მინისტრის შეხვედრა ცენტრალური აფრიკის მისიაში მონაწილე ქართულ ასეულთან (ვიდეო)

მინისტრის შეხვედრა ცენტრალური აფრიკის მისიაში მონაწილე ქართულ ასეულთან (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პირველი სამუშაო ვიზიტით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში მონაწილე  ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულის პირად შემადგენლობას შეხვდნენ. მათ ქართველი სამხედროებისგან ადგილზე არსებული მდგომარეობა და მათზე დაკისრებული ამოცანების შესახებ დეტალური ინფორმაცია პირადად მოისმინეს. ირაკლი ალასანიამ და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართეს და მისიის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. პირად შემადგენლობასთან შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს მისიის წარმატებით განხორციელება  და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები გაერთიანებული ერების სამშვიდობო ოპერაციის ხელმძღვანელსა და გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან.

ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ივნისში გაემგზავრა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები  სამშვიდობო მისიას დედაქალაქ ბანგიში ასრულებენ. მისია სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მდგომარეობის სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ასეული აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებასაც ახორციელებს.