დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებითა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა. სპორტული შეჯიბრება, „ძლიერთა თამაშების“ (“Invictus Games”) პროექტის ფარგლებში, თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა.
თითოეული გუნდი ექვსი მონაწილისგან დაკომპლექტდა. 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ ქართველ სამხედროებთან ერთად, „ძლიერთა თამაშებში“, სიმბოლურად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი მონაწილეობდნენ. მატჩს მსაჯობა მწვრთნელმა შალვა თევზაძემ გაუწია. შეჯიბრებას თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
“Invictus Games” ლონდონში 10-14 სექტემბერს გაიმართება. თამაშები პრინც ჰარის, ბრიტანეთის სამეფო ფონდისა და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით იმართება. „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობისთვის დაჭრილი ქართველი სამხედროები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ყოველდღიურ მომზადებას უკვე გადიან. საერთაშორისო ასპარეზობისთვის მათ პროფესიონალი მწვრთნელები მძლეოსნობაში, მშვილდით სროლაში, ცურვაში, ფრენბურთში, ველორბოლასა და ბირთვის კვრაში ინტენსიურად ავარჯიშებენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ექვსი ჯარისკაცი 14 ქვეყნის 400-მდე დაშავებულ სამხედროსთან ერთად იასპარეზებს. ლონდონში „ძლიერთა თამაშები“ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად და მათივე მონაწილეობით პირველად იმართება.
ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშები“ შესაძლებლობას იძლევა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი იმ მეომრებს, რომლებიც სხვადასხვა სამხედრო მოქმედებებსა თუ სამშვიდობო მისიებში დაშავდნენ.