მეწარმეებს პროდუქციის მეორადი გადამუშავება დაეკისრებათ. ხელისუფლება ნარჩენების კოდექსის მიღებას გეგმავს, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც ნარჩენების გადამუშავება და ამ პროცესზე პასუხისმგებლობის გადანაწილება იქნება.
For.ge-სთან საუბარში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, ჩვენ ვცხოვრობთ საშინლად დაბინძურებულ გარემოში, სადაც ყოველ ნაბიჯზე გვხვდება სტიქიური ნაგავსაყრელები, ქვეყანა მოფენილია შუშის, პლასტიკატის, რკინის ბოთლებით. ამიტომ დროა, სხვანაირად შევხედოთ გარემოს დაცვითი პრობლემების მოგვარებას.
ევროკავშირთან შეთანხმება გარემოს დაცვას გვავალდებულებს. ამ მხრივ რა სახის შეზღუდვები ეკისრება ქართულ მხარეს?
- პარლამენტის ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი ჩვენი გარემოს მძიმე მდგომარეობაა. ამას ემატება ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერაც, რომლის 25-ე თავიც მთლიანად ეთმობა გარემოს დაცვითი პრობლემების მოგვარებას. ჩვენ ბევრი ვალდებულება ვიკისრეთ, დროში გაწერილი ასზე მეტი დებულება უნდა აღვასრულოთ, დროის ათვლა დაიწყება ამ წლის ბოლომდე და ზოგიერთი დებულება სადღაც 10-12 წლის თავზე უნდა შესრულდეს. რაც შეეხება მყარი ნარჩენების პრობლემების მოგვარებას, აქაც მკაცრი შეზღუდვები გვაქვს ნაკისრი. სადღაც ექვსი წლის თავზე ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, ყოველ შემთხვევაში, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით ევროპას უნდა დავუახლოვდეთ. ეს ითვალისწინებს ნარჩენების შეგროვებას, განთავსება-გადამუშავებას იმ წესებით, რაც მოქმედებს ევროპის კონტინენტზე. უნდა შეიქმნას ახალი ნაგავსაყრელები, მოხდეს ძველი ნაგავსაყრელების კონსერვაცია.
ნარჩენების გადამუშავების ბიზნესი საკმაოდ საინტერესოა დასავლელი მეწარმეებისთვის. ეს გამოცდილება ჩვენც უნდა გავიზიაროთ?
- რა თქმა უნდა. წინათ ამ მიმართულებით ქვეყანაში არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. ნაგავსაყრელებზე ჯართისა და ფერადი მეტალების სტიქიური შეგროვების გარდა არაფერი არ კეთდებოდა. ხშირ შემთხვევაში, ესეც კორუფციული სქემებით ნასაზრდოები იყო. ამჯერად ეს უნდა გამოვრიცხოთ და ბიზნესი ამ მიმართულებით განვითარდეს. გვინდა, დავაინტერესოთ როგორც ჩვენი, ისე უცხოელი მეწარმეები, რომ ამ საქმეში ჩადონ გარკვეული სახსრები, დაასაქმონ ხალხი, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. ამით ორ მიზანს მივაღწევთ, ჩვენი გარემო გაუმჯობესდება, რადგან სტიქიურ ნაგავსაყრელებზე უარის თქმის შემდეგ ეკოლოგიური პრობლემები მოგვარდება და ხალხიც დასაქმდება. ეს ითვალისწინებს მეწარმის მომეტებულ პასუხისმგებლობას.
მეწარმეები როგორ შეხვდნენ ამ ინიციატივას?
- მეწარმეებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ისინი ცხოვრობენ ამ გარემოში. არ მეგულება საღად მოაზროვნე არცერთი მეწარმე, რომელსაც საღორეში სურს ცხოვრება.
ცემენტის ქარხნები კონკრეტულ ლოკალურ ადგილებს აბინძურებდნენ, მოსახლეობა ამის გამო ჩიოდა. გარდა ამისა, ჩვენს მდინარეებშიც ჩაედინებოდა საწარმოებისგან გამომუშავებული მავნე ნივთიერებები. ამაზე თუ იქნება აქცენტი გადატანილი?
- ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს გარემოს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც წელიწადნახევრის წინ შევქმენით. თითქმის ყოველ კვირას იწერება 300-ზე მეტი ადმინისტრაციული ოქმი, მათ შორის, უამრავი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ასეთი რამ წინა წლებში არ ხდებოდა. არა მხოლოდ მეწარმეები, ჩვეულებრივი ადამიანებიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებდნენ გარემოს, განსაკუთრებით, საუბარია მსხვილ წარმოებებზე, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ბევრი მათგანი შევამოწმეთ, გამოწერილია დიდი ჯარიმები, საურავები. მეწარმეების კონტროლის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, რომ მათ ნაკლები ზიანი, ან საერთოდ ზარალი არ მიაყენონ გარემოს.
შეგიძლიათ გვითხრათ, რომელი კომპანიები სცოდავდნენ ამ მხრივ?
- სამწუხაროდ, ძალიან ბევრ მეწარმეს ჰყავდა თავისი მფარველი ცენტრალურ ხელისუფლებაში, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების სახით, მაგრამ, სანამ ჩვენ მეწარმეს გავაკრიტიკებთ, კრიტიკის ქარცეცხლში უნდა გავატაროთ ის თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები, რომლებიც მეწარმეს აიძულებდნენ, დაებინძურებინა გარემო, ამაზე თვალს ხუჭავდნენ და ამისთვის იღებდნენ უზარმაზარ გასამრჯელოს. ანუ მფარველობდნენ ამ ადამიანებს და პარალელურად პოლიტიკურად დევნიდნენ ამ კომპანიების ხელმძღვანელებს. მახსენდება „ჯორჯიან მანგანეზის“ შემთხვევა, რომლის ერთ-ერთი მეწილეც, ბატონი კაპანაძე გამობრძანდა და ამხილა წინა ხელისუფლება. ავიღოთ სხვა წარმოებები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ დღემდე და არიან ერთ-ერთი პრობლემატურნი საწარმოები გარემოს დაბინძურების კუთხით. მათზე ხორციელდებოდა უზარმაზარი ზეწოლა ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, უშველებელ თანხებს აბანდებინებდნენ აბსოლუტურად წამგებიან, ამ წარმოებისთვის არაპროფილიან პროექტებში. როცა მათ ვეკითხებით, რატომ არ არის იქ ფილტრები დაყენებული, რატომ არ არის გაუმჯობესებული ეკოლოგიური ფონი ამ რაიონებში, ისინი გვპასუხობენ, რომ წინა ხელისუფლებამ მათ უზარმაზარი თანხები უბრალოდ წაართვა, ან გადაამისამართებინა უაზრო პროექტების დაფინანსებაში, გუდაურში და ა.შ. „ჯორჯიან მანგანეზის“ შემთხვევა მომაქვს, რადგან ის უკვე ცნობილია ყველასთვის. ისინი ჩივიან ჩვენთან და იხსებებენ თავიანთ წარსულს, მაგრამ გავანებოთ წარსულზე საუბარს თავი, უკვე ორი წელიწადია ახალი ხელისუფლებაა ქვეყნის სათავეში, ამ ადამიანებს არავინ აღარ აწუხებს, ამიტომაც მოთხოვნები გავზარდეთ, თამასა ავწიეთ. ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ტოტალურად მიმდინარეობს ყველა მათგანის შემოწმება, არაფერზე თვალს არ ვხუჭავთ, ამავე დროს, ვაწარმოებთ მძიმე დიალოგს მეწარმეებთან, რათა მათ ახალი ტექნოლოგიები შემოიტანონ ქვეყანაში, მოსამსახურე პერსონალის შრომითი პირობები და წარმოების ეკოლოგიური ფონი გააუმჯებესონ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ ჭიათურაშიც, ტყიბულშიც, ზესტაფონშიც, ბოლნისშიც, კასპშიც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია. „ჰაიდელბერგ ცემენტზე“ ვსაუბრობ, მათ ჩამოიტანეს უახლოესი ტექნოლიგიები, დააყენეს ფილტრები, ისინი აღარ არიან გარემოს დამაბინძურებლები. მაგალითი ავიღოთ ამ წარმოებიდან და ავიღოთ მაგალითი „ნატახტარიდან“, რომელმაც საქართველოში უნიკალური გამწმენდი ნაგებობა ააშენა მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, რადგან ჩვენ თვალი არ დავხუჭეთ იმაზე, რომ კონკრეტული წარმოება აბინძურებდა გარემოს. მათ მრავალმილიონიანი ინვესტიცია ჩადეს ბიოლოგიურ გამწმენდ ნაგებობაში, ეს არის უნიკალური ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ქარხნის ტერიტორიაზე დამონტაჟდა და ის აბსოლუტურად გამორიცხავს დაბინძურებული წყლების ჩაღვრას მდინარეში, ღელეებში ან ნაკადულებში. ბევრი კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა ამ ორი წლის მანძილზე, მაგრამ არის პრობლემატური რაიონებიც, უბნები, იგივე „ჯორჯიან მანგანეზი“, „ტყიბული“, „საქნახშირი“ და სხვა კომპანიები, რომლებიც ჯერჯერობით ბოლომდე არ გვეთანამშრომლებიან და არ მოგვყვებიან პრობლემების მოგვარებაში. მათი მიმართულებით ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულნი, ეს დროს მოითხოვს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.