რადიოსიხშირული რესურსების ახლებური მართვა იგეგმება

რადიოსიხშირული რესურსების ახლებური მართვა იგეგმება

რადიოსიხშირულ დიაპაზონებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის და მოდიფიცირების მარეგულირებელი ნორმები კონკრეტდება. შესაბამისი ცვლილებები - „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტში ინიცირებულია, პროექტის ავტორები კი არიან - ზურაბ ტყემალაძე, თემურ მაისურაძე და გია ჟორჟოლიანი.

პროექტის ავტორთა განმარტებით, მსოფლიო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მომავალში, ჰარმონიზაციულ დიაპაზონებზე ლიცენზიის ავტომატურად გაგრძელების რეგულაცია არ გავრცელდება, თუმცა, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის გათვალისწინებით, ახალი ლიცენზიების გაცემა 10 წლის ნაცვლად, 15 წლით მოხდება.

პროექტის თანახმად, ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, კომისიის მიერ განსაზღვრული წესით გადაანგარიშებას დაექვემდებარება. კერძოდ, კომისია განსაზღვრავს მოდიფიცირებული ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსის სარგებლობის საფასურს და ამ საფასურს აკლდება ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი/გადასახადი ამოწურვადი რესუსრსით სარგებლობის ოდენობა.

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია, პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური და არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მას რადიოსიხშირე 10 წლის ვადით აუქციონის გარეშე გადასცეს. ამ შემთხვევაში, ავტორიზებული პირი ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწსისი საფასურის ოდენობას იხდის.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ინიციატივა რადიოსიხშირეების შეცვლის, მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობის ნორმებს აყალიბებს.

კერძოდ, პროექტით, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, ლიცენზიის მოდიფიცირება (გაგრძელება) მოითხოვოს ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსის მხოლოდ ნაწილზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი დათმოს. ამ შემთხვევაში კი, დათმობილი ამოწურვადი რესურსისთვის გადახდილი/გადასახდელი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით, ლიცენზიის მფლობელს უფლება ეძლევა, უარი თქვას ლიცენზიის გაგრძელებაზე და ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობა შეწყვიტოს. ამ შემთხვევაში, ლიცენზია გაუქმებულად ითვლება და ამოწურვადი რესურსით სარგებლობისთვის გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი გარკვეულ შეზღუდვებსაც აწესებს. კერძოდ, ცვლილებებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს ყველა იმ პირს, რომელიც აუქციონის გამოცხადების მომენტისათვის დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების ერთობლიობის აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.

ამასთანავე, პროექტის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში თუ, რადიოსიხშირული დიაპაზონების ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დაგეგმვისა და დანაწილების მიზნით, „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ისეთი ცვლილების შეტანა მოხდება, რომელიც არათავსებადს ხდის არსებული და ახლად დაგეგმილი ან დანაწილებული რადიოსიხშირეების ტექნიკური ნორმების შენაჩუნებას, ასევე ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანაარსებობას, კომისია უფლებამოსილია, ამგვარი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს - ლიცენზიის მოქმედების ვადა არ გაუგრძელოს, რის შესახებაც მას ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 3 წლით ადრე უნდა აცნობოს.

ასევე, კომისიას შეუძლია, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ, ლიცენზიით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა მოითხოვოს. კომპენსაციის ოდენობა, გადახდის პირობები და ფორმა კი, კომისიის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.

ამასთან, კომისია უფლებამოსილია, კომპენსაციის ნაცვლად, ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით, მას სხვა რადიოსიხშირული რესურსი შესთავაზოს, რომლის საბაზრო ღირებულებაც კომისიის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე დადგენილი კომპენსაციის ოდენობას უნდა შეესაბამებოდეს.

პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ცვლილელები სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს გაზრდის, რადგან მათი ცნობით, რადიოსიხშირული რესურსების ახლებური მართვა იგეგმება, რაც ბუნებრივად გულისხმობს ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის საფასურის გადახდას ბიუჯეტში.

აღნიშნულ პროექტზე პარლამენტში მსჯელობა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება, რომელიც 2 სექტემბერს ბიუროს სხდომით იხსნება.