ქართველი მუსლიმანები რელიგიას ამოფარებულ ექსტრემიზმს ემიჯნებიან

ქართველი მუსლიმანები რელიგიას ამოფარებულ ექსტრემიზმს ემიჯნებიან

მზარდი რელიგიური ექსტრემიზმისა და ძალადობის პასუხად საქართველოს მუსლიმანთა რელიგიურმა ორგანიზაციებმა მშვიდობიანი გაერთიანების დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

როგორც ქართველ მუსლიმანთა დეკლარაციაშია ნათქვამი, ისინი ემიჯნებიან რელიგიის სახელით მოქმედ ექსტრემიზმსა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, რადგან დაპირისპირება და ქიშპი ბოროტებად ითვლება და „ალაჰს მხოლოდ კეთილისმყოფელები უყვარს“.

დეკლარაციაზე ხელმომწერი 16 რელიგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ რელიგიურ შეხედულებებში განსხვავების მიუხედავად, საქართველოში მცხოვრები მუსლიმანური რელიგიური ჯგუფები არ დაუშვებენ ურთიერთდაპირისპირებასა და ძალადობას ისლამის სახელით.

ხელმოწერა სასტუმრო „ამბასადორში“ სრულიად საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა და მას საქართველოს შიიტი და სუნიტი მუსლიმანების სულიერი ლიდერებისა და მუსლიმანური არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, საქართველოს საპატრიარქოს, პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის, რელიგიურ საქმეთა სააგენტოს, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ერაყისა და ლევანტის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მეთაურების მხრიდან ბოლო ხანებში რამდენჯერმე გამოითქვა მუქარა კავკასიის სახელმწიფოების მისამართით. ვაცხადებთ, რომ საქართველოში მუსლიმანურ ორგანიზაციებს შორის დღემდე არ ყოფილა დაპირისპირება და ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებოდით ისლამის სახელით ძალადობას,“ - აცხადებს სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი.

რელიგიის სახელით მოქმედი ექსტრემიზმისა და ძალადობის საფრთხის წინააღმდეგ მუსლიმანური რელიგიური ორგანიზაციების გაერთიანებას მიესალმება დასავლეთ საქართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძე. იგი აცხადებს, რომ ისლამში ნებისმიერი დაპირისპირება და ძალადობა ბოროტებად ითვლება.

აღმოსავლეთ საქართველოს მუფტის იასინ ალიევის თქმით კი, კაცის მკვლელი ეშმაკის მეგობარია და ნამდვილ ისლამში კაცის კვლა არაა მიღებული.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ უნიკალურია საქართველოს მუსლიმანთა ერთობა, რადგან შიიტი და სუნიტი ლიდერები არა მარტო ერთად აღავლენენ ლოცვას, არამედ ერთად მოუწოდებენ მსოფლიოს მუსლიმანებს, შეწყდეს ძალადობა მსოფლიოში.

მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი, რომელიც, ამავდროულად, ამ ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდა, For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 2011 წლიდან სრულიად საქართველოს მუსლიმანთა სამმართველო ჩამოყალიბდა. უფრო ადრე ქართველი მუსლიმანები აზერბაიჯანის მუსლიმანთა სამმართველოს ექვემდებარებოდნენ. დღეს კი, აღნიშნული სამმართველო, რომელიც განაგებს ქართველ მუსლიმანთა - შიიტთა და სუნიტთა რელიგიურ ცხოვრებას, ხელმოწერით აფიქსირებს, რომ არავითარ შემთხვევაში, არ წავლენ საქართველოს სახელმწიფოს მშვიდობისა და თავისუფლების ინტერესების წინააღმდეგ.

„ძალიან ბევრი აგრესიული ისლამური გაერთიანებაა, რომლებიდანაც შესაძლოა, განხორციელდეს გარკვეული მუსლიმანური ჯგუფების დაფინანსება. ამიტომ ქართველი მუსლიმანები ემიჯნებიან აგრესიულ ისლამს და ექსტრემიზმს“,-აცხადებს ლელა კურდღელაშვილი.

For.ge სრულიად საქართველოს შეიხს რამინ იგიდოვს ესაუბრა. 

დეკლარაციაზე ხელმოწერა ვისი იდეა იყო?

- მსოფლიოში, კონკრეტულად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით მთელი მსოფლიო აღშფოთებულია. რა თქმა უნდა, საქართველოში მცხოვრები მუსლიმანებიც ასე უბრალოდ ვერ გავჩერდებოდით. ამიტომ სრულიად საქართველოს  მუსლიმანთა სამმართველოს ხელმძღვანელებმა გადავწყვიტეთ, ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაგკვეკეთებინა. ასევე, რელიგიურ სფეროში მოქმედმა ორგანიზაციებმაც სურვილი გამოხატეს, ხელმოწერით დაედასტურებინათ, რომ უარს ამბობენ ძალადობაზე, ექსტრემიზმზე, ისინი მშვიდობის დეკლარაციას აწერენ ხელს. ერთიანობას ვამტკიცებთ საქართველოში, რადგან წლების განმავლობაში სწორედ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს შორის, მიუხედავად გარკვეული ტრადიციული მიმდინარეობისა, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. არ ყოფილა  დაპირისპირება, არამედ ძმურად, მეგობრულად ვცხოვრობდით და ამის მაგალითი გვინდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს. მეტიც, საქართველო ოდითგანვე მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანა იყო, თქვენ გამოირჩეოდით ტოლერანტულობით და, ალბათ, ამის შედეგია, თუნდაც დღეს, თუნდაც წარსულში, რომ ურთიერთგაგებითა და მეგობრობის გრძნობით ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ ქართველებთან.

ერაყისა და ლევანტის მუსლიმანური სახელმწიფო კონკრეტულად რა პრობლემებს შეუქმნის განსხვავებული მიმდინარეობის მუსლიმანებს? ამასთან, საქართველოზე როგორ აისახება მათი გაძლიერება, რადგან კავკასია, მათ შორის, საქართველოც მოხვდა მათ მიერ შედგენილ რუკაზე.

- რა თქმა უნდა, საინფორმაციო საშუალებით, ასევე, ინტერნეტპორტალებით შევიტყვეთ, რომ ლევანტისა და ერაყის ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების წევრებმა კავკასიასაც მუქარა შემოუთვალეს, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტულ საფრთხეზე ვერაფერს ვიტყვი. ეს ღონისძიება იმის დასტურია, რომ საქართველოში ყველა მუსლიმანს მოვუწოდებთ, ერთიანად ვიყოთ, ტრადიციული ისლამით ვიცხოვროთ, რადგან ის პრობლემები, რაც დღეს მსოფლიოშია, სწორედ იმის გამოა, რომ ისინი ჯგუფებად დაიყვნენ და იდეოლოგიურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თუ დღეს ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს პრობლემა არც საქართველოს და კონკრეტულად, არც კავკასიას არ დაემუქრება.

ამ ეტაპზე ეს საფრთხე უფრო ისლამისტებისკენ არის მიმართული, თუ ქრისტიანებისკენ?

- ყველანი იმ ფაქტს მოვესწარით, რომ ამ დღეებში ერაყში ეროვნებით იეზიდები გაჟლიტეს, დახოცეს და ასევე, რამდენიმე ეკლესია, რომელსაც ჩვენ, მუსლიმანები ღვთის სახლად ვთვლით და პატივს ვცემთ, ისინიც დაანგრიეს და გაანადგურეს.  მსოფლიოში რელიგიური ექსტრემიზმი მზარდია. ამაზე მიუთითებს ამ რელიგიური დაჯგუფების - ერაყისა და ლევანტის მუსლიმანური სახელმწიფოს გააქტიურება და მათ მიერ გაცხადებული სურვილი, შექმნან ახლო აღმოსავლეთში ისლამური სახელმწიფო. აღნიშნული ორგანიზაცია საკუთარი გავლენის გაფართოებას სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმანთა გადაბირებითა და მათი კონსოლიდაციით ცდილობს.

ამ ექსტრემისტული იდეის განხორციელებას დღეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ერაყსა და ღაზას სექტორში. მათი აგრესიული განაცხადები უკვე მოისმინეს ჩვენმა მოქალაქეებაც, როდესაც რამდენიმე დღის წინ ამერიკელ ჟურნალისტზე შურისძების კადრები იხილეს. ჟურნალისტის მკვლელობას ჩვენ ვგმობთ, ის ადამიანი თავის სამუშაოს ასრულებდა და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდა. იგი მოკლეს, მაგრამ, ასევე, დავამატებ იმას, რომ იქ ყოველდღე ასობით, ათი ათასობით ადამიანი იხოცება, რომელთაც არანაირი ბრალი არ მიუძღვით. ისე, უბრალოდ ხოცავენ ამ ადამიანებს და ეს ყველაფერი ხდება ისლამის სახელით. ამ დროს კი ისლამი სიყვარულს, მეგობრობას და ერთიანობას ქადაგებს. ეს ყველაფერი დასაგმობია და ჩვენ ამას ვერ დავმალავთ. რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, ჩვენ, როგორც მუსლიმანთა სამმართველო, ტრადიციულ ისლამს ვქადაგებთ და ვზრუნავთ მის გამყარებაზე, მაგრამ, სადაც აგიტაცია-პროპაგანდის ნაკლებობას განიცდის რეგიონები, სოფლები ან დასახლებები, ამ სიცარიელით ეს დაჯგუფებები, მათი წარმომადგენლები სარგებლობენ და იქ თავიანთ იდეოლოგიას ავრცელებენ, რაც სამწუხაროა.  

ანუ კავკასიაში მათი საყრდენი სუნიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა- ვაჰაბიზმია?

- რა თქმა უნდა, კავკასიაში მათ საყრდენად ვაჰაბიზმი იგულისხმება.

საქართველოში ისლამური ოთხი ანკლავია, სადაც მუსლიმანები არიან დასახლებულნი-აჭარა, პანკისი, აფხაზეთი და ქვემო ქართლი. რა საფრთხეები შეიძლება შეიქმნას ამ ოთხ ანკლავში საქართველოსთან მიმართებით?

- სადაც არატრადიციული ისლამი შემოდის, ეს სიცარიელის ბრალია, რადგან ამ ადგილებში ტრადიციული ისლამის გავრცელების, განათლების პრობლემაა.

ისლამური სახელმწიფო 15 ათას მებრძოლზე მეტს აერთიანებს. მათი საფუძველი რა არის-არასწორად გაგებული ისლამი? რამდენად მზარდია ეს რიცხვი და შესაძლებელია, ქრისტიანული ქვეყნებიც მოექცეს მათი გავლენის ქვეშ, როგორც ეს მათ რუკაზე ჩანს? ისინი არც მალავენ, რომ როცა ისლამი იბადებოდა, გარშემო იყვნენ სულ ქრისტიანებით დასახლებული ქვეყნები-ერაყი, სირია და თანდათანობით მუსლიმანებმა ისინი  თავიანთ რჯულზე მოაქციეს.

- რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რატომ ერთიანდებიან მათ მხარეს, ამის მიზეზი ისაა, რომ როდესაც რელიგია არაზუსტად იქადაგება და ადამიანებს თავისებურად ასწავლიან, ისინი ფანატიკოსები ხდებიან, მათ კარგად არ ესმით რელიგიის არსი, ვეღარ აზროვნებენ, რეალობას ვერ ამჩნევენ, ამიტომ არიან ერთად, მყარად დგანან ერაყისა და ლევანტის მუსლიმანური სახელმწიფოს გარშემო. ვინც მათი ზეგავლენის ქვეშ ექცევა, მათ რელიგიაზე  წარმოდგენა არ აქვთ, იქ მათ  უხსნიან არასწორ რელიგიას და ფანატიკოსებად აქცევენ. მოგვიანებით ამ ადამიანებს ვერაფერს აუხსნი. რაც შეეხება ქრისტიანული სახელმწიფოების მათი გავლენის ქვეშ მოქცევას, მათი ერთ-ერთი იდეოლოგიაა, რომ მსოფლიოში არ უნდა არსებობდნენ სახელმწიფოები, მათი აზრით, ღმერთს სურს მხოლოდ ერთი მისი სასურველი სახელმწიფო იყოს - ისლამისტების სახით, ეს იქნება ღმერთის სასურველი სახელმწიფო, რომელსაც, ღმერთი მართავს.