საგარეო ვიზიტები ის თემაა, რომელიც პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. ამჯერად კი, საქმე ეხება აშშ-ში კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს სამიტს. ახლა პრეზიდენტი და პრემიერი იმაზე დავობენ, ვინ წავა და ვინ გამოვა სიტყვით სამიტზე. გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის მოწვევა ქვეყნის პირველმა პირმა რამდენიმე თვის წინ მიიღო. დაახლოებით 2 თვის წინ კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააკეთა კომენტარი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური დასტური გაუგზავნა გაერო-ს გენერალურ მდივანს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩადის გაეროში და მას ექნება კლიმატის ცვლილების სამიტზე სიტყვით გამოსვლა კოლეგების წინაშე.
ამის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრი გაემგზავარება და კონფერენციის მონაწილეებსაც მიმართავს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკანიანმა აღნიშნა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მუშაობს და ამ ვიზიტზე საუბარი არ ყოფილა.
გადაწყვეტილებას არ ცვლის გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე გააკეთა კომენტარი და მაშინ ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური დასტური გაუგზავნა გაერო-ს გენერალურ მდივანს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩადის გაეროში და მას ექნება კლიმატის ცვლილების სამიტზე სიტყვით გამოსვლა.
„საგარეომ იცის პოზიცია და არის ოფიციალური მიმართვა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არაფერი არ შეგვიცვლია. ოფიციალური დასტური პრეზიდენტის სახელით და ხელმოწერით გაგზავნილია გაერო-ს გენერალური მდივნის სახელზე“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ და აქვე დასძინა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, პრემიერი მიდის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც აქვს სიტყვით გამოსვლა, ხოლო პრეზიდენტი მიდის კლიმატური ცვლილებების შესახებ სამიტზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაერთხელ განუმარტეს, თუ რატომ მიაჩნიათ უხერხულად გაერო-ს სამიტზე ორი დელეგაციის გამგზავრება. ფანჯიკიძის განცხადებით, ნიუ-იორკში დაგეგმილ გაერო-ს სამიტის ღონისძიებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი კი, არის ირაკლი ღარიბაშვილი და იგეგმება მისი გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
„მას შემდეგ, რაც გაერო-ში არის გაგზავნილი ინფორმაცია, რომ პრემიერი არის დელეგაციის ხელმძღვანელი, მის სახელზე მოდის სხვადასხვა სახის მოწვევები. ჩვენ გვქონდა ძალიან ხშირი კომუნიკაცია პრეზიდენტის მრჩეველ თენგიზ ფხალაძესთან. ბოლო შეხვედრა გასულ კვირას მასთან პირადად გვქონდა და ამ შეხვედრების მანძილზე ვცდილობდით განგვემარტა ის არგუმენტები, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ ორი დელეგაციის ერთდროულად გამგზავრება ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო და დააზიანებს ქვეყნის იმიჯს. გარდა ამისა, უხერხულია, რადგანაც ეს ფაქტობრივად არასდროს არ ხდება“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, გაერო-ს კლიმატის ცვლილებებს სამიტზე პრეზიდენტს ჰქონდა სახელობითი მოწვევა. ასეთი სახელობითი მოწვევები იგზავნება ზოგჯერ ისე, რომ არ არის ცნობილი ვინ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი, მაგრამ როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, როდესაც დგინდება ვინ არის დელეგაციის ხელმძღვანელი, ის ესწრება ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც გენერალური ასამბლეის განმავლობაში ტარდება.
„ჩვენ შევეცადეთ ბატონი თენგიზ ფხალაძისთვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განგვემარტა, თუ რა არგუმენტები გვქონდა იმისათვის, რომ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ორი დელეგაციის გამგზავრება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს არგუმენტები არ ყოფილა გათვალისწინებული, რადგან ითქვა, რომ პრეზიდენტის მიერ დასტური არის გაგზავნილი. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ გარდა ამ დასტურისა არ არის მართებული საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით ვიზიტის მომზადება, რაც უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებს ჩვენ, როგორც უწყებას, ზოგადად ქვეყანასაც“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან არის მცდელობა, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ერკვევა საერთაშორისო ვიზიტების სტრუქტურაში, რაც მისი თქმით საზიანოა ქვეყნისთვის, და არა პიროვნება მარგველაშვილისთვის.
For.ge ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.
პრეზიდენტი და პრემიერი დაობენ ვინ წავა აშშ-ში. მაია ფანჯიკიძის განცხადებით კი, ღონისძიებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ირაკლი ღარიბაშვილმა. ბატონო ვანო, ვინ უნდა წარადგინოს ამ სამიტზე საქართველო? ფაქტია, რომ მოწვევა მიღებული აქვს ქვეყნის პრეზიდენტს...
ვანო მაჭავარიანი: გაერო-ს გენერალური ასამბლეა ტარდება წელიწადში ერთხელ, სადაც მოწვეული არიან ქვეყნის მეთაურები, ანუ პრეზიდენტები და სიტყვით გამოდიან პლენარულ სესიაზე. გარდა ამისა, საშუალება ექნებათ ორმხრივი შეხვედრების, ეს შესაძლებლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და კონკრეტულად მინისტრის მეცადინეობით პრეზიდენტს არ მიეცა. როგორც ჩანს, პრეზიდენტს არ მისცეს საშუალება, რომ გაეროს სამდივნოს მოეწვია გიორგი მარგველაშვილი და მიუთითეს, რომ უნდა მოწვეულიყო პრემიერ-მინისტრი, რაც თავისთავად იწვევს უხერხულობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში და გაეროში.
ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის მცდელობა. ეს არასწორია და ემსახურება ერთ მიზანს - პრეზიდენტი არ უნდა იყოს წარმოდეგნილი საერთაშორისო არენაზე. პრეზიდენტი უნდა ჩაანაცვლოს პრემიერმა. ამით ცდილობენ ხაზი გაუსვან იმას, რომ ამ სახელმწიფოში პირველი ფიგურა არის პრემიერი და არა სახელმწიფოს მეთაური, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ სამინისტროს გვერდის ავლით მსგავსი ვიზიტების დაგეგმვა უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, როგორც სამინისტროს, ასევე ქვეყანას. პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ უთანხმებდა საერთაშორისო ვიზიტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს?
- არასდროს არ ყოფილა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ან პირადად მე, საქმის კურსში არ ჩამეყენებინა საგარეო საქმეთა სამინისტრო ნებისმიერი ვიზიტი შესახებ. ეს უწყება დემონსტრაციულად უარს ამბობდა ამ ვიზიტებში მონაწილეობის მიღებაზე, ელჩის დონეზე იღებდნენ მონაწილეობას. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, პრეზიდენტის ადამინისტრაციას საერთოდ არ უნდა ჰქონდეს არანაირი კომუნიკაციის საშუალება გარე სამყაროსთან, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციებთან და მხოლოდ მინისტრის ხელში უნდა გადიოდეს ეს კომუნიკაცია.
ნებისმიერი წერილი მიდის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ეგზავნება ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერს. ასე რომ, მინისტრის ეს განცხადება არის ტყუილი და ემსახურება იმ მიზანს, რომ თავი გაიმართლონ და ადმინისტრაცია წარმოაჩინონ როგორც არაკომპეტენტური ორგანო.
კიდევ ერთი თემა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო, გახლავთ ის, რომ მას კომუნიკაცია არ ქონია პრეზიდენტთან და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტს ამ თემაზე უელსის სამიტზე დაელაპარაკება. ამით მინისტრმა ფაქტიურად დაადასტურა, რომ მასსა და პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია არ არსებობს. რას ნიშნავს მინისტრის ეს განცხადება?
- ეს ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის უპატივცემულობას პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და აგრძელებს ამ დამოკიდებულებას. პრეზიდენტი კონსტიტუციით თუ პოლიტუკური წყობით, ვერ ეახლება საგარეო საქმეთა მინისტრს. მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის ნებისმიერი მცდელობა - მინისტრის პრეზიდენტის სასახლეში მოსვლა და კონკრეტულ თემაზე საუბარი, მაია ფანჯიკიძის მიერ იყო იგნორირებული, ყოველთვის თავს არიდებდა ამ შეხვედრას და ეს არის ფაქტი. სასაცილოც არის ასეთი აგდებული საუბარი, რომ ულესის სამიტზე ექნება პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობა. ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არასერიოზულ მიდგომას, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი საჯაროდ აფიქსირებს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.
ვინ უნდა წავიდეს ამ სამიტზე? წერილი გაგზავნილია როგორც პრემიერის, ისევე პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, ეს უხერხულობას საერთაშორისო ასპარეზზე არ ქმნის, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი?
- მინდა გითხრათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ჩემი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქმიანობის პერიოდში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, რამდენჯერმე გავგზავნეთ ვიზიტების ცხრილი, ეს იყო 2014-2015 წლებში მოწვევა პრეზიდენტისთვის, როგორც მინისტრის, მინისტრის მოადგილის და ასევე პროტოკოლის ხელმძღვანელის დონეზე, თქვენ წარმოიდგინეთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხი დღემდე არ მიგვიღია. როგორც წესი, ვიზიტები წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სახელმწიფო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო არენაზე.
ერთადერთი ახსნა-განმარტება, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღე, გახლდათ ის, რომ ამ ეტაპზე ყველა ვიზიტი დაიგეგმება პრემიერისთვის, მიუხედავად იმისა, ეს ვიზიტი შეეხებოდა პრეზიდენტს თუ მთავრობის მეთაურს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი და პრეზიდენტის უკმაყოფილების თემა იყო. ვცადეთ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა, რამდენიმე შემთხვევაში შევძელით, იმიტომ, რომ ეს იყო მასპინძელი ქვეყნის მოთხოვნა.
საინტერესოა რომელი ქვეყნები იყო?
- აზერბაიჯანი, თურქეთი. ასევე ეს გავრცელდა უელსის სამიტზე, როდესაც მასპინძელმა მიიწვია პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური და უმაღალესი მთავარსარდალი, რომლის გარეშე, კონსტიტუციის მიხედვით, ვერ მიიღება სახელმწიფოსთვის უსაფრთოების თუ თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში, სადაც საშუალება ეძლევა სამინისტროს და კონკრეტულად მინისტრ ფანჯიკიძეს, ის მაქსიმალურად ცდილობს მხოლოდ პრემიერის დონეზე იყოს აწყობილი ნებისმიერი ვიზიტი.
ამით ცდილობს ხაზი გაუსვას, რომ პრემიერი არის პირველი პირი, რომელიც უნდა იღებდეს ყველა გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს დავალებული აქვს და თვითონაც აქტიურობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაქსიმალურად იყოს დაკნინებული, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს ვალდებულებებს ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პრეზიდენტს გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან ჰქონდა მოწვევა. ის, რაც ახლა ხდება, ეს არის დადასტურება იმისა, რომ მათ კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ საერთაშორისო გლობალურ ფორუმებზე წარმოდგენილი იყოს პრემიერი. ეს არასწორია. მოწვევა მოვიდა მარგველაშვილის სახელზე, თუ მარგველაშვილი უარს არ იტყოდა, ან დელეგირებას არ გააკეთებდა, სხვა შემთხვევაში, ეს არის მისი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის კიდევ ერთი მცდელობა. რაც ძალიან სახიფათოა ქვეყნის დემოკრატიული მმართველობისთვის.