საათი, ხვლიკი, გულის პრანჭვები - საზოგადოების მოთხოვნა და 112-ის სერვისები

საათი, ხვლიკი, გულის პრანჭვები - საზოგადოების მოთხოვნა და 112-ის სერვისები

„რომელი საათია?“ „გამოძახება გვინდა, ხვლიკი გვყავს ეზოში და რა ვქნათ?“„გულის პრანჭვები მაქვს და დამეხმარეთ“,- გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის სამსახურს - 112-ს მოქალაქეები ამ და სხვა უცნაური, მაგრამ გულწრფელი თხოვნებითაც უკავშირდებიან. თუმცა, ამგვარი სატელეფონო ზარი მხოლოდ ცაკლეული შემთხვევაა იმ ათიათასობით შეტყობინებისგან, რომელსაც 112-ის ოპერატორები დღის განმავლობაში იღებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად, დაახლოებით, 25 ათას ზარს პასუხობენ და ყველა კონკრეტულ ინფორმაციაზე რეაგირებას ოპერატიულად ცდილობენ. ქვეყნის მასშტაბით მიღებული 25 ათასი შეტყობინებიდან დაახლოებით 84% - სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოთხოვნას ეხება, 13%- საპატრულო პოლიციის კომპეტენციაა, 3%-ი კი - სახანძრო-სამაშველო სამსახურის.

112-ის სამსახურის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე კაჭრეთში სპეციალური მედიატური მოეწყო. რომელსაც საქართველოს ცენტრალური მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

„მედიატურის პროექტი საინტერესო აღმოჩნდა. მოგვეცა საშუალება, ჟურნალიტებისთვის გაგვეცნო, თუ რა სპეციფიკით მუშაობს 112-ის სამსახური. ასევე გვესაუბრა სამომავლო გეგმებზე, რომლებზე მუშაობაც უკვე დაწყებულია. ეს პროექტები მნიშვნელოვანი იქნება სამსახურის შემდგომი განვითარებისთვის“,- აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი.

ის ფაქტი, რომ სატელეფონო ნომერ 112-ს ყოველდღიურად, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კრებს, ამ სამსახურის და სერვისის პოპულარობასა და საჭიროებას ადასტურებს. თუმცა, საზოგადოების ნაწილში დღემდე არსებობს უკმაყოფილება 112-ის მომსახურების საფასურთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წლიდან დაწესდა და კვლავ მოქმედებს. უწყების ბიუჯეტი, სწორედ, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ყოველთვიურად გადახდილი თანხებით ივსება და დაახლოებით 8 მილიონ ლარს შეადგენს.

 „112-ის საფასური განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საფასურის ოდენობა არის 20 თეთრი ფიზიკური და 50 თეთრი იურიდიული პირისთვის. მოქმედებს საშეღავათო ნორმები და ეს ეხებათ იმ აბონენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, ასევე აბონენტებს, რომლებიც თვის განმავლობაში 5 ლარზე ნაკლებს მოიხმარენ მობილურის ანგარიშზე. 112-ის მომსახურების საფასურთან დაკავშირებით 2012 წელს იყო სასამართლო დავა, მაგრამ პროცესი იმგვარად დასრულდა, რომ გადასახადი არ გაუქმებულა და არც შეცვლილა“, - აცხადებს 112-ის იურისტ-კონსულტი გიორგი კიკვაძე.

უწყების ხელმძღვანელთა განმარტებით, 112-თან წვდომის საფასური მხოლოდ საქართველოში არ არის დაწესებული. ანალოგი აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურთან გადამისამართების გარდა, 112-ის სამსახურს რამდენიმე თვის წინ ახალი ფუნქციაც დაემატა - უწყება მოქალქეებს ევაკუატორით მოსახურების სერვისს სთავაზობს. სამსახურის ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ მათი მომსახურება კერძო კომპანიების სერვისზე ხარისხიანი და იაფია. მათივე განცხადებით, კერძო კომპანიებს მუშაობასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში ხელს არავინ უშლის.

„ევაკუატორებით დახმარების სერვისი დაინერგა მაისში, მაქსიმალურად მოქნილი სერვისია და მორგებულია საზოგადოების ინტერესებზე. ერთიანი ტარიფი შემუშავდა შსს-სა და მთავრობის დადგენილებით. მაქსიმალურად დაცულია ავტომობილების უსაფრთხოების სტანდარტები - ეს არის 24 საათის განმავლობაში დაცული ტერიტორია ბეტონის საფარით. რაც გამორიცხავს ავტომანქანების დაზიანებას“,- განმარტავს 112-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნინო გელაშვილი.

იგი GPS ტრეკერების პროექტის შესახებაც საუბრობს, რომელიც 112-ში, სწორედ, ახლა ინერგება. აღნიშნული სერვისი ტურისტებისთვის სატელიტური აღჭურვილობის GPS ტრეკერის გადაცემას ითვალისწინებს და, ძირითადად, მაღალმთიან რეგიონებში მიმავალი, როგორც უცხოელი, ისე - ადგილობრივი ტურისტისთვისაა განკუთვნილი.

მოწყობილობა იძლევა შესაძლებლობას, გადაუდებელი სიტუაციისას SOS ღილაკის მეშვეობით განგაშის სიგნალი პირდაპირ 112-ის სამსახურში გაიგზავნოს. ამის შემდეგ კი ტურისტი იღებს ინფორმაციას მასთან სამაშველო სამსახურის გაგზავნის თაობაზე. GPS ტრეკერით 112-ში სიგნალი ისეთი ადგილებიდანაც იგზავნება, სადაც მობილური ტელეფონები არ მუშაობენ. მოწყობილობა გათვლილია ექსტრემალური სიტუაციებისთვის - არის წყალგამძლე, მტვერგამძლე და არ ზიანდება დავარდნის შემთხვევაში.

„ჯერჯერობით არ არის დაწყებული ტრეკერების მიწოდება. მხოლოდ 60-მდე მოწყობილობა გვაქვს ამ ეტაპზე. უახლოეს მომავალში ამ საკითხს ტურიზმის ეროვნული სააგენტო მოაგვარებს - სერვისცენტრების მეშვეობით დაარიგებს. ეს პროექტი 112-ისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია. მოგეხსენებათ, ხშირი იყო ტურისტების დაკარგვისა და გაუჩინარების ფაქტები, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ღონისძიებების გაწევა იყო საჭირო. ტრეკერი დიდი უპირატესობაა ტურისტებისთვის. დარეკვის გარდა, ასევე შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნაც. მოწყობილობას ტურისტებს უფასოდ მივაწვდით, მაგრამ სატელიტური მომსახურების საფასურის გადახდა მოუწევთ მისი გამოყენების დროს, რაც მინიმალურია“,- აცხადებს ნინო გელაშვილი.

SOS ღილაკით უშუალოდ 112-თან დაკავშირება რამდენიმე წელში ავტომანქანის მძოლებსაც შეეძლებათ, რასაც ავტომანქანაში დამონტაჟებული სპეციალური სენსორი უზრუნველყოფს. თუმცა, აღნიშნული სერვისი ჯერ ევროკავშირის მასშტაბით უნდა დაინერგოს.

2013 წლის მონაცემებით, ევროპის გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედგად დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი დაშავდა. სწორედ, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სწრაფ და ეფექტიან დახმარებას ისახავს მიზნად სერვისი e Call. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოძრავ ავტომობილებში სპეციალური სენსორული მოწყობილობების დამონტაჟება 2018 წელს უნდა დასრულდეს. 112-ის ხელმძღვანელები სერვისის დაახლოებით იმავე პერიოდში დანერგვას ვარაუდობენ საქართველოშიც.

GPS ტრეკერისა e call-ის სერვისების სრული დარტვირთვით ამოქმედებამდე 112-ში დაინერგება დაკავშირების ახალი სერვისი - გადაუდებელი დახმარების მოთხოვნა მოქალაქეებს სატელეფონო ზარის გარდა მოკლე ტექტური შეტყობინებებისა და ვიდეოზარის მეშვეობითაც შეეძლებათ, აღნიშნული სერვისი 112-თან დაკავშირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც გაუადვილებს. SMS-ებითა და ვიდეოზარით 112-თან დაკავშირება 2015 წლის შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი. მიმდინარე სასწავლო წლიდან კი საშუალო სკოლების მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეთა სახელმძღვანელოებს სპეციალური ქვეთავი დაემატება, რომელიც მოსწავლებს 112-ის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.