ზაზა პაპუაშვილი მანანების, ალისტრახოებისა და ვიგინდარების შესახებ

ზაზა პაპუაშვილი მანანების, ალისტრახოებისა და ვიგინდარების შესახებ

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ შეუცვლელი იყოს მანანა ბერიკაშვილი! ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს კულტურის მინისტრის მოადგილე, ასეთი მაღალი თანამდებობა არ უნდა ეკავოს, როგორც არ უნდა იყოს რუსთაველის თეატრში ეს გაუგონარი პიროვნება“, - აცხადებს უმრავალესობის წევრი, ზაზა პაპუაშვილი რომლის განცხადებით,  ფსონი უნდა დაიდოს კვალიფიკაციაზე და განათლებაზე.

For.ge ზაზა პაპუაშვილს ესაუბრა.

NDI-ს კვლევებით, მოსახლეობამ ხელისუფლების საქმიანობას საშუალო შეფასება მისცა. რითია გამოწვეული ძალიან მოკლე დროში, ეს იმედგაცრუება?

ზაზა პაპუაშვილი: იცით, ყოველთვის ერთ რაღაცაზე მწყდებოდა გული, რისკენაც  მივისწრაფვოდით, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია გვინდოდა, ვფიქრობ, ყველა ამ სათუთ ცნებებს სათანადოდ ვერ მოვექეცით. ვერ გავიაზრეთ, ვერ მივხვდით, როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნება. ვერ ჩამოვყალიბდით როგორი ქყვეყნის მშენებლობა გვინდოდა, საით უნდა წავსულვიყავით, რა ამოცანებს ვისახავდით. ემოციით, გავლენით, ტყუილით და პიარით შენდებოდა ყველაფერი.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვერ მივიღეთ გამართული სისტემა. ვერც ერთმა პრეზიდენტმა ქვეყანა ვერ მართა. კლასიკური გაგებით, ეს არ იყო საპრეზიდენტო მმართველობა, ეს იყო ერთ კაცზე მორგებული კანონი და კონსტიტუცია, ერთი კაცის გავლენა. დანარჩენი ყველა მხოლოდ ბუტაფორია იყო. სახელმწიფო მოწყობის დიდი არცოდნა გამოვიჩინეთ. იმისათვის, რომ სახელმწიფო ჩამოყალიბდეს, კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი.

რაც შეეხება საზოგადოების უკმაყოფილებას, საჭიროა მეტი ადამიანური რესუსრსი, და ვფიქრობ, რომ აქ არის პრობლემა. საჭიროა მეტად გავიდეთ ხალხში და მოვნახოთ ის ადამიანები, რომლებსაც გამოცდილებაც აქვთ და პროფესიონალიზმი, არ იქნება ვინმეს ან ბიძაშვილი, ან დეიდაშვილი.

რატომ არ ეძებს ხელისუფლება პროფესიონალ  და კვალიფიციურ კადრებს, არადა ეს ხომ ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს?

- ვფიქრობ, რომ აქ არის ხარვეზები. ზოგიერთი ცნობილი ოდიოზური ფიგიურა, რომელმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, ხალხი ისევ ხედავს მათ თანამდებობაზე, რასაკვირველია ეს იწვევს უკმაყოფილებას, და ხშირ შემთხვევაში გაუგებრობას. ყველაფერზე კმაყოფილი ვერ ვიქნებით, ყველაფერზე თავის დაქნევა არ გამოდის. პირიქით, ჯანმრთელად შევხედოთ ამ პროცესებს და ვიბრძლოთ იმისათვის, რომ ღირსეული და გამოცდილების მქონე კადრები დადგნენ ქვეყნის სამსახურში.

თქვენ ახსენეთ ოდიოზური ფიგიურები, რომელებიც დღემდე არიან სახელმწიფო სტრუქტურებში. ვინ არიან ეს ოდიოზური ფიგურები?

- ხშირ შემთხვევაში ჩემი უკმაყოფილება ემთხვევა ძალიან ბევრი ადამიანის უკმაყოფილებას. უკმაყოფილებას იწვევს იმ ადამიანების თანამდებობაზე ყოფნა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს რადიკალურად სხვა პოზიციას აფიქსირებდნენ, ან თანამონაწილეები იყვნენ იმ პროცესების. ალბათ დაიხვეწება ეს ყველაფერი. ვისურვები იმ ადამიანების გამოჩენას, რომელთაც გაცილებით მეტი გამოცდილება და სუფთა წარსული აქვთ. ძალიან კარგია კონკურსები, მაგრამ გარემო უფრო კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს, ვიდრე დღეს არის. ფსონი უნდა დაიდოს კვალიფიკაციაზე და განათლებაზე. კონკურსებს ფასი უნდა დაედოს.  

საკადრო პოლიტიკა არის ის საკითხი,  რომელმაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. არ ფიქრობთ, რომ ამ კუთხით პრობლემა არის ხელისუფლებაში, როდესაც კადრების შერჩევისას აქცენტი კეთდება იმაზე, ვინ, ვისი ნათესავია...

- იცით, ჩვენ ვცხოვრობდით ისეთ ქვეყანაში, სადაც დიპლომი უფრო ჭრიდა, ვიდრე განათლებული ადამიანი. საჭიროა მეტი გამჭვირვალეობა. სხვათაშორის მიტჩელის ძალიან მეგობრული წერილი იყო, რომელმაც ხარვეზებზე მიგვითითა, ასევე იმ კარგზე, რაც კეთდება. მთავარია, რომ არაფერი ბოროტებით, ჯიბრზე, თავხედურად და პომპეზურად არ კეთდება. დღეს ფიქრია იმაზე, როგორ მივაღწიოთ სიმაღლეებს.

მოგეხსენებათ, რაც ხდება მეზობელ უკრაინაში, ამას დიდი გაფრთხილება სჭირდება და არა ისეთი ლაწირაკული გამოხტომები, რასაც აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“. ასეთი გამოხტომებით ცდილობენ გაამართლონ თავიანთი არსებობა და ყურადღება გადაიტანონ. მათ ერთი სული აქვთ საქართველოშიც მოხდეს ის რაც დღეს უკრაინაში ხდება.

ამ მცდელობისკენ არის მიმართული მათი აქტივობა? მაგალითად, თქვენი კოლეგა, პარლამენტის წევრი აკაკი მინაშვილი და ადვოკატი რომეო საჯაია ცდილობდნენ სახელმწიფო შენობაში, შსს-ში ყოველგავრი საშვის გარეშე შესვლას, აშკარად ძალადობდნენ დაცვის თანამშრომლებზე, იმ მოტივით, რომ დაკავებული იყვნენ „თავისუფალი ზონის“ წევრები. რა კვალიფიკაციას მისცემთ თქვენი კოლეგის ამ საქციელს?

- თურმე ახლა აღმოაჩინეს მარჯანიშვილის ხიდზე ის გერბი. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის უნიკალური მასალა...ასეთი ლაწირაკები, არამზადები, პროვოკატორები და დემაგოგები მართავდნენ ამ ქვეყანას. არავითარი ლოიალობა,  მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი. ერთი სული აქვთ, რომ ქვეყანა პროვოკაციაში გახვიონ და მერე ისევ რუსეთი ვიძახოთ. მათზე კარგად ვიცით რუსეთი ვინ არის და რა არის.

ასეთი მოსაზრებაც კი გაჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი აქტივობა, მათ შორის უკრაინაში ხელს აძლევს რუსეთის ხელისუფლებას...

- ამათ სიმშვიდე არ უნდათ! ამიტომ, აქ ძალიან მკაცრი უნდა იყოს შეფასებაც და სამართალდამცავთა მოქმედება. რას ჰქვია, „მე დეპუტატი ვარ და სადაც მინდა იქ შევალ!“ ამას პასუხი უნდა გაეცეს! მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ არის რუსეთი, მაგარამ ვერ აჩერებენ ამ მტარვალს, რომელიც მზად არის, რომ გადაუაროს ყველაფერს. არ შეიძლება ამ გააფრთებულს პირში ჩაუდო ხელი და იძახო, რომ დათვმა მაჯა მომაჭამა და ამით განვაცვიფროთ მთელი მსოფლიო. ეს არაა ვაჟკაცობა, ეს კრეტინიზმია. დავფიქრდეთ, რა აწყობს ჩვენს ქვეყანას და რა გადაარჩენს. გადარჩენის რეცეპტი ყველასათვის საერთო არ არის. ამ ლაწირაკების ვაჟკაცობა ჩვენ ვნახეთ, მათი ვაკაცობის ხარისხი უკვე შეამოწმა ქვეყანამ და საზოგადოებამ.

მათი ასეთი უპრაგონო, არადიპლომატიური, არაპოლიტიკური, საქციელების ჩადენა უკვე დავინახეთ და იგივე გავიმეოროთ? არც ერთ შემთხვევაში. ნულიდან არის ყველაფარი დასაწყები. შესავსებია ევროპული თაროები ჩვენი პროდუქტებით, ამას ეკონომიკის აღმშენებლობა სჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოვძებნოთ ნიჭიერი ადამიანები და არ შევქმნათ კონკურენტუნარიული თავისუფალი გარემო. არ შეიძლება დეპუტატებმა და მთავრობის წევრებმა ასე საკუთარი თავის ტკბობაში გავატაროთ.  პირიქით, კრიტიკულად უნდა შევხედოთ საკუთარ თავს. მე ვიცი, რომ მინდა ვემსახურო ქვეყანას. ეს ქვეყანა მარადიულია და ჩვენ მისი მსახურება გვმართებს.

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე გიორგაძის დანიშვნა უარყოფითად შეაფასეთ. თქვით, რომ თქვენთვის გაურკვეველი იყო რა კრიტერიუმებით შეირჩა გიორგაძის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე. დღესაც იგივე აზრზე ხართ?

- ეს ჩემი პოზიციაა და ვასაბუთებ კიდევაც. დღევანდელმა მინისტრმა თქვა, ჩემი გუნდით უნდა მოვიდეო... მართლა უნდა მოვიდეს თავისი გუნდით. ასეთი პრეტენზული განცხადების მერე კი, ლოდინი გმართებდა, მაგრამ მთელი გუნდით ვერ მოვიდა. ვერ გავიგე მის მიერ განთავისუფლებული მინისტრის მოადგილე ბერიკაშვილი, რატომ დაბრუნდა ისევ?! თვითონაც განაცხადა, სწორია, რომ გაგვათავისუფლა, თავისი გუნდით უნდა მოვიდესო. შემდეგ იყო მისი მშობლის ინტერვიუ - რა კარგია, რომ მოხსნეს მანანაო.

ამის მერე ეს ადამიანი ისევ ხდება მინისტრის პირველი მოადგილე. აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის. მანამდე რითი გამოიჩინა თავი?! სამინისტრო ვერ ელევა ამ ადამიანს, ისევე როგორც რუსთაველის თეატრში ვერ ელევიან ყველაზე სამარცხვინო ადამიანს, დღევანდელ ფაქტიურ დირექტორს თევზაძეს. ოღონდ ზაზა პაპაუაშვილი არ იყოს თეატრში და სცენაზე, რაც აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის. დღემდე პასუხი არ მიმიღია მინისტრისგან. არ ვიცი დღევანდელი მინისტრი როგორ შეხედავს ამ საკითხს.

არის კითხვები, რომელზეც პასუხი გასაცემია და ამის მაგივრად ყალიბდება რაღაცა შეხედულებები. 700-800 ათასით რატომ შეიძლებოდა დაფინანსებულიყო უნიჭო პროექტები, რაში იხარჯებოდა ეს ფული, ეს არის კითხვები, რომელიც პასუხებს საჭიროებს. ვხედავთ ტენდენციურ გადაწყვეტილებებს.  ეს ჩემთვის მიუღებელი იყო, არგუმენტებით ვაკრიტიკებდი კულტურის სამინისტროს, ამიტომ ისინი ვერც მეკამათებოდნენ. ვისურვებდი, რომ ნებისმიერი საქმე კვალიფიციურად გადაწყდეს და, არა შიშით და ხმის ვერ ამოღებით.

შეუცვლელია მანანა ბერიკაშვილი ქართული კულტურისთვის?

- ღმერთმა დაგვიფაროს, რომ შეუცვლელი იყოს მანანა ბერიკაშვილი! ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს კულტურის მინისტრის მოადგილე, ასეთი მაღალი თანამდებობა არ უნდა ეკავოს, როგორც არ უნდა იყოს რუსთაველის თეატრში ეს გაუგონარი პიროვნება. ეს არის ჩემი პოზიცია. ამ პოზიციას ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებს, როგორც იტყვიან კულისებს მიღმა. ზოგი ვერ ბედავას ამაზე საუბარს, ზოგი ჩურჩულებს, ზოგი კურკურებს, ზოგი წკმუტუნებს და ზოგი მუნჯად არის. ვფიქრობ, რომ მე მევალება ამის თქმა.

უტანჯველად  ერთი თეთრი არ მომიპოვებია, არც საზოგადო ცხოვრებაში მიცხოვრია ბუჩქებში და საწოლის ქვემოდან არ მიყურებია მოვლენებისთვის. ამ წუხილის ხმამაღლა გამოთქმის უფლება მაქვს. შეიძლება სხვამ მოისურვოს ნაცარი შემაყაროს თვალში, მაგრამ საკუთარ თავს ამას ვერ ვაკადრებ. ჩემს სულში აღმოცენებულ ფასეულობებს ვერ ჩავკლავ და ვერ გავხდები ცოცხალი ლეში.

აქვე მინდა მოვისმინო თქვენი შეფასება ე.წ. „ალისტრახოების“ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებასთან დაკავშირებით. საზოგადოებას კარაგად ახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კამერებით შეიარაღებული ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, მალხაზ ბასილაია დასაქმებულია ორ საჯარო უწყებაში პიარის სამსახურში. მისი დამსაქმებელი ამბობს, რომ მთავარია დღეს აზროვნებს ეს ადამიანი. საინტერესოა, რა პოზიცია გაქვთ, როგორც უმრავლესობის წევრს?

- ამ ალისტრახოების თუ ამ ვიგინდარების, ქვეშაფსიების შეფასებაში... სავლეები იყვნენ და პავლეებად გადაიქცნენ - ეს ადამიანების ცოტა სხვა კატეგორიებს ემართებათ, ეს ღვთის წყალობით ხდება. არა მგონია ამ ვითომ ჟურნალისტებს დაემართოთ ეს ღრმადშთამბეჭდავი მოვლენა. რა წუნკლებიც იყვნენ სულით და ხორცით, ისეთივე წუნკლები დარჩებიან ბოლომდე. მათ არც ქვეყნის სიყვარული გააჩნდათ, არც ადამიანის დანიშნულება და ფასეულობა. როგორც ვერ გაქრება ბოროტება და პროსტიტუცია, ასევე იქნებიან ესენი. ჩვენ, საზოგადოება უნდა ვიყოთ ისეთი ძლიერი, რომ მათ არ ჰქონდეთ ასეთი დასაყრდენი. ჟურნალისტებს გაქვთ იმის ძალა, რომ ამხილოთ ის სტუქტურები სადაც ესენი არიან მოთავსებული. არ შეიძლება, არა...!!! ეს ძალიან ცუდად მოქმედებს საზოგადოებაში.