ირაკლი ოქრუაშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი 24 აგვისტოს სოფელ ტყვიავში მოხდა. „ქართული ოცნების“ აქტივისტები ვასილ და პავლე ქარელები საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ ირაკლი ოქრუაშვილი დაცვის წევრებთან ერთად საკუთარი მანქანით დაედევნა და ცეცხლი გახსნა. როგორც თვითმხილველები for.ge-სთან საუბრისას ყვებიან, ვასილ ქარელმა მანქანა გააჩერა, რა დროსაც ოქრუაშვილის დაცვის წევრებმა ისინი მანქანიდან გადმოყანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ კი, ნაცემ ახალგაზრდებთან თავად ირაკლი ოქრუაშვილი მივიდა, დახედა მათ და ტერიტორია დაცვის თანამშრომელებთან ერთად დატოვა.
ამ ინციდენტის მიზეზი კი თვითმმართველობის არჩევნები გახდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტია“ სოფელ ტყვიავში დამარცხდა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან თემურ გიგუაშვილთან, რომლის წინასაარჩევნო კამპანიას სოფელ ტყვიავში სწორედ ვასილ და პავლე ქარელები აწარმოებდნენ.
გორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ტყვიავის საკებულოს დეპუტატი თემურ გიგუაშვილი for.ge-თან საუბრისას ადასტურებს „ქართული ოცნების“ აქტივისტების ცემის ფაქტს და საქმის გამოძიებას ითხოვს. გიგუაშვილის განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი სოფელ ტყვიავში დაცვის წევრებთან ერთად გადაადგილდებოდა.
„მოსახლეობაც დაგიდასტურებთ, რომ ოქრუაშვილი და მისი დაცვის თანამშრომლები მანქანას სროლა-სროლით მისდევდნენ. ორი მჭიდი დაცალა სროლაში, სამი ტყვია აქვს მანქანას მოხვედრილი. სროლის შემდეგ ბიჭებმა მანქანა გააჩერეს, რის შემდეგაც მათთან მივიდა ირაკლი ოქრუაშვილის დაცვა, იარაღის კონდახით სცემეს ეს ბიჭები, შემდეგ მათთან მივიდა თვითონ ოქრუაშვილი და ნაცემ ბიჭებს ზემოდან დახედა. ოქრუაშვილი ამ ბიჭებს არ იცნობდა და მათ მანამდე ერთმანეთთან რაიმე სახის დაპირისპირება არ ჰქონიათ. ახალგაზრდებს მათი პარტიული კუთვნილების გამო გაუსწორდა.
მინდა გითხრათ, რომ მანქანა პოლიციამ გადაყვანა ექსპრეტიზაზე. გამოძიებამ კანონის ჩარჩოში უნდა იმოქმედოს. სამი ძალოვანი სამინისტროს პირველი პირი იყო და როგორ შეიძლება ადამიანს სასიკვდილოდ ესროლო. მიზანმიმართულად აქვს ნასროლი. რა ადამიანობა უნდა გქონდეს, რომ ადამიანს ასე პირდაპირ ესროლო. მეორე დღეს ვნახე ნაცემი ბიჭები, მანქანაც დავათვალიერე. როგორც გითხარით, მანქანას ნატყვიარი ეტყობა. თვითონ ამ ბიჭებს თავის არეში ეტყობოდათ ცემის კვალი. ოქრუაშვილმა მათ კი არ ესროლა, მან ამით მე მესროლა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თემურ გიგუაშვილი.
ტყვიავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. დაკითხულია დაზარალებულებიც. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლომიკაშვილმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და შსს-ს პრესსამსახურში გადაგვამისამართა. როგორც თვითმხილველები for.ge-სთან საუბრისას ყვებიან, ირაკლი ოქრუაშვილმა და მისმა თანხმლებმა პირებმა ახალგაზრდები დააშინეს, რადგან მომხდარის შემდეგ ისინი სოფელში აღარ გამოჩენილან. მეტიც, მათ ოქრუაშვილის პარტიის წევრი და მარჯვენა ხელი სოსო გიგუაშვილი დაემუქრა. ჩვენ დავუკავშირდით დაზარალებულებს, მაგრამ მათ ტელეფონი გამორთული ჰქონდათ.
ფაქტს ადასტურებს, ტყვიავის მკვიდრი ფრიდონი მერებაშვილი: „ან სამართალი აღადგინონ და მიხედონ საქმეს, ან მე ვიცი ჩემი სამართალი როგორ აღვადგინო. ოქრუაშვილს არც ქვეყანა აინტერესებს და არც სამშობლო, სწორედ ამიტომ დამარცხდა დამაჯერებლად საკუთარ რაიონში. დამირეკა ვასილ ქარელმა, ვისაც ესროლა და მომიყვა, რაც მოხდა. ტყვიავში მოძრაობდნენ მანქანით, ოქრუაშვილი მისი სახლის გადასახვევთან იდგა, დაინახა ამათი მანქანა და სროლა-სროლით გაეკიდა. დაახლოებით 700-800 მეტრი მისდევდა.
ბიჭებმა გააჩერეს მანქანა, მიხვდნენ, რომ თუ არ გააჩერებდნენ, მოკლავდნენ. მერე მანქანიდან გადმოვიდა სამი მცველი, გადმოიყვანეს და ცემეს ორივე. ცემის შემდეგ გადმოვიდა ოქრუაშვილი თავისი მანქანიდან, დახედა ამ ნაცემს ბიჭებს და წავიდნენ. გაბოროტებული, უვარგისი ნაძირალა კაცია ოქრუაშვილი. ეს ბიჭები „ქართულ ოცენებას“ კი არა, საქართველოს ეხმარებოდნენ, რომ ასეთი ნაძირლები არ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ოქრუაშვილმა საკუთარ სოფელში წააგო არჩევნები და გაბოროტებულმა შური იძია ამ ბიჭებზე. ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილველები, ტყვიავი მჭიდროდ დასახლებული უბანია და ყველა დაგიდასტურებთ ამ ფაქტს“.
ფრიდონი მერებაშვილის განცხადებით, ამ ინციდენტიდან მეორე დღეს, ოქრუაშვილი და მისი დაცვის წევრები ასევე დაემუქრნენ „ქართული ოცნების“ წევრს ლევან ტერაშვილს.
ეს ინფორმაცია ჩვენ ლევან ტერაშვილთან გადავამოწმეთ, რომელმაც დაგვიდასტურა ოქრუაშვილის დანაბარები მუქარა. როგორც ტერაშვილი ამბობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გორში და გორის რაიონში თბილისიდან „ქართული ოცნების“ ცენტარლული ოფისიდან იყო მივლინებული.
მისი თქმით, დაუპატიჟებელი სტუმრები მის კუთვნილ ბაღში ესტუმრნენ, სადაც მისი მეგობარი იმყოფებოდა. სტუმრები დაინტერესდნენ, სად იყო თავად ტერაშვილი. როდესაც მეგობარმა უთხრა, რომ ის თბილისში იმყოფებოდა, ამის შემდეგ მუქარის ტექსტი მეგობარს გადასცეს.
„მეგობარი მეხმარებოდა ბაღში მოსავლის აღებაში. ის შეეჩეხა ამ სიტუაციას, მათ ეგონათ, რომ მე ვიყავი. მაგრამ სხვა შერჩათ. მიკითხეს, სად არისო, მან უთხრა, რომ თბილისშიაო და მე ვეხმარებიო, რაზეც უპასუხეს, რომ მიეხმარე და ცოტა ხანში სურპრიზებს ელოდეთო. ჰკითხა ჩემმა მეგობარმა, ვინ ხართო, რაზეც უპასუხეს, შენ რა ცნობისმოყვარე ყოფილხარო. ჩვენ თვითონ გადავცემთ, ვინც ვართო.
ეს მოხდა 25 აგვისტოს, წინა ღამეს კი, ტყვიავში ცემებს ბიჭები. ჩემი შეშინება ცოტა რთული საქმეა, მზად ვარ სადაც უნდა შევხვდები და ველაპარაკები, არაფრის არ მეშინია. თავისი „შნირები“ გამომიგზავნა, რადგან თვითონ ეშინია. მშიშარა ადამიანია. მე მასთან საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა მქონდა, ჩვენ ერთად ვმუშაობდით და ვიცი, ვინც არის“, - ამაბობს ტერაშვილი.
მისივე განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი ვერ შეეგუა საკუთარ რაიონში წაგებას და ახლა ცდილობს შური იძიოს იმ ადამიანებზე, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მის დამარცხებაში.
„რაც მოხდა 24 აგვისტოს, ეს ამბავი ფრიდონი მერებაშვილისგან შევიტყვე, რადგან დავურკე, მაინტერესებდა, თუ ვის ეკუთვნოდა ლურჯი ფერის „პაჯეროს“ მარკის ავტომანქანა, რომელიც არაქართული ნომრებით გადაადგილდებოდა. სწორედ ამ მანქანით იყვნენ ჩემს ბაღში ამოსული. მაშინ მომიყვა მან ეს ამბავი. ეს მანქანა ეკუთვნის ოქრუაშვილს. ამ ყველაფრის უკან დგას ოქრუაშვილი. მე მისი არ მეშინია, მაგრამ ვადასტურებ, რომ მისგან ყველაფრი მოსალოდნელია, ის ყველაფრის მკადრებელია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ტერაშვილმა.
ტყვიავში მომხდარი ინციდენტის გადამოწმება for.ge-მ „ქართულ პარტიაში“ სცადა. როგორც ირაკლი ოქრუაშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლია კამლაძე აღნიშნა, ის შვებულებაში იმყოფება და შესაბმისად აღნიშნული ფაქტის შესახებ საქმის კურსში არ არის. მეტიც, კამლაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი 2 აგვისტოდაან საქართველოში არ იმყოფება. კითხვაზე, 24 აგვისტოს იმყოფებოდა თუ არა საქართველოში ოქრუაშვილი, კამლაძემ გვიპასუხა, რომ ამ ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს. ინფორმაცია ოქრუაშვილის პარტიაში გადავამოწმეთ, სადაც დაგავიდასტურეს, რომ ოქრუაშვილი 24 აგვისტოსაც და ამჟამადაც საქართველოში იმყოფება.