თბილისის ბიუჯეტი წელს დეფიციტური იქნება. ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა 25 მილიონ ლარს შეადგენს. მთლიანად არის გახარჯული თანხები ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლიდან. ამის გამო მოქმედი მერი პასუხისმგებლობას მერიის ყოფილ ხელმძღვანელობას აკისრებს. საკრებულოს უმრავლესობის წევრი გულიკო ზუმბაძე კი თბილისის წინა მთავრობისა და, ასევე, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის -ირაკლი შიხიაშვილის პასუხისმგებლობასა და გულგრილობაზე საუბრობს.
წლის ბოლომდე დანაკლისის შეუვსებლობის შემთხვევაში, დავით ნარმანია არ გამორიცხავს, სესხის მისაღებად ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართოს. გამორიცხული არც ის არის, რომ დანაკლის მუხლებში თანხების გადანაწილება სხვა მუხლებში არსებული რესურსიდან განხორციელდეს.
უკვე ცნობილია, რომ ბიუჯეტში დეფიციტმა პრობლემები შექმნა სოციალური დახმარებების ირგვლივ. გამგეობებში ამ თემაზე ბევრი განცხადება შედის. როგორც მერიის ახალი ხელმძღვანელობა ირწმუნება, სოციალურად დაუცველთა დამატებითი უზრუნველყოფა და დაკმაყოფილება ბიუჯეტში ცვლილებების შემდეგ მოხდება.
ნაცმოძრაობაში არ ეთანხმებიან დავით ნარმანიას განცხადებას, რომელმაც თბილისის ბიუჯეტზე პასუხისმგებლობა მერიის ძველ შემადგენლობას დააკისრა და მათ არარეალურად მაღალი ბიუჯეტის დაგეგმვის გამო უსაყვედურა. ნაციონალები დავით ნარმანიას მეხსიერებას უწუნებენ და აცხადებენ, რომ თავის დროზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თბილისს გათანაბრებითი ტრანსფერი 50 მილიონი ლარით შეუმცირდა, რომელსაც მინისტრი ნარმანია მოწონებით შეხვდა. ამიტომ ნაციონალები მოუწოდებენ ახალ მერს, 25 მილიონიანი სესხის მაგივრად, ფინანასთა მინისტრს მოსთხოვოს, აღუდგინოს დედაქალაქს მისი კუთვნული ტრანსფერი, რაც კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას გააჩენს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თბილისის ბიუჯეტი თავად „ქართულმა ოცნებამ“ დაგეგმა და უშუალოდ ხადურმა უსაფუძვლოდ ჩამოაჭრა 50 მილიონი. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ეს 50 მილიონი საჭირო ყოფილა. უფრო მეტიც, სევდია უგრეხელიძე იხსენებს, რომ ეს ბიუჯეტი საკრებულომ სამჯერ მანამდე არ დაამტკიცა, სანამ არ შეადგინეს სათავისოდ მოსაწონი ბიუჯეტი.
„ყველა პროექტი გადიოდა ბიუროზე და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამტკიცებდა. რა თქმა უნდა, იქ დიდი ხარვეზები შეიძლება იყოს, რადგან არასწორად დაგეგმეს და გაანაწილეს თანხები, მაგალითად, სოციალურში არ ჩაგვადებინეს თანხები იმ საფუძვლით, რომ ჩვენ ამას საარჩევნოდ გამოვიყენებდით და დივიდენდებს ავიღებდით. 25 მილიონს როცა სთხოვს ცენტრალურ ხელისუფლებას, სესხად კი არ უნდა სთხოვოს, არამედ ეს 25 მილიონიც და საერთოდ, 40 მილიონიც ჩვენ გვეკუთვნის, ვინაიდან ეს არის თბილისში არსებული საწარმოების ქონების გადასახადიდან შემოსავალი, რომელიც შესულია ცენტრალურ ბიუჯეტში. საკუთარი ცენტრალური ხელისუფლებისგან რატომ უნდა ისესხონ? ამით ხადურს სურს, გადაფაროს თავისი გარღვევა და თქვას, რომ ეს თანხები გასესხებულია. ნარმანიას ნათქვამი ნიშნავს, რომ ისინი კვლავაც აპირებენ, არაფერი გააკეთონ, აგვიანებენ ყველა პროექტს და ყველაფერს გადააბრალებენ წინა ხელისუფლებას. აქ არის სრულიად უავტორიტეტო ხალხი-ნარმანია, ხადური. ხალხი ხმას აძლევდა ივანიშვილის მილიარდებს. ასე რომ, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მუნიციპალიტეტი თანხებს რაში დახარჯავდა“,-აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ და ბიუჯეტში ცვლილება დიდ დანაშაულად არ მიიჩნია, ოღონდ განმარტა, რომ ამისთვის ტალახის სროლა საჭირო არ არის.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიუჯეტი არამიზნობრივად იყო შედგენილი და 42 მილიონით მეტი იყო დაგეგმილი გასულ წელთან შედარებით. ამიტომ აუცილებელი გახდა 25 მილიონი ლარის ოდენობით ვალის აღება, რომლის გადახდაც მომავალი წლიდან მოხდება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის და სოციალურ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე რაიონში იყო არამიზნობრივი ხარჯვა და მთელი წლის თანხები ათვისებული იყო. ამიტომაც ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით ბევრ რაიონს აღარ ჰქონდა საშუალება, შიდა გზები და სხვა სამუშაოები განეხორციელებინა. ეს 25 მილიონიც ამ საკითხების მოგვარებას მოხმარდება. გაუძნელდება თუ არა მერიას ამ თანხების გადახდა, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს მოხდება შიდა რესურსების მოძიებით. როგორ ფიქრობთ, პირველ კვარტალშია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უფრო კარგი, თუ მეორე და მესამე კვარტალში? ცხადია, მეორე და მესამე კვარტალში, რადგან პირველ კვარტალში ზამთარია და უფრო ნალექიანი ამინდი გვაქვს. ამ დროს კი ნაციონალების მიერ ყველაფერი პირველ და მეორე კვარტალში იყო ათვისებული და მესამე და მეოთხე კვარტალი საერთოდ დატოვებული ჰქონდათ თანხების გარეშე. ამიტომაც გამგეობები ურთულეს მდგომარეობაში არიან, როგორ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელიც მოსახლეობის წინაშე ავიღეთ?!“ - აცხადებს რიმა ბერაძე.
For.ge-სთან საუბარში საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ 2014 წლის 11 მარტს აღნიშნული ბიუჯეტი დაამტკიცეს და მიიღეს საკრებულოს წევრებმა, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა ჰყავდა. იქვე შეიქმნა მექანიზმი და ყველა პროექტი კონტროლდებოდა საკრებულოს უმრავლესობის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მერია ხარჯს ვერ გასწევდა. დღეს კი იგივე „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ბიუჯეტში აქვს გარღვევა და არ ჰყოფნის.
„არ გავაპროტესტებ და არ შევეწინააღმდეგები ბატონ ნარმანიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ბიუჯეტში შეიძლება უკმარისობები აღმოაჩინა, მაგრამ პრობლემის სათავე უმჯობესია, ეძებოს მათი ხელისუფლების რიგებში. თუმცა, გარკვეული კითხვები მას, ალბათ, გაუჩნდება ნაცმოძრაობით დაკომპლექტებული მერიის წინა შემადგენლობის მიმართ. საერთოდ, ბიუჯეტური დეფიციტები ქართული რეალობისთვის, მათ შორის, დედაქალაქისთვის ახალი არაა. შეიძლება, გარკვეული უკმარისობა მართლაც იყოს ბიუჯეტში, ამიტომ შეიძლება თანხები სხვადასხვა მუხლიდან გადაიტანო და ბიუჯეტში ცვლილებები განახორციელო. თუ არადა, ტრანსფერის სახით მოსთხოვო ცენტრალურ ხელისუფლებას გარკვეული თანხის დამატება დედაქალაქისთვის, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტის 80-85 %-ს ავსებს. მე მგონი, ცენტრალურმა ხელისუფლებამ დედაქალაქს ამ ტიპის დახმარებაზე უარი არ უნდა უთხრას ისე, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ერთადერთი, ამ რიტორიკის ქვეშ შეიძლება იმალება ის, რომ მერიის და საკრებულოს ახალ შემადგენლობას არსებითად უნდა გადახედოს და გადასინჯოს პრიორიტეტები, დაფინანსებული პროექტებიდან ზოგს თანხა მოაკლოს,ზოგს დაუმატოს. ეს მოხდება იმის საფარქვეშ, ვითომ თანხები გამოილია, ვითომ არ გვყოფნის, ვითომ ცუდი დაგეგმარება იყო. მე უფრო მეჩვენება, რომ გარკვეული მოუთმენლობა დაემართა ახალ მერიას და ახალ საკრებულოს. მათ სურთ, საკუთარ თავზე მოირგონ, საკუთარ სურვილებს მოარგონ ბიუჯეტის დარჩენილი ხარჯვითი ნაწილი“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.