ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში „ეკოლოგიური გამოწვევების“ ჩამატებას მოითხოვენ

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში „ეკოლოგიური გამოწვევების“ ჩამატებას მოითხოვენ

იაპონიაში მიწისძვრამ და ეკოლოგიურმა კატასტროფამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბირთვულ ობიექტებზე უსაფრთხოების სრული გარანტია არ არსებობს. საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია კი სეისმურ ზონაშია, რაც მომხდარი მიწისძვრების მაჩვენებლებიდანაც კარგად ჩანს.

„მწვანეთა პარტია“ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში საფრთხეების შესახებ არსებულ პუნქტში „ეკოლოგიური გამოწვევების“ ჩამატებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით „მწვანეების“ ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ პარლამენტს ოფიციალურად მიმართა:

„მიუხედავად „ექსპერტების“ მტკიცებისა, თითქოს თანამედრვე ტექნოლოგიები ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოებას მთლიანად უზრუნველყოფს, იაპონიაში დატრიალებულმა ეკოლოგიურმა კატასტროფამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ბირთვულ ობიექტებზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს, მითუმეტეს - სეისმურად აქტიურ ზონებში. ამას ოფიცილური მონაცემებიც ადასტურებს.

კერძოდ, ატომურ ელექტროსადგურებზე ჩერნობილის შემდეგ 60 ავარია მოხდა, სულ კი ასეთი შემთხვევების რიცხვი 94-ია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველო სეისმურ ზონაშია, რაც საქართველოში მომხდარი მიწისძვრების მონაცემებიდანაც ნათლად ჩანს.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ატომური ელქტროსადგურის მშენებლობის ლობირების არაერთი მცდელობა იყო. ატომური სადგურის მშენებლობის ყოვალგვარი მცდელობა ჩვენს მიერ განხილული იქნება, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქტი, რადგან სეისმურად აქტიურ და პოლიტიკურად დაძაბულ რეგიონში, სადაც სამხედრო მოქმედებები და ტერორისტული აქტები ყოველდღიური მოვლენაა, ამდაგვარი ობიექტების მშენებლობა მოსახლეობის პოტენციური გენოციდის რისკის ქვეშ დაყენების ტოლფასია“.

აქედან გამომდინარე, „მწვანეთა პარტია“ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში, კერძოდ, „საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების“ შესახებ თავის მე-8 პუნქტში „ეკოლოგიური გამოწვევების“ ჩამატებას ითხოვს.

„მწვანეთა პარტია“ საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობათა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტის, აგრეთვე მათი წარმოების, კვლევის, გამოცდისა და ფლობის, ბირთვული ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციის, რადიაქტიური ნარჩენების შემოტანა-გადამუშავების, გაუვნებელყოფის, შენახვის, დამარხვის აკრძალვის ინიციატივითაც გამოდის.

ამ კონტექსტში მკითველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება კავკასიის სეისმურობაზე გავამახვილოთ ყურადღება:

კავკასია წარმოადგენს ე. წ. კონტინენტური შეჯახების (კოლიზიის) ზონას, ე. ი. აქ ხდება ორი კონტინენტური ფილის შეჯახება: არაბეთის ფილა მოძრაობს ჩრდილოეთის მიმართულებით და ეჯახება ევრაზიის ფილას. არაბეთის ფილის მოძრაობის სიჩქარე ევრაზიის ფილის მიმართ დაახლოებით 28 მმ/წლ-ია.

თუ რეგიონს უფრო მსხვილ მასშტაბში განვიხილავთ, შესაძლებელი გახდება უფრო მცირე ზომის მიკროფილების და ბლოკების გამოყოფა. ამ მიკროფილებისა და ბლოკების საზღრები სიღრმულ რღვევებს წარმოადგენს და მათ გასწვრივ ხდება ლითოსფერული ფილების, მიკროფილებისა და ბლოკების მოძრაობა და მათთანაა დაკავშირებული ამ რეგიონის სეისმურობაც.

არაბეთის ფილის დაწოლა იწვევს ლითოსფეროს გადინებას მაქსიმალური შეკუმშვის ღეძიდან ორივე მხარეს. ანატოლიის მიკროფილა გადაადგილდება დასავლეთისაკენ, ხოლო ირანის მიკროფილა - აღმოსავლეთისაკენ. ფილების შეჯახება ორი ტიპის რღვევათა სისტემას წარმოშობს: ნაწევის ტიპის რღვევებს თურქეთსა და ირანში და შეცოცების ტიპის რღვევებს კავკასიაში. თუ საქართველოს ტერიტორიას უფრო მსხვილ მასშტაბში განვიხილავთ, მაშინ შესაძლებელია უფრო მეტი სიღრმული რღვევის გამოყოფა.

საქართველო სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს. აქ შესაძლებელია მოხდეს მიწისძვრები, რომელთა მაგნიტუდა 7-ის ტოლია, ხოლო მაკროსეისმური ეფექტი 9 ბალი. ამას ადასტურებს როგორც ისტორიული, ისე ე. წ. ინსტრუმენტული მონაცემები (1963 წ. ჩხალთის, 1991 წ. რაჭის მიწისძვრები).

სეისმური საფრთხე განსაკუთრებით დიდია ურბანიზებული ტერიტორიებისათვის, სადაც მოსახლეობის დიდი სიმჭიდროვე, მრავალსართულიანი შენობების, საქალაქო ინფრასტრუქტურის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის მსხვერპლისა და ზარალის რისკს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, და მთლიანად კავკასია ე. წ. საშუალო სეისმურობის რეგიონია. ასეთი დასახელება მიიღეს რეგიონებმა, სადაც ძლიერი მიწისძვრათა შორის საშუალო პერიოდი 1000 წელს აღემატება. ეს კონკრეტული კერის ზონის მიწისძვრებს შეეხება და არა მთელ რეგიონს.

მაგალითისთვის აშშ-ს დასავლეთ სანაპიროს ან იაპონიისათვის ეს პერიოდი 100 წლის რიგისაა. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ რეგიონებში მაქსიმალური შესაძლო მიწისძვრაც გაცილებით დიდია M > 8. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ძლიერ მიწისძვრას (M > 6), შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ მიწისძვრათა შორის არცერთის მაგნიტუდა არ აღემატებოდა 7.5 (სპიტაკის მიწისძვრის მაგნიტუდა M=6.9, ნორთრიჯის - M=6.7, კობეს - M=7.2 და იზმითის M=7.4).

ისტორიულ დოკუმენტებში მრავლადაა შემორჩენილი ცნობები კავკასიის (და საქართველოს) ტერიტორიაზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შესახებ. მართალია, ბევრი მათგანში მიწისძვრის აღწერა საკმაოდ გაზვიადებულია, მაგრამ მაინც შეიძლება ამა თუ იმ ისტორიული მიწისძვრის პარამეტრების (სიძლიერისა და ადგილმდებარეობის) განსაზღვრა.

ამ მონაცემების მიხედვით ძლიერი მიწისძვრა საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენ წელთაღრიცხვამდეა აღწერილი. შუა საუკუნეებში მომხდარი მიწისძვრების შესახებ უკვე უფრო მეტი ინფორმაციაა და ზოგიერთი მათგანის აღწერა იმდენად დეტალურია, რომ სეისმოლოგებს საშუალება აქვთ შეაფასონ ამ მიწისძვრათა მაკროსეისმური ეფექტი და მაგნიტუდა.

ასე მაგალითად, ვნახოთ როგორ აღწერს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი 1088 წელს საქართველოში მომხდარ მიწისძვრას:

„ესე ყოველი ჩვენი თვალით გვიხილავს. ქვეყანაზე ღმერთის რისხვამ მოიწიაი მცოდვების გამო, რომლებიც არ მოვინანიეთ, არც გონება მოვიკრიბეთ და უფლის გზასდავადექით. ამის გამო იესო ქრისტეს აღდგომა დღეს, როცა სიხარული და დღესასწაულისუფევდა, უფალმა რისხვა მოგვივლინა და მიწა საფუძვლიანად შეიძრა, იმდენად ძლიერად, რომ მაღალი მთები და მყარი კლდეები მტვრის მსგავსად დაიმსხვრნენ, ქალაქები და სოფლები აოხრდნენ, ეკლესიები დაეცნენ, სახლები ჩაითქნენ და დაინგრნენ და მათში მცხოვრებთა საფლავებადიქცნენ. ამ დროს დაიქცა თმოგვის ციხე-სიმაგრე და შიგ მოიყოლა კახაბერ ნიანიას ძე ცოლითურთ. ეს საშინელი მიწისძვრა თითქმის წელიწადს გაგრძელდა. ამ დროს დაიღუპა მრავალი ადამიანი.“

ამავე მიწისძვრის შესახებ წარწერა არმოჩენილ იქნა დავით გარეჯის მონასტერში. ამ აღწერიდან გამომდინარე 1088 წელს ჯავახეთში მომხდარი მიწისძვრის ეფექტი ეპიცენტრში 9±1 ბალით შეფასდა, ხოლო მაგნიტუდა - M=6.5 ±0.5. ასეთივე მასშტაბის მიწისძვრები მომხდარა საქართველოში 1283 წელს (სამცხეში), 1350 წელს ლეჩხუმ-სვანეთში, 1742 წელს კახეთში (ალავერდის მიწისძვრა). ეს არის არასრული სია უძლიერესი ისტორიული მიწისძვრებისა. ისტორიულ მიწისძვრებს პირობითად უწოდებენ იმ მიწისძვრებს, რომლებიც სეისმოგრაფების შექმნამდე მოხდა და შესაბამისად არ არის სეისმოგრამაზე ჩაწერილი.

სეისმოლოგიის ინსტრუმენტული პერიოდი კავკასიაში საკმაოდ ადრე დაიწყო. 1899 წ რუსეთის იმპერიის კავკასიის ოლქში დაარსდა ტიფლისის სეისმური სადგური. რამაც დასაბამი მისცა სეისმოლოგიის განვითარებას კავკასიაში. სადგურში დადგმული იქნა რებერ-ელერტის ჰორიზონტური საქანი. 1899 წლის 6 დეკემბერს ჩაწერილი იქნა პირველი სეისმოგრამა.

საუკუნის დასაწყისში საქართველოში კიდევ სამი სეისმური სადგური გაიხსნა: ბათუმში, ბორჯომსა და ახალქალაქში. ამრიგად სეისმურ დაკვირვებს საქართველოში საუკუნის ისტორია აქვს. 30-40-იან წლებში საქართველოში საკმაოდ განვითარებული ქსელი არსებობდა. 1960 წლიდან ეს ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდა და აღიჭურვა იმ დროისათვის თანამედროვე, სტანდარტული აპარატურით. 80-იანი წლებისათვის საქართველოში 40 სეისმური სადგური ფუნქციონირებდა. ჩატარდა ტერიტორიის დეტალური გეოფიზიკური კვლევა, შესწავლილ იქნა დედამიწის ქერქისა და ზედა მანტიის აგებულება. შესწავლილ იქნა სეისმური პროცესის კანონზომიერებანი.

ინსტრუმენტული პერიოდის განმავლობაშიც საქართველოში მოხდა რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა. 1920 წელს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი გორთან მდებარეობდა მიწისძვრის მაგნიტუდა M=6.2, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალი იყო. მიწისძვრას მსხვერპლი და დიდი ნგრევა მოჰყვა.

1963 წელს სოფ. ჩხალთასთან მოხდა მიწისძვრა, რომლის მიწისძვრის მაგნიტუდა M=6.2, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში 9 ბალი იყო. მიწისძვრას მოჰყვა ნგრევა
ყველაზე მასშტაბური მოვლება საქართველოს ტერიტორიაზე იყო 1991 წელს მომხდარი მიწისძვრა, რომელიც რაჭის მიწისძვრის სახელითაა ცნობილი. ამ მიწისძვრაზე ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდებით: 1991 წლის 29 აპრილს 9 სთ-სა და 12 წუთზე გრინვიჩის დროით მოხდა ძლიერი მიწისძვრა. მიწისძვრის მაგნიტუდა M=6.9, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში 9 ბალი. მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მდებარეობდა. მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 200-მდე ადამიანი. მიწისძვრამ დიდი ნგრევა გამოიწვია რაჭის, იმერეთის შიდა ქართლის რეგიონებში.

დაინგრა და დაზიანდა დაახლოებით 46 000 საცხოვრებელი სახლი, 1000-მდე საწარმო და სხვა ობიექტი, უსახლკაროდ დარჩა 100 000-მდე ადამიანი. მიწისძვრით მიყენებული ზარალი 10 მილიარდ მანეთად (1991 წლის კურსით) შეფასდა მიწისძვრას მოჰყვა დიდი რაოდენობით აფთერშოკები. მათგან ზოგიერთი საკმაოდ ძლიერი, რომლებმაც დამატებითი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვიეს.

როგორც ვხედავთ, მაგნიტუდით რაჭის მიწისძვრა სპიტაკის მიწისძვრის ტოლია, თუმცა ზედაპირული ეფექტი მაინც სპიტაკის მიწისძვრას მეტი ჰქონდა. ამ მიწისძვრათა შედეგების შედარებისას უნდა აღინიშნოს, რომ საბენიეროდ რაჭის მიწისძვრა ძალზედ მეჩხერად დასახლებულ ტერიტორიაზე მოხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიწისძვრით დაზარალებული ტერიტორიები დღესაც არაა აღდგენილი, არ არის აშენებული დანგრეული სახლების ნახევარიც კი. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ განვითარებად ქვეყანას მიწისძვრის შედეგები ათწლეულობით გაყვება.

რაჭის მიწისძვრიდან წელიწადნახევრის შემდეგ 1992 წლის ოქტომბერში მოხდა ძლიერი მიწისძვრა მაგნიტუდა M=6.5, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში 8 ბალი იყო. ეპიცენტრი ბარისახოსთან მდებარეობდა.

რაც შეეხება „სამხრეთ კავკასიის ატომური სადგურებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას“; სომხეთის აეს–ი, ან მეწამორის ატომური ელექტროსადგური (სომხ. Մեծամոր ատոմակայան) მდებარეობს ქალაქ მეწამორთან, სომხეთი; ერევნიდან დაახლოებით 30 კმ-ში.

ელექტროსადგური აშენდა 1970-იან წლებში და შედგება ორი ენერგობლოკისგან ВВЭР-440 ტიპის რეაქტორებით. ერთი ბლოკის სითბური წარმადობა შეადგენს 1375 მბტ-ს, ელექტრული კი — 440 მბტ-ს. იმ პერიოდში გამოყენებული ტექნოლოგია უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

ელექტროსადგური აწარმოებს სომხეთის ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-ს. 1988 წელს მომხდარი მიწისძვრის გამო ის დროებით დაიხურა, თუმცა თურქეთისა და აზერბაიჯანის ბლოკადის გამო, რომელმაც ქვეყანაში ენერგიის უკმარისობა გამოიწვია, სომხეთის მთავრობამ 1993 წელს ელექტროსადგურის ერთი რეაქტორი ისევ აამუშავა.

მეორე რეაქტორი ექსპლუატაციაში გაუშვეს 1995 წლის 26 ოქტომბერს. არსებული რესურსებით ატომურ ელექტროსადგურს შეუძლია 2016 წლამდე იმუშაოს.

სადგურს მართავს რუსული კომპანია ИНТЕР РАО ЕЭС, РАО ЕЭС-სა და როსენერგოატომის ერთობლივი შვილობილი საწარმო 2003 წლიდან, ხუთწლიანი შეთანხმებით, სომხეთის დავალიანების დაფარვაში დახმარების მიზნით.

საგულისხმოა, რომ სომხეთში ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე 1000 ან 1200 მვ სიმძლავრით, რომლის მშენებლობა $5,2 - 7,2 მილიარდი უნდა დაჯდეს. ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა შესაძლოა დაიწყოს 2011 წელს და მწყობრში ჩადგება 2017 წლისთვის.

ცნობისთვის, ატომური ელექტროსადგური არის ისეთი კომპლექსი, სადაც ელექტრული ენერგიის გამომუშავება ხდება ბირთვული რეაქციის გამოყენებით.

გამოყენებული რეაქტორების მიხედვით ატომური ელექტროსადგური სხვადასხვა სახისაა:
რეაქტორი თბური ნეიტრონებით;
რეაქტორი მსუბუქი წყლით;
გრაფიტის რეაქტორები;
რეაქტორი მძიმე წყლით;
რეაქტორი სწრაფი ნეიტრონებით;
სუბკრიტიკული რეაქტორები;
თერმობირთვული რეაქტორები;

გამომუშავებული ენერგიის მიხედვით არსებობს:
ატომური ელექტროსადგური – გამოიმუშავებს მხოლოდ ელექტროენერგიას.
ატომური თბოელექტროცენტრალი – გამოიმუშავებს როგორც ელქტრიენერგიას, ასევე თბურ ენერგიას.
თბომომარაგების ატომური ელექტროსადგური – გამოიმუშავებს მხოლოდ თბურ ენერგიას.