მთავრობამ საქართველოდან უცხოელების გაძევების წესი დაამტკიცა

მთავრობამ საქართველოდან უცხოელების გაძევების წესი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ საქართველოდან უცხოელების გაძევების წესი დაამტკიცა. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო, როგორც ცივილიზებული სახელმწიფო, აგრძელებს სვლას იქითკენ, რომ, თუკი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება უცხოელი, მის მიმართ შესაბამისი სანქციები გაგრძელდეს, მაგრამ ეს მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვის პირობებში.

შესაბამისად, ყველა უცხოელს, ვინც კი გაძევების კანდიდატია, შსს-ს მიერ აშენებულ თანამედროვე სტანდარტების დროებითი განთავსების ცენტრში, მარტყოფში გადაიყვანენ. ამასთან, გაძევების კანდიდატს წინასწარ ეცნობება, რომ უნდა გააძევონ და მას საშუალებას მისცემენ, ნებაყოფლობით დატოვოს ქვეყანა. ამის შემდეგ მას საქართველოში კვლავაც ჩამოსვლის საშუალება ექნება.

ნაციონალების დროს უცხოელებისთვის ასეთი აკრძალვები არ არსებობდა. გაძევებაზე საუბარი ზედმეტი იყო, ოღონდ უცხოელს საქართველოს საზღვარი გადმოელახა და არავის აინტერესებდა, რამდენ ხანს რჩებოდა საქართველოში, ჰქონდა თუ არა მიდრეკილება კრიმინალისკენ და შეუქმნიდა თუ არა საფრთხეს არა მარტო აქ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც, სადაც არაერთი მიგრანტი სწორედ საქართველოდან გადადიოდა და ჩვენს ქვეყანას ტრანზიტული მიზნებისთვის იყენებდა.

დემოგრაფი ანზორ სახვაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა თამაშის ისეთივე წესების შემოღებას გვავალდებულებს, რაც ევროპაშია. ევროპის ყველა ქვეყანაში უკანონოდ მყოფი მიგრანტების მიმართ გამოიყენება შესაბამისი სანქციები, კერძოდ_გაძევება. თუ საქართველოც ამას გააკეთებს, ამით თავის ევროპელობას გაუსვამს ხაზს.

„ნაციონალების მმართველობის დროს 140-ზე მეტი ქვეყნიდან, პრაქტიკულად, უვიზოდ შემოდიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მხოლოდ 20-ოდე ქვეყანასთან თუ იყო უვიზო რეჟიმი. ასე რომ, უნდა დარეგულირდეს იმიგრაციული პროცესები. უნდა ვიცოდეთ,  როდის, რა ვადით და რამდენ ადამიანს შემოვუშვებთ. ზოგიერთ ქვეყანაში კვოტებია დამტკიცებული, რომ კონკრეტულ რაოდენობაზე მეტი მიგრანტის შეშვება დაუშვებელია. ჯერჯერობით ჩვენთან ამაზე არ არის საუბარი. ისე, სასურველია, კვოტები გარკვეულ ქვეყნებთან გვქონდეს. ყველა თავმოყვარე ქვეყანა არეგულირებს თავის ქვეყნაში მიგრაციულ პროცესებს. მით უმეტეს, ეს აუცილებელია საქართველოში, სადაც ასეთი დემოგრაფიული მდგომარეობაა“,_აცხადებს ანზორ სახვაძე და განმარტავს, რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით, უცხოელების შემოსვლა ჩვენს ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ადგილებს ართმევდა. თანაც, ძირითადად შემოდიოდნენ დაბალი კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებიც ლუკმა-პურისთვის ზრუნავდნენ. ბევრს უნახავს მეტროებთან მდგომი უცხოელები, გამოკვეთილი კანის ფერით, რომლებიც მათხოვრობდნენ და შუა ზამთარში ფეხშიშველნი დადიოდნენ. ასეთი ფაქტების სიხშირე ადასტურებს, რომ მთლად ყველაფერი ვერ კონტროლდებოდა.

რაც შეეხება უკანონოდ შემოსულ მიგრანტთა საქართველოს მოქალაქეებზე ფიქტიური დაქორწინების ფაქტებს, დემოგრაფის თქმით, ფიქტიური ქორწინება არც იყო არსებითი, რადგან უცხოელებს ისედაც შეუზღუდავად ჰქონდათ საქართველოში ყოფნის უფლება; ადგილობრივ მოქალაქეებთან ქორწინებაში შესვლა კი მხოლოდ იმ ქვეყნებშია მიღებული, სადაც გამკაცრებულია კონტროლი ამ თვალსაზრისით.

„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ იყო შერეული ოჯახები. უცხოელებისა და ქართველების კავშირის შედეგად ჩნდებოდნენ ბავშვები. ზოგჯერ უცხოელი სიძეები აქ რჩებოდნენ, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა აქედანაც მიჰყავდათ საპატარძლოები. რამდენად მასშტაბური იყო ასეთი ფაქტები და გაართულებდა თუ არა ჩვენს დემოგრაფიულ ვითარებას, ეს არავინ იცის, რადგან ჩვენი სტატისტიკა ამას ასე დეტალურად არ აღრიცხავს“, - აცხადებს დემოგრაფი.

თსუ მიგრაციის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი ნათია ჭელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნაციონალების დროს უცხოელ მიგრანტთა აღურიცხაობა იყო, არ არსებობდა სტატისტიკა, რომელი ქვეყნიდან რა რაოდენობის მოქალაქე შემოდიოდა და რჩებოდა საქართველოში ან სხვა ქვეყანაში გადადიოდა. არც ის ვიცოდით, 90 დღე იყო ეს ადამიანი საქართველოში, თუ 360 დღე ან მეტი. უფრო მეტიც, თუ კრიმინალს არ ჩაიდენდა, ისე ვერ ვიგებდით, რომ თურმე 365 დღეს გადააცილა უცხოელმა. შემოდიოდნენ ჩვეულებრივად, არანაირი ვიზა, საბუთი არ სჭირდებოდათ. თუ ადრე ჩინელები შემოედინებოდნენ დიდი რაოდენობით, მოგვიანებით უკვე შემცირდა ჩინეთიდან შემომსვლელთა რიცხვი, სამაგიეროდ, გაიზარდა ირანიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა.

„2013 წელს მიგრაციის სტრატეგია დამტკიცდა. იმიგრაციული პოლიტიკა ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული და შეესაბამებოდეს ევროსტანდარტებს. ზუსტად ეს არის ევროკავშირის მოთხოვნები, რომ ჩვენთან უსაფრთხო, დაცული იყოს უცხოელების შემოსვლა და ჩვენ არ ვიყოთ სატრანზიტო ქვეყანა, რადგან საქართველოდან უცხოელები გადადიოდნენ სხვა ქვეყნებში. თუ ჩვენთან მოწესრიგდება იმიგრაციული პოლიტიკა, მაშინ ჩვენ საფრთხეს აღარ წარმოვადგენთ ევროკავშირისთვის“, - აცხადებს ნათია ჭელიძე.

ამასთან, განმარტავს, რომ საქართველოს დემოგრაფიული ვითარება ისედაც სახარბიელო არ არის, საფრთხის წინაშე ვართ და კიდევ უცხოელების შემოდინება საქართველოში, მათ მიერ სოფლის მეურნეობასა თუ წარმოებაში საქმიანობის წამოწყება უკვე ჩვენს მოსახლეობას უქმნის საფრთხეს; შესაძლოა, უცხოეთიდან შემოსულმა სამუშაო ძალამ ჩვენი რესურსები ჩაანაცვლოს, რადგან ჩვენთან არ არის საკმარისი სამუშაო რესურსები. ამასთან, პრობლემატურია ჩვენი მოსახლეობის გამრავლებისუნარიანობა და უცხოელთა ჩამოსვლა ამ მხრივაც გასაკონტროლებელია.

„იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ყველა პროექტი, გრანტი ეხებოდა ემიგრაციულ პროცესებს, ანუ საქართველოდან ქართველი მოსახლეობის გადინებას. ამ დროს კი არცერთი სამეცნიერო ნაშრომი არ შეხებია უცხოელების საქართველოში შემოდინებას. ბოლო 20 წლის განმავლობაში უცხოელების საქართველოში შემოდინება არ შესწავლილა“.