საქართველო პარადოქსების ქვეყანაა... შორიდან ისე ჩანს, რომ ყველაფერი რიგზეა ხოლმე, მაგრამ... ეს მაგრამ არის, ვერაფერს რომ ვერ ვუხერხებთ და მერე თავში საცემად გვაქვს ხოლმე საქმე. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა თავში საცემად საქმე ქვეყნის შიგნით კი არა, საერთაშორისო მასშტაბით გაგვიხდეს.
26 სექტემბერს გაეროს გენერალური ანსამბლეის 69-ე სესია გაიმართება. სესიაზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიფრინავს და მანამდე, 23 სექტემბერს, პრემიერი მეუღლითურთ ბარაკ და მიშელ ობამების სახელით გამართულ წვეულებას დაესწრება. ამას გარდა, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა და ეს ყველაფერი დღის წესრიგში უკვე ჩასმულია. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე სამი თვის განმავლობაში მუშაობდა და უკვე ყველაფერი დაგეგმილ-გადაწყვეტილია, თუმცა...
ამერიკაში წასვლა საქართველოს პრეზიდენტსაც სურს. უფრო მეტიც, გიორგი მარგველაშვილს გაეროს სესიაზე დასწრება უნდა და პარალელურად სიტყვის თქმაც. სურვილი ოფიციალურად პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისადმი, დავით ზალკანიანისადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში დაადასტურა და...
"ვიცი, რომ სისულელეა და ზალკანიანმა კინაღამ ფანჯრიდან გადამაგდო ამის გულისთვის. რა ვქნა არ ვიცი, მარგველაშვილს ამერიკიდან იაკობაშვილი აგიჟებს, ჩამოდი და ვიზიტებს მე დაგიგეგმავო, აქ კიდევ ვანო მაჭავარიანი უკიჟინებს, დაიკიდე ქვეყნის იმიჯი, საკუთარ იმიჯზე იზრუნეო. მე კიდევ აშკარად ვიჭყლიტები, რა ვქნა, არ ვიცი და ვერ ვხვდები... საგარეო საქმეთა სამინისტრო მართალია, ბანანის რესპუბლიკის ლიდერებიც არ იქცევიან ასე. ღარიბაშვილი მიდის და ეს სად ეკვეხება, არ ვიცი",-აღნიშნული სიტყვების ციტირება ფხალაძის მეგობარმა კულუარულად გააკეთა და თან დაიჩივლა, თენგო შავ დღეშია, ასეთი გაწონასწორებული კაცი მწყობრიდან არის გამოსულიო.
ეს კულუარულად, თორემ ღიად ფხალაძე არ მალავს, რომ პრეზიდენტი ნიუ იორკში უნდა წავიდეს და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით გაეროში სიტყვაც უნდა თქვას. სამაგიეროდ, ვანო მაჭავარიანი არ იხევს უკან და აცხადებს, რომ ფხალაძესთან საუბრები ხშირად აქვს, მაგრამ კონკრეტულად ამ თემას ვერ იხსენებს, მაგრამ ის, რომ პრეზიდენტის იმიჯზე ზრუნვა აუცილებელია და მას იმაზე მეტი ეკუთვნის, ვიდრე ამჟამად იღებს, მაჭავარიანისთვის უდაო ფაქტია.
საკუთარ პოზიციას იცავს საგარეო საქმეთა სამინისტრო და დავით ზალკანიანი. ტრადიციულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ სამინისტრო მთლიანად პრემიერის ვიზიტზეა გადართული, რადგან ეს ვიზიტი სამი თვეა მზადდება და უმაღლეს დონეზე უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის შესაძლო წასვლას ამერიკაში და გაეროში სიტყვით გამოსვლას, ზალკანიანი მხრებს იჩეჩავს და ეს იმის მიუხედავად, რომ ფხალაძე ამტკიცებს, ბან კი-მუნის სახელზე წერილი გაგზავნილია და დასტურიც ნათქვამიაო. საგარეო საქმეთა სამინისტროს კი იგივე ბან კი-მუნის წერილი უდევს, სადაც ის მზაობას გამოთქვამს ღარიბაშვილთან შესახვედრად და უკვე თავად გაეროს გენერალური მდივანიც დაბნეული იქნება – ოფიციალური ვიზიტით ჩადის პრემიერი, სიტყვით გამოდის პრემიერი და... მარგველაშვილი თანახმაა, სიტყვით გამოვიდეს და ბან კი-მუნს შეხვდეს.
კიდევ კარგი, ახალ პრეზიდენტს ძველი პრეზიდენტის დარი მადა არ აქვს (ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ გამოუვლენია), თორემ, სერიოზული ეჭვი გვაქვს, ობამას მიწვევაზეც მოითხოვდა დასწრებას და ამერიკის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე ყველაფერი საუკეთესო რომ იქნება, ცხადია. არც ის არის გამორიცხული, რომ იმავე იაკობაშვილმა, რომელიც მარგველაშვილს ამერიკიდან აგულიანებს, რამდენიმე შეხვედრა ყოფილ პრეზიდენტსაც დაუგეგმოს და მერე ნახეთ რა სასაცილო დღეში აღმოვჩნდებით – გაეროში ოფიციალურად ჩავა ღარიბაშვილი, თვითმფრინავს ჩაყვება მარგველაშვილი და შესაძლოა სადმე კიბესთან ჩასაფრებული იყოს სააკაშვილი. დაამთვარებს ღარიბაშვილი ოფიციალურ შეხვედრებს და მისგან გამოსული რომელიმე ქვეყნის ლიდერი გადააწყდება მარგველაშვილს, რომელიც მართალია არაუფლებამოსილი და არაკომპეტენტური იქნება ამა თუ იმ საკითხში, მაგრამ რამდენიმე ფილოსოფიურ ფრაზას მაინც იტყვის და იქვე, კიბის კუთხიდან გამოვარდება სააკაშვილი. ეს ცირკი აშკარად მოსალოდნელია და მოსალოდნელია მხოლოდ იმიტომ, რომ ოფიციალურად გაეროს ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი ერთი ქვეყნიდან ორი ლიდერი ჩასულიყოს, ორ ლიდერს წარმოეთქვას სიტყვა და ორ ლიდერს გაემართოს შეხვედრები. მთავრობის მეთაური ღარიბაშვილია, მიწვეულიც ღარიბაშვილია, სიტყვითაც ღარიბაშვილი უნდა გამოვიდეს და... მარგველაშვილს ან საქსოვი ძაფი გამოელია, ან ჩხირი გაუტყდა... მახათით შეცვალე ეგ ჩხირი, მახათით!!!