ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მდებარე დასახლებულ პუნქტებში უკრაინის სამთავრობო ძალებსა და ტერორისტებს შორის საბრძოლო შეტაკებები კვლავ გრძელდება. რამდენიმე დღის წინ კიევს გერმანიის კანცლერი ეწვია. ნატოს, ამერიკისა და გერმანიის მხრიდან რუსეთის მიმართ კეთდება მკაცრი განცხადებები, რუსეთის სამხედრო არმია კი უკრაინის საზღვართანაა განლაგებული. შეწყდება ცეცხლი და დაიწყება მოლაპარაკებები თუ რუსეთი ღია კონფრონტაციის გზას მიმართავს, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, რას ნიშნავს ობამასა და მერკელის განცხადებები, რომ ჰუმანიტარული ტვირთის შესვლა არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა?
- საქმე იმაშია, რომ არ იყო ბევრი ოფიციალური მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ხელს უწყობდა უკრაინაში სეპარატიზმის გაღვივებას და რომ ინტენსიუტრად ხდებოდა სეპარატისტებისათვის შეიარაღების, მებრძოლების, ფინანსური საშუალებების მიწოდება.
ფაქტია, რომ რუსეთის რამდენიმე ყოფილი ოფიცერი ხელმძღვანელობს ე.წ. მოხალისეების შეიარაღებულ რეგულარულ ძალებს. სეპარატისტების შეიარაღებული ძალების სარდალიც სწორედ რუსი ოფიცერია და სხვათა შორის, რუსეთის სამხედრო დაზვერვის მოქმედი ოფიცერია - ეს ყველაფერზე მეტყველებს.
ყველაზე საინტერესო მომენტი კი ის არის, რომ დღეს ლუგანსკსა და დონეცკში არის უბედურების ზონა, სადაც მიდის გააფთრებული ბრძოლები. აქედან გამომდინარე, ჰუმანიტარული მისია ძალიან საეჭვოდ დაემთხვა იმ ვითარებას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით ასრულებენ თავიანთ მისიას; მათ ფაქტობრივად, დონეცკი მოაქციეს ალყაში და მისი აღების ვადა კიდევ უფრო მოახლოვდა.
რუსეთის ჰუმანიტარულ მისიას სამხედრო კოლონა აცილებდა და რუსეთს ეს შეეძლო სათავისოდ გამოეყენებინა. იყო შიში, რომ შეეტანათ შეიარაღების ახალი პარტია, ახალი მებრძოლები შეეყვანათ და ბოლოს და ბოლოს, მოეხდინათ დონეცკისა და ლუგანსკის საბოლოო ოკუპაცია.
საინტერესოა კიდევ ერთი მომენტი, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ჰუმანიტარულ კოლონას უკრაინიდან გამოაქვს უკრაინის სამხედრო ქარხნის აღჭურვილობა...
- თვითონ ავტომანქანები, რითაც ეს ჰუმანიტარული ტვირთი შეჰქონდათ, არის სამხედრო მანქანები, და ეჭვებს შეიარაღების შეტანაზე სწორედ ეს იწვევდა. ის, რომ სამხედრო ქარხნებს აღჭურვილობა გამოაქვთ, ესეც საინტერესო ფაქტია, რადგან ვიცე-პრემიერმა როგოზინმა, რომელიც კურირებს სამხედრო კომპლექსს, განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე დაიწყო სამხედრო ტექნოლოგიების ათვისება.
როგორც ჩანს, რუსები აწარმოებენ იმ ტექნოლოგიების ევაკუაციას, რომელიც მათთვის იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი - რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის 15% დამოკიდებული იყო უკრაინაში წარმოებულ პროდუქციაზე, მათ შორის კოსმოსური ტექნოლოგიების მიმართულებით და ეს საკმაოდ დიდი წილია. ის სამხედრო ქარხნები, საიდანაც რუსეთი იღებდა პროდუქციას, სწორედ უკრაინის სამხრეთ რეგიონში მდებარეობს...
რა დატვირთვა აქვს ამ პროდუქციის გატანას, შესაძლოა რუსეთი თავდასხმისთვის ემზადება?
- როგორც ჩანს, რუსებიც ხვდებიან რომ ფაზა სეპარატისტული კერების ლოკალიზაციისა მთავრდება და კონტრტერორისტული ოპერაციებიც დასასრულს უახლოვდება. თუ ვითარება არ შეიცვალა, თუ უკრაინის არმიას ეყოფა გამძლეობა, დაახლოებით ერთ თვეში, თვენახევარში მან, შესაძლოა, მოახერხოს ამ სეპარატისტული კერების კონტროლქვეშ აყვანა.
ისიც არ არის გამორიცხული, ამ ყველაფერმა მიიღოს სულ სხვა განზომილება და რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩაერთონ ამ კონფლიქტში - ეს არის მთავარი არსი.
ძალზე საინტერესოა ანგელა მერკელის ვიზიტი კიევში - ვიზიტამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლო იყო, მერკელს ცეცხლის შეწყვეტა მოეთხოვა კიევისათვის, რადგან გერმანიის სამთავრობო კულუარების ინფორმაციით, ისინი შიშობენ, რომ დამარცხებით გამწარებულმა რუსეთმა შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო ნაბიჯები გადადგას. თანაც ამ შეხვედრის დეტალებზე ღიად საუბარი არ ყოფილა, ხოლო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მერკელი უკრაინის ძლიერი ადვოკატია... რეალურად რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოლაპარაკების საგანი?
- მითუმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ ვიზიტის წინა დღეს მერკელს რამდენიმესაათიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან. თანაც, დღევანდელ დღეს მერკელი წარმოადგენს რუსეთთან შედარებით ფრთხილი პოლიტიკის გამტარებელ ძალას.
როგორც ჩანს, ევროკავშირში უკვე ჩამოყალიბდა ძალა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არის არაეფექტური, ზიანის მიმყენებელი და ვიტყოდი, რომ მთლად რუსეთის ლობი არა, მაგრამ ლობისტური გაერთიანების მსგავსი რაღაც იქმნება, რომელიც შეეცდება, რუსეთის მიმართ განხორციელებული სანქციების ფონზე გაჩენილი კრიზისი როგორმე დარეგულირდეს. მე ვიტყოდი, მათი ინტერსების კონტექსტში.
ასე რომ, მერკელის ჩასვლა კიევში, შესაძლოა, ემსახურებოდა იმას, რომ როგორმე დაერწმუნებინა უკრაინის ხელისუფლება, მოლაპარაკებები დაიწყოს სეპარატისტებთან ან იგივე, მოსკოვთან, შესაბამისი პირობების განსაზღვრისათვის.
განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოდის ზამთარი და ენერგეტიკულ კრიზისამდე ბევრი აღარ რჩება - ევროპის რამდენიმე სახელმწიფო ფაქტობრივად, ენერგეტიკული კოლაფსის წინაშე დგას, რადგან კიევის მიერ გამოცხადებული სანქციები ევროპაში მიმავალი რუსული გაზის უკრაინის გავლით შეწყვეტასაც მოიცავს.
პოროშენკოს განცხადებაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ხვდება, თუ რა მისიით ჩავიდა მერკელი. ასე რომ, ამ კუთხით, როგორც ჩანს, ყველა აქცენტი დასმულია თავის ადგილას.
შესაძლოა, ამ ჰუმანიტარულ მისიას გერმანიაც შეუერთდეს - ამ ვარიანტსაც არ გამოვრიცხავ, რადგან ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები რეალურად დგანან ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე - მოსახლეობას ელემენტარული, სასიცოცხლო პირობების პრობლემა აქვს, როგორიცაა წყალი, საკვები და ა.შ. ყოველდღე ინგრევა შენობები, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები და ბავშვები. ასე რომ ასე მარტივადაც არ არის საქმე...
ჰუმანიტარული დახმარება მართლაც საჭიროა, მაგრამ არის მეორე ფაქტორი, რომ რუსეთის მმართველმა ძალებმა შესაძლოა, გამოიყენონ ეს ჰუმანიტარული კრიზისი იმისათვის, რომ მოახდინონ ინტერვენცია უკრაინაში. ეს არის მთავარი - თვითონ მოსკოვიც რწმუნდება, რომ სეპარატისტებზე ფსონის დადება არ არის საკმარისი.
შესაძლოა, რუსეთს შემუშავებული ჰქონდეს უკრაინაში შეჭრის გეგმა, რბილად რომ ვთქვათ, ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპაცია და შემდეგ ამ ზონის გაფართოვება თუნდაც ხარკოვის მიმართულებით.
სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთის მთავარი ინტერესები სწორედ ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკზე გადის, სადაც განლაგებულია მთავარი სამხედრო ინდუსტრიის შემქმნელი სამხედრო ქარხნები.
ვრცელდება ინფორმაციაც, რომ უკრაინის საზღვართან 45 ათასი რუსი სამხედროა განლაგებული. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს?
- არ დაგავიწყდეთ, რომ პუტინმა ყირიმის ნახევარკუნძულზე შექმნა ახალი ოპერატიული სამხედრო სარდლობა - ეს არის სავარაუდოდ, 50-70-ათასკაციანი სამხედრო დაჯგუფება.
ეს ნიშნავს, რომ თუ ღია ბრძოლა დაიწყება უკრაინის არმიას ორი მხრიდან შეუტევენ?
- ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მიმდინარეობს კონცენტრაცია და მოსკოვის მთავარი იდეაა, რომ სეპარატისტებმა რაც შეიძლება, დიდხანს გაძლონ, გამოფიტონ უკრაინის შეიარაღებული ძალები და მოამზადონ ლუგანსკისა და დონეცკის ჩაბარების პერსპექტივა. შემდეგ, ალბათ უკვე საქმეში ჩაერევა რუსეთის რეგულარული არმია.
რა შეუძლია დასავლეთს გააკეთოს? იყო რასმუსენის საკმაოდ მკაცრი განცხადებაც, რომელიც რუსეთს მოუწიდებს, შეწყვიტოს უკრაინაში დესტაბილიზაცია...
- რამდენიმე დღეში შეიცვლება ნატოს გენერალური მდივანი, თუმცა ამ ფაქტს ახლა არ აქვს მნიშვნელობა - ნატოს სტრატეგიულ, მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს არა არა ნატოს გენერალური მდივანი და მისი აპარატი, არამედ ნატოს წევრი სახელმწიფოების დედაქალაქები და ნიშანდობლივია, რომ გერმანიამ, უნგრეთმა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ უკვე შეიცვალა რუსეთის მიმართ პოზიცია.
ანუ როგორ შიძლება განვითარდეს მოვლენები?
- მოსკოვის გეგმის შესახებ მოგახსენეთ; როგორ შეიძლება ჩაერიოს დასავლეთი, მიჭირს ამისი თქმა - შესაძლოა, ევროკავშირმა მოითხოვოს რუსეთის მიმართ სანქციების შემცირება, რადგან ამ სანქციებით გამოწვეული კრიზისული სიტუაცია უკვე ევროკავშირზეც აისახა.
თეორიულად, ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს მოსკოვს, ეს არის ვაშინგტონი და ბრიტანეთი, მაგრამ წავლენ თუ არა ისინი ამაზე, ძნელი სათქმელია. აშშ-ს რეალურად შეუძლია გააძლიეროს უკრაინის ფლოტი, საბრძოლო ავიაცია, თუმცა სახმელეთო ძალებში უპირატესობა აქვს რუსეთს.
ასე ღიად ჩაებმება ამერიკა რუსეთთან ომში?
-ფაქტობრივად, რუსეთი მისდის ვა-ბანკზე და თვლის, რომ მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინტერესების ფარგლებში მოქმედებს - როგორც ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ლათინური ამერიკა არის მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არეალი და ნებისმიერი ქვეყნის ჩარევა მტკივნეულია. რუსეთისთვის ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცე და მათ შორის, უკრაინა.
თუ ამერიკა გადაწყვეტს ღია კონფრონტაციაში შევიდეს რუსეთის ფედერაციასთან, ეს ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ დუღილის ტემპეტარურა იქნება ძალიან მაღალი. ამ წუთას ჩანს, რომ ამერიკა მზად არ არის ამისათვის, მაგრამ შეიძლება, პირობები შეიცვალოს და ამერიკას რაღაცა კუთხით მოუხდეს კიდეც შეზღუდული ტიპის ჩარევა რუსეთთან კონფლიქტში.