ურეცეპტოდ გაცემული პანიკა

ურეცეპტოდ გაცემული პანიკა

1-ლი სექტემბრიდან ცალკეული მედიკამენტის თვითნებურად შეძენა იკრძალება. საუბარია 5 000-ზე მეტი დასახელების წამალზე. სამაგიეროდ, მომხმარებელს შეუძლია, რეცეპტის გარეშე შეიძინოს 61 ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიკუთვნებული 3600-ზე მეტი სახეობის მედიკამენტი. ესენია ვიტამინები, კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, სიცხის დამწევი, ანთების, ხველის, ანემიის საწინააღმდეგო, ბრონქული ასთმის სამკურნალო, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და სხვა პრეპარატები.

ცნობილია ისიც, რომ ზოგიერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვის შესახებ მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. როგორც ამბობენ, ეს მარკეტინგულ ხრიკზე იყო გათვლილი და ამით ფარმინდუსტრიის წარმომადგენლები ირიბად მოუწოდებდნენ პაციენტებს, დროულად შეეძინათ მედიკამენტები, თორემ შემდეგ უკვე რეცეპტის გამოყენება მოუწევდათ. მართლაც, აფთიაქებთან რიგები დადგა და მომხმარებელი დიდი რაოდენობის მედიკამენტს ყიდულობდა.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხმარებლებს აფთიაქებმა მოკლევადიანი პრეპარატებიც მიჰყიდეს. კონკრეტულად, ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე მოქალაქეების ნაწილმა რამდენიმე ასეული ლარის მედიკამენტები იყიდა, სახლში მიტანისას კი აღმოაჩინა, რომ პრეპარატს ვადა ორ თვეში ეწურებოდა.

აღნიშნული ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც დაადასტურა. მან განმარტა, რომ მისთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა უწყებას არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს, რომ ამაზე პასუხი მოითხოვოს.

ახალი რეგულაციების შესახებ For.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი დავით მაჭარაშვილი ესაუბრა.

1-ლი სექტემბრიდან 5 000-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის თვითნებურად შეძენა აიკრძალა. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ძალზე დიდი რიცხვია?

- არაა დიდი ჯგუფი, აქ გათვალისწინებული იყო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება, რაც არანაირ პრობლემას არ შეუქმნის მომხმარებელს. ეს არის ის სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ადრეც ჩვეულებრივად ექიმის დანიშნულებით მიიღებოდა. უბრალოდ, რეცეპტს ექიმი წერდა ჩვეულებრივ ფურცელზე და არა - უნიფიცირებულ ფორმატზე. ახლა უნიფიცირებულ ფორმატზე გამოწერა პრობლემას არ შექმნის. უბრალოდ, პანიკა შეიქმნა საზოგადოებაში, თითქოს ეს არის აკრძალვა. სინამდვილეში, ეს არ არის აკრძალვა. ეს არის დადგენილი წესი, მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა. პირველ რიგში, დადებით მხარეებზე როცა ვსაუბრობთ, ეს დადებითი მხარეა ზუსტად პაციენტის სასარგებლოდ, მისი ჯანმრთელობის შემოწმება და გამოსწორება, რათა სწორად იქნას დიაგნოზი დასმული და სწორად იქნას შერჩეული სამკურნალო საშუალება. თვითმკურნალობას რა უარყოფითი შედეგიც მოაქვს, ამაზე საუბარი ზედმეტია. როცა სწორად არ არის დიაგნოზი დასმული, როცა არ არის სამკურნალო საშუალება სწორად შერჩეული და „ვიღაცის“, ანუ რომელიმე ახლობლის რჩევით ადამიანს არწმუნებენ, ესა და ეს მედიკამენტი მიიღოს, ავიწყდებათ, რომ პაციენტს შესაძლოა, საერთოდ არ ესაჭიროებოდეს ეს მედიკამენტი და ამან ძალიან ცუდი შედეგი მოგვცეს მომავალში.

უცხოეთშიც 5 ათას წამალზეა დაწესებული შეზღუდვა?

- ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ამ რაოდენობაზე სავაჭრო დასახელებების მიხედვით. თუკი ჩვენ ვისაუბრებთ საერთაშორისო დასახელებებით - გენერიკებით, ეს არის თანაფარდობა - ათას სამასი-ათას ასთან -  რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი. მეორე და მესამე ჯგუფზე მაქვს საუბარი. მეორე ჯგუფზე არის დაახლოებით 1300 (საერთაშორისო დასახელებით) და დაახლოებით 1100-ია ურეცეპტოდ გასაცემთა ნუსხა. 4 ათასამდე დასახელება ურეცეპტოდ გასაცემთა ნუსხაშია. ეს არის სავაჭრო დასახელება. ერთი ნივთიერება შეიძლება ბაზარზე იყოს გაშვებული არათუ ერთეული, არამედ რამდენიმე ათეული სავაჭრო დასახელებით.

ჩამონათვალსაც რომ შევეხოთ, რეცეპტით გასაცემთა შორის არის ნიმესილი, სუპტრასტინი, ანალგინი, კეტონალი, გლუკოზა და დიმედროლი ამპულებში -  ეს საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი მედიკამენტებია...

-  „ანალგინი“ ურეცეპტოდ გაიცემა, ხოლო რეცეპტით გასაცემი არის მხოლოდ საინექციო ფორმა.

დიახ, აქ საუბარია ამპულებზე.

-  იგივე „სუპრასტინი“, „გლუკოზა“ -  საინფუზიო ხსნარი, რეცეპტით გასაცემია და არცერთ ქვეყანაში არ არის დაშვებული, რომ საინექციო და საინფუზიო ხსნარი მიღებული იყოს ექიმის დანიშნულების გარეშე.

ამ ამპულებსაც იყენებდნენ ნარკოტიკდამოკიდებული პირები?

- გააჩნია მედიკამენტებს. მაგალითად, „დიმედროლს“ გვერდითი მოვლენები აქვს და სედაციური ეფექტი, ამის გამოა მოხვედრილი რეცეპტით გასაცემთა ნუსხაში, თორემ არის ალერგიის საწინააღმდეგო მთელი რიგი საშუალებები, რომლებიც მოხვედრილია ურეცეპტოდ გასაცემთა ნუსხაში. სხვათა შორის, ცალკეულ ჩამონათვალში რატომღაც ძალიან ბევრი ისეთი სამკურნალო საშუალებაა მითითებული, რომლებიც ჩვენს მიერ გავრცელებული არ არის და არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.

სრული ჩამონათვალი, ალბათ, თქვენს საიტზეა (Moh.gov.ge) მითითებული.

- დიახ, დევს ჩვენთან, შექმნილია პორტალი, საძიებოში ჩასვამთ საერთაშორისო ან სავაჭრო დასახელებას და თითოეულ მედიკამენტს აწერია რეცეპტით გაიცემა თუ ურეცეპტოდ.

ბოლო დღეებში ცალკეული ფარმაცევტული კომპანიებისგან მომხმარებლები იღებდნენ ტექსტურ შეტყობინებას, რომ 1-ლი სექტემბრიდან გარკვეული წამლები რეცეპტით გაიცემოდა. ამ შინაარსისმესიჯების“ გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცალკეულმა აფთიაქებმა კომერციული ინტერესისთვის ისარგებლეს?

- „მესიჯები“ შეიძლება განვიხილოთ ორ კონტექსტში- ერთი, ჩვენი სამინისტროსადმი თანადგომა, რომ მოსახლეობა ინფორმირებული ყოფილიყო მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გაცემასთან დაკავშირებით, რომ სავალდებული იყო ექიმთან ვიზიტი და „ფორმა №3“ რეცეპტის არსებობა და, მეორე მხრივ, შეიძლება განვიხილოთ, როგორც კომერციული ინტერესი. არასასიამოვნოა, მაგრამ საბოლოო ჯამში, შედეგები მივიღეთ უფრო მეორე კონტექსტიდან გამომდინარე.

ანუ მოსახლეობის მხრიდან უზომო რაოდენობის წამლების შეძენით სარგებელი ნახეს აფთიაქებმა?

- დიახ, ეს იყო უაზრო რაოდენობის წამლების შეძენა, რიგები აფთიაქებში. აფთიაქების ქმედებისთვის კვალიფიკაციის მიცემა გამიჭირდება, მაგრამ დამდგარ მოცემულობაზე ვსაუბრობ, რომ მოსახლეობა ჩავარდა პანიკაში, უაზროდ მოიმარაგა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შესაძლოა, საერთოდ არ დასჭირდეს წლის განმავლობაში და გადასაყრელი გაუხდეს. ეს არის ზედმეტად გაწეული ხარჯი. ამას ემსახურება ზუსტად ეს რეგულაციები, რომ მკურნალობის პროცესში რაც შეიძლება, შემცირდეს სამკურნალო საშუალებებზე გაწეული დანახარჯები, რადგან თვითმკურნალობის დროს მიღებული სამკურნალო საშუალება, როდესაც დიაგნოზი არ არის დასმული და არასწორად არის შერჩეული სამკურნალო საშუალება, შედეგს არ იძლევა. პაციენტს მაინც უწევს ექიმთან ვიზიტი და ხელახალი მკურნალობის ჩატარება. თავისთავად ცხადია, ეს ზრდის მკურნალობის პროცესში სამკურნალო საშუალებებზე გაწეულ დანახარჯს.

საზოგადოება ეჭვობს, ხომ არ მოჰყვება ამ ყველაფერს მედიკამენტების გაძვირება? აფთიაქებთან რიგში მდგომი მომხმარებელი ამბობდა, რომ უკვე ზოგიერთი წამლის დეფიციტი შეინიშნებოდა.

- მე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გამოიწვიოს გაძვირება სამკურნალო საშუალების რეცეპტის უნიფიცირებულ ფორმატზე გადასვლამ? ექიმი ისედაც ხომ წერდა რეცეპტს, ჩვეულებრივ ფურცელზე?

მაგრამ პაციენტები ამბობენ, რომ სწორედ ექიმთან ვიზიტი და რეცეპტის გამოწერა ფინანსებს უკავშირდება.

- რომელ ფინანსებს? უნდა დარეგისტრირდეს იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი (ექიმი), რომ მოიპოვოს რეცეპტი. შეიძლება დარეგისტრირდეს დაწესებულება - იურიდიული პირი, ან შეიძლება დარეგისტრირდეს ექიმი -  დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტი და ეს რეცეპტი უნდა ამობეჭდოს. მოკლედ, ამის თვითღირებულებას რომ ვითვლიდით და თეთრზე 50 %-ით დაბლა რომ წავედით, უკვე აზრი აღარ ჰქონდა ამის დათვლას. ეს არის ჩვეულებრივი „A-4“-ის ფორმატის ფურცელზე ამოსაბეჭდი, პირდაპირ ანიჭებს ნომერს პროგრამა და უნდა ამობეჭდოს და ხელით შეავსოს ეს რეცეპტი, ამიტომ რომელ დანახარჯზეა საუბარი და როგორ შეიძლება ამან გააძვიროს წამალი? ეს აბსურდია.

მედიკამენტების კრიზისი - ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, აფთიაქებთან რიგების შემდეგ ცალკეულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე შეინიშნება დეფიციტი? ხომ არ უბიძგებს ეს ცალკეულ ადამიანებს, გადაყიდონ მასიურად შეძენილი წამლები?

- აჟიოტაჟი წამოვიდა, რომ რამდენიმე დასახელების მედიკამენტზე - „ნიმესილზე“, „კონკორზე“ და სხვა, თითქოსდა, დეფიციტი გაჩნდა. სინამდვილეში, არ არის „კონკორი“ დეფიციტში, 2-მილიგრამნახევრიანი და ათ მილიგრამიანი „კონკორი“ მისაწვდომია როგორც ქსელურ, ასევე, არაქსელურ აფთიაქებში. 5-მილიგრამიანი შედარებით ნაკლებია, მაგრამ ერთ-ერთ კომპანიას მე პირადად ვესაუბრე, მქონდა შეხვედრები რამდენიმე კომპანიასთან და, გარდა იმ ქსელური აფთიაქებისა, არსებობს კიდევ სხვა კომპანიები, რომლებიც შემოიტანენ იმ 5-მილიგრამიანსაც. თუმცა გეტყვით, რომ ევროპული წარმოების „კონკორის“ საერთაშორისო დასახელებაა „ბისოპროლოლი“. არსებობს გერმანული, პოლონური, ბულგარული წარმოების „ბისოპროლოლი“. აღარ მაქვს საუბარი აზიურ და პოსტსაბჭოთა სივრცის „ბისოპროლოლებზე“, ამ ქვეყნებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ნებისმიერი დოზით ძალიან ბევრი „ბისოპროლოლია“ საქართველოში.

„ნიმესილთან“ დაკავშირებით მე თვითონ დამაინტერესა და ერთ-ერთ არაქსელურ კომპანიაში მივაკვლიე, რომ 3 ათასი შეფუვა, მინიმუმ 30-პაკეტიანი, საბითუმო რეალიზატორს უდევს და პლუს, კიდევ გეგმავს, იმპორტი განახორციელოს. ამიტომ ვერ ვიტყვით დეფიციტიაო. ხელოვნურად იქმნება ეს აჟიოტაჟი, საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ასეთი კვალიფიკაცია მივცე, არ არის ეს ჩემი კომპეტენცია, მაგრამ ადამიანი მაინც ფიქრობ, ხომ არ არის ეს ხელოვნურად გამოწვეული პანიკა?

რაც შეეხება გადაყიდვებს და .. შავ ბაზარს?

- სახლიდან ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას ვერ მოახდენენ. ეს უნდა მოხდეს აფთიაქებიდან. ზოგადად, ჩემი რჩევაა, მოსახლეობა არ აყვეს არასწორ ინფორმაციას, საპანიკო სიტუაცია ქვეყანაში არ არის არც ექიმის მომსახურების კუთხით, თითქოს ეს გააძვირებს სამედიცინო მომსახურებას. ყველა დაზღვეულ ბენეფიციარს უფლება აქვს, აირჩიოს ნებისმიერი დაწესებულება, ოჯახის ექიმის ამბულატორული მომსახურება უფასოა. ოჯახის ექიმს შეუძლია, გამოწეროს ნებისმიერი სამკურნალო საშუალება, ამ მხრივ პრობლემა არ შეექმნებათ, ფასთწარმოქმნა სამინისტროს კომპეტენცია არ არის, არანაირი ბერკეტი და საკანონმდებლო ბაზა არ გაგვაჩნია, სამინისტრო ჩაერიოს ამ პროცესში. ბაზარი თვითონ წარმოქმნის ამ ფასებს და ეს რეგულაციები გავლენას ვერ მოახდენს ფასთწარმოქმნაზე.