასაცილო გავხდეთ, ეს თემა აღარც კი უნდა განიხილებოდეს.
ამის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ცხრება და ცოტა არ იყოს, სასაცილოდ გამოიყურება. საერთაშორისო არენაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს თავის შერცხვენა არ სურს, ზოგადად, არც რიგით მოქალაქეებს უნდათ, ვიღაცამ ჩვენი ქვეყნისკენ დამცინავი თითი გამოიშვიროს და რატომ ვერ თუ არ იგებს ამას პრეზიდენტის მრჩეველი, ვერ გეტყვით. ფაქტი კი ის არის, რომ გაეროში ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი, 23 სექტემბერს ბარაკ და მიშელ ობამების მიერ ორგანიზებულ სადილზე ღარიბაშვილი მეუღლითურთ არის მიწვეული და ეგებ ეს მაინც გაითვალისწინონ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები თავადაც აღიარონ.