კომერციულ სექტორს რეგიონებში დენის ტარიფი შეუმცირდა, მოსახლეობას - არა

კომერციულ სექტორს რეგიონებში დენის ტარიფი შეუმცირდა, მოსახლეობას - არა

სემეკის 22 აგვისტოს დადგენილების პროექტის მიხედვით, „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ სამომხამრებლო ტარიფი უცვლელი დარჩა - „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხარებლებისთვის 100 კილოვატზე ტარიფმა 7,63 თეთრი შეადგინა. 101-დან 300 კილოვატამდე -11 თეთრი, ხოლო 301 კილოვატიდან - 14,83 თეთრი. ახალი ტარიფი 2014 წლის 1 სექტემბრიდან შევა ძალაში.

სემეკში აცხადებენ, რომ ტარიფების დადგენის ახალ მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანია ლიცენზიანტის მიერ განხორციელებული ინვესტიციების კომპონენტი, რომლის მიხედვითაც მოხდება ახალი ტარიფის დაანგარიშება.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, ნიკოლაი ნიკოლოვის თქმით, 2014 წელს „ენერგო პრო ჯორჯიამ“ 55 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც დაიხარჯა ქსელის რეაბილიტაციაზე.

„თუმცა, როგორც დავინახეთ, საკმარისი არ იყო“, - განაცხადა ნიკოლოვმა.

შეგახსენებთ, რომ „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში 971 000 აბონენტს. ამასთანავე, კომპანია საქართველოში 15-მდე ჰესის მფლობელია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.

მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, სემეკს შეეძლო, ტარიფი შეემცირებინა, მაგრამ არ შეამცირა, იმიტომ, რომ „ენერგო პროს“ მიერ განხორციელებული ინვესტიციები „საკმარისი არ აღმოჩნდა“ და კიდევ ახალი ინვესტიციებია საჭირო. მოსახლეობამ კი სამომავლოდ განსახორციელებელი ინვესტიციის თანხა წინასწარ უნდა გადაიხადოს.

იმ პერიოდში, როდესაც ტარიფის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ატყდა, სემეკის თავმჯდომარე რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებდა, რომ „წინასწარი ინვესტიცია ტარიფში აისახება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის წინასწარ კომისიასთანაა შეთანხმებული. შეთანხმების პროცესი არ არის ფორმალური, გვჭირდება განხილვა, დასაბუთება, არგუმენტაცია. ინვესტიცია მხოლოდ ინვესტიციისთვის არ კეთდება - უნდა დავინახოთ ეფექტი, თუ რას იღებს კომპანია და მომხმარებელი - უკეთეს მომსახურებას, შემცირებულ დანახარჯებს. დღეს „ენერგოპრო ჯორჯიასთან“ დაკავშირებით რაიმეს თქმა შეუძლებელია, რადგან მიმდინარეობს სატარიფო განცხადების განხილვა, ვიხილავთ საინვესტიციო გეგმებსაც და სექტემბრამდე გვაქვს დადგენის ვადა“.

როგორც ჩანს, გასულ თვეში ელექტროენერგიის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მხოლოდ იმისათვის იყო საჭირო, რომ მოსახლეობა ხელისუფლების, სემეკისა და „ენერგო პრო ჯორჯიას მიმართ“ მადლობელი დარჩენილიყო იმისათვის, რომ ტარიფი არ გაუძვირეს, ხოლო ტარიფის შემცირებაზე საუბარი არავის მოსვლოდა აზრად.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, მას ჰქონდა შეხვედრა სემეკის თავმჯდომარესთან, რომელმაც ყველაფერი დეტალურად აუხსნა, მაგალითად: „განხორციელებული ინვესტიციები, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რამდენი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, ხარჯები. თვითონ ტარიფს რაც შეეხება, რომელიღაც კომპონენტში შეიძლება იყოს მატება, რომელიღაცაში კი - კლება, მაგრამ სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც აბონენტი იხდის, როგორც გვითხრეს, უცვლელი რჩება“ - განაცხადა კალაძემ.

სემეკის თავმჯდომარე, ირინა მილორავა კომისიის გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზით ხსნის.

„მიღებულია გადაწყვეტილება და სამომხმარებლო ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დარჩა იგივე. რამდენიმე პრობლემატური საკითხი იყო კომპანიასთან სამუშაო რეჟიმში. პირველი, ეს იყო პირველ პრივატიზაციასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც არ მოხვდა ტარიფში. მეორე იყო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯი - წარმოდგენილი ინფორმაცია კომპანიამ არ მიიჩნია საკმარისად იმისთვის, რომ ეს ხარჯი ასახულიყო ტარიფში. ასევე იყო ინფლაციასთან და X ფაქტორთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც არის სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებული და აქ არც არაფერი შეიცვლებოდა“, - განაცხადა მილორავამ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ტარიფი 2015 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. ყოველ მომდევნო წელს კი მოხდება ტარიფის გაანგარიშება.

მოსახლეობისგან განსხვავებით, კომერციული სექტორისთვის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფი მცირდება.

„კომერციულ სექტორში გვაქვს უმნიშვნელო შემცირება მაღალ და დაბალ ძაბვაზე, დაახლოებით 0.07 თეთრის ფარგლებში. რაც შეეხება საშუალო ძაბვას, აქ გვაქვს მნიშვნელოვანი შემცირება 1.25 თეთრის ოდენობით. ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ 2014-2015 წლებში განსახორცილებელი ინვესტიციების ჯამური რაოდენობა, დაახლოებით 71 მლნ ლარის ოდენობით“, - განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ.

მოკლედ, მოსახლეობა კვლავ ვერ იღებს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ იყო წლების განმავლობაში საქართველოში დენის ტარიფი ერთ-ერთი ყველაზე ძვირი პოსტსაბჭოთა სივრცეში.

როგორც ჩანს, საქართველოში მოქმედ ენერგოკომპანიებს, მათ შორის, „თელასს“ ლობისტების მოძებნა ყველა ხელისუფლებაში შეუძლია.

ჩეხური „ენერგო პრო“, რომელშიც ბევრი ექსპერტი რუსულ კაპიტალს მოიაზრებს, და რომელსაც თავის დროზე, ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი ლობირებდა, ერთი თვის წინ აცხადებდა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გაუმჯობესებისთვის ელექტროენერგიის გაძვირება აუცილებელი იყო. ტარიფის შესაძლო გაზრდაზე საუბრობდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილიც, რომელიც თან იმით გვამშვიდებდა, რომ ეს ზრდა არ იქნებოდა მნიშვნელოვანი.

როგორც ჩანს, ამ განცხადებებით საზოგადოების განწყობა მოსინჯეს, ან გარკვეული ჯგუფი ცდილობდა „ენერგო პრო ჯორჯიას ლობირებას“, თუმცა პრემიერ ღარიბაშვილის და ენერგეტიკის მინისტრ კალაძის განცხადებების შემდეგ, რომ ტარიფი არ გაიზრდებოდა, გარკვეული კომპონენტების ზრდასა და კლებაზე დაიწყო საუბარი და ფაქტობრივად, „დაინტერესებულმა მხარემ“ ამით იმართლა თავი. როგორც ჩანს, ტარიფის თემა რეგიონების მოსახლეობას ყოველწლიურად ექნება „გადასატანი“, რადგან „ენერგო-პროს“ ტარიფები ყოველწლიურად გადაიხედება. მისი ზრდა-შემცირების საკითხი კი სავარაუდოდ, საზოგადოების რეაქციისა და პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით გადაწყდება.