პუტინის რუსეთში შესაძლოა, ჰოლივუდის ფილმები აკრძალონ. რუსეთის ფედერაციის საბჭოში ახალი ინიციატივით უკვე გამოვიდნენ. ინიციატივის განხორციელების შემდეგ შესაძლოა, ეკრანებზე შეიზღუდოს ისეთი ფილმების ჩვენება, რომელიც რუსეთსა და რუსულ კულტურას „აკნინებს“.
როგორც ამბობენ, ეს აუცილებელია რუს ახალგაზრდებში ჯანსაღი პატრიოტიზმის გაღვივებისთვის. უფრო მეტიც, რუსეთში მიიჩნევენ, რომ სამამულო კინოგაქირავებას განსაკუთრებული მოთხოვნები უნდა წაუყენონ. აუცილებელია, შეიზღუდოს დიდ ეკრანებზე ისეთი საზღვარგარეთული ფილმები, რომლებიც რუსეთთან და სამამულო კულტურასთან დაკავშირებით ყველაფრის პრიმიტიულ დემონიზაციას ახდენენ.
როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელი ბათუ ხასიკოვი აცხადებს, თუკი ფილმებში რუსები გამოყვანილნი არიან, როგორც კაცობრიობის საფრთხეები, მაშინ ასეთი სურათი არც უნდა გამოჩნდეს რუსეთის ტერიტორიის კინოგაქირავებაში.
სხვათა შორის, უფრო ადრე კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტომ უარი განაცხადა რუსული ფილმების კინოგაქირავებაზე, მათ შორის, არ გასცა დასტური ფილმზე „თეთრი გვარდია“. იმხანად განიმარტა, რომ ფილმში დემონსტრირებულია უკრაინული ენისა და სახელმწიფოებრიობის უპატივისმცემლობა, ზოგიერთი ფაქტი კი დამახინჯებილია და მიწერილია რუსული მხარის სასარგებლოდ.
For.ge-სთან საუბარში კინომცოდნე ლელა ოჩიაური აცხადებს, რომ არც დღევანდელი, არც გუშინდელი, თუ 70 და 80 წლის წინანდელი რუსეთისთვის ასეთი აკრძალვა უცხო არ არის. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდამდე, როცა რუსეთმა საქართველო დაიპყრო, აკრძალა ის, რაც იყო დამახასიათებელი ჩვენი ეროვნული თავისთავადობისთვის. ბოლშევიკური რუსეთის მმართველობის პირველ წლებშიც ზუსტად ასე დაიწყო ყველაფერი, თავისი აკრძალვებით, ყრილობებით, რომ არაფერი ვთქვათ 30-იან წლებზე, როცა პირდაპირი დირექტივა შემოვიდა_სოციალისტური რეალიზმის ერთადერთ აღიარებულ მიმართულებად გამოცხადების შესახებ, რამაც სრულ იზოლაციაში მოაქცია მთელი საბჭოთა კავშირი, მათ შორის, საქართველოც და რუსეთიც. უფრო მეტიც, ამ აკრძალვებმა დიდი ზიანი მიაყენა არა მარტო რუსულ და ქართულ, არამედ ნებისმიერ სხვა საზოგადოებას, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში მოუწიათ ცხოვრება.
ამ ყველაფერმა ლელა ოჩიაურს ფაშისტური გერმანია გაახსენა, სადაც ჩარლი ჩაპლინის „დიდი დიქტატორი“ აიკრძალა. ამის საპირისპიროდ კი, ამერიკაში თუნდაც მათი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკული ფილმი აკრძალვას არ ექვემდებარება. შეიძლება, ასეთი ფილმი არ ესიამოვნოს ვიღაცას, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, მაგრამ არ აიკრძალება.
„რუსული კულტურის დამაკნინებელს ვერ ვხედავ ჰოლივიდურ ფილმებში, რადგან ეს არ შეესაბამება თავად რუსულ კულტურას, რომელიც მართლაც არსებობდა და ძალიან კარგიც იყო. ყველაფერი, თუკი რაიმე ხდება ჰოლივუდის ფილმებში, ეს არის არა რუსული კულტურისა და რუსი ხალხის, არამედ რუსული პოლიტიკის დამაკნინებელი, გამაკრიტიკებელი. მე ვფიქრობ, ეს ხდება არასათანადო სიმწვავით, როგორსაც რუსეთის პოლიტიკური ელიტა იმსახურებს. ბუნებრივია, დიქტატორული მისწრაფებების მქონე პუტინს, რომელიც, ჩვენდა საბედნიეროდ, არცთუ ისე დიდი ძალის პატრონია, სურს, იზოლაციაში მოქციოს რუსი ხალხი. ფაქტობრივად, რუსეთში ზრდიან საბჭოთა ადამიანებს. როგორც ჩანს, ეს არის ნეობოლშევიზმი, დღევანდელი რუსული პოლიტიკა რით ჩამოუვარდება იმას, რასაც ისინი აკეთებდნენ ყველაზე მწვავე, 20-30-იან წლებში?! აღარ მაქვს საუბარი რეპრესიებზე, მეორე მსოფლიო ომზე. ეს იყო საშინელი პოლიტიკა, რომელიც დღეს მოდერნიზებულია“, - აცხადებს ლელა ოჩიაური და პარალელებს ავლებს ჩინეთთან, ესპანეთთან მიმართებით. მაგალითად, ჩინეთში იკრძალებოდა მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ფილმები. ასევე, ტაბუ ედებოდა ისეთ ფილმებს, რომლის თემატიკაც არ შეესაბამებოდა ჩინურ ტრადიციებს. საბოლოო ჯამში კი, რკინის ფარდებით შემოსაზღვრული ადამიანების ცხოვრება მათ დამორჩილებას და მართვას ემსახურებოდა, რაც ყველაზე ცუდი იყო მთელ ამ სიტუაციაში.
კინომცოდნე ქეთი ტრაპაიძეს რუსეთში გარკვეული ფილმების აკრძალვა არ უკვირს. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ კინოს ისტორიას ხშირად ახსოვს ასეთი კარდინალური ნაბიჯები. ნებისმიერი ამგვარი აკრძალვა-მითითება, ინფორმაციის გარეშე დატოვება ჯანსაღ აზრს მოკლებულია და ყოველთვის დაკავშირებულია პოლიტიკურ იდეოლოგიასთან, დიქტატურასთან, რომელიც ადრე თუ გვიან არააქტუალური ხდება და შემდეგ მომავალი თაობები ამას დასცინიან.
„აქ არ არის ლაპარაკი რუსეთზე, ლაპარაკია ნებისმიერ დიდ და პატარა ქვეყანაზე. სხვა საქმეა, ჰოლივუდის პროდუქციის „ღირებულება“. ჰოლივუდის პროდუქციის ძალიან დიდი ნაწილის შესახებ დავა გემოვნების საკითხია. ალბათ, იშვიათია ისეთი ფილმები, რომელიც რუსულ კულტურას აკნინებს. ასეთი კინოპროდუქცია ხშირად ნამდვილად არ გვხდება. სამართლიანობისთვის, ერთი რამ უნდა ითქვას, მე თვალმოკვრით მინახავს რამდენიმე ნამუშევარი, სადაც არა რუსული კულტურის დაკნინებასთან, არამედ უბრალოდ, ეპოქის და ისტორიის, რუსეთის და მთელი მსოფლიოს ისტორიის სრულ უვიცობასთან გვაქვს საქმე. ეს უკვე ჰოლივუდის სანახაობრივი კინოს ძალიან დიდი პრობლემაა. ოღონდ ამაზე შეიძლება გავიცინოთ, მაგრამ არ ავკრძალოთ. მინახავს რამდენიმე ფილმი, მაგალითად, შვარცნეგერი დაიარებოდა გამარჯვებული გამომეტყველებით, გამოწყობილი ზუსტად იმ ეპოქის საპირისპირო კოსტუმში, რაც შეიძლებოდა იმ დროის რუს სამხედროს სცმოდა. აკრძალვების დროს შეიძლება, ამაზეცაა საუბარი. ვერ ვიტყვით, რომ უვიცები არ არიან, ჰოლივუდში ნამდვილად ბევრი ნაგავი პროდუქციაა, რომელიც უვიც ბაზაზეა აგებული. აკრძალვებში შეიძლება ისიც იგულისხმება, რომ ყველა რუს და სლავური წარმოშობის პერსონაჟს ასეთ ფილმებში ჰქვია ივანე, ხოლო ქალებს - მაშა ან ნატაშა და ამით ამოიწურება მათი საბაზისო ცოდნა. შეიძლება, ამ გაღიზიანებაზეა საუბარი. რუსეთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასეთი პროცესები მალე მთავრდება ხოლმე“, - აცხადებს ქეთი ტრაპაიძე.
მისი თქმით, საერთოდ, მაყურებელი, როგორ ისტორიულ ფაზაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, საბოლოოდ მაინც ბრძენია და თავად წყვეტს, რისი მიღება სურს და რისი არა. სხვა რამეა, რომ საზოგადოება შეიძლება მზად იყოს იმ იდეოლოგიის მისაღებად, რასაც სთავაზობენ, მაგრამ ეს ძალზე მცირე ვადიანი კომიკური პერიოდებია ხოლმე. ასე მოხდა იმ დროს, როცა გერმანია ომს აწარმოებდა და ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყავდა მოსახლეობა.
შეეგუება თუ არა რუსული საზოგადოება ამას, ქეთი ტრაპაიძეს უჭირს ამაზე საუბარი. აცხადებს, რომ თუ ეს არ არის სისტემატიზირებული დიქტატი, რომელიც სამხედრო ძალითაა დამკვიდრებული, მაშინ ძალიან რთულია დღევანდელ დღეს რაიმის აკრძალვა. არ არის აუცილებელი, კინოთეატრებიდან მოხსნან ფილმი, ფილმების საყურებლად ინტერნეტსივრცეც არსებობს.