რუსთავის სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში სიმშვიდეა. პატიმრების ახლობლები არ ადასტურებენ გავრცელეულ ინფორმაციას, თითქოს, ადგილი ჰქოდა ბუნტის მცდელობას. დაწესებულეაში დილიდან რამდენიმე მათგანი პატიმრების სანახავად შევიდა. რუსთავის მე-6 დაწესებულებაში დაძაბული ვითარების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით გავრცელდა.
საპატიმროსთან შეკრებილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც კამერების წინ აცხდებდნენ, რომ პატიმრის ნათესავები იყვნენ, თუმცა კამერების წინ სახეს მალავდნენ და ამტკიცებდნენ, რომ პატიმრების პროტესტი ახალი ხელმძღვანელის მხრიდან „პალაჟენიის“ დაყენებას მოჰყვა. პატიმრის ახლობლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა საიას წარმომადგენელმა, რომელიც დილიდან მართავდა შეხვედრას პატიმრებთან. ინფორმაციას არც პატიმრის ოჯახის წევრები ადასტურებდნენ, რომლებიც დილიდან ე.წ. პაემანზე იმყოფებოდნენ.
ხმაურის მიზეზი კი სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების ერთ-ერთი საკანში ორ პატიმარს შორის ჩხუბი გახდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, თეა პერტაიას განცხადებით, ჩხუბის შემდეგ ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა, მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მისივე თქმით, პატიმრის გადაყვანისას მის მიმართ სხვა მსჯავრდებულების მხრიდან იყო მხოლოდ მხარდასაჭერი გადაძახილები. თეა პერტაია სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე სპეცრაზმის შეყვანას და დაწესებულებაში რაიმე დაძაბულობას არ ადასტურებს.
„ბუნტის მცდელობას დაწესებულებაში ადგილი არ ჰქონია. ღამის პირველი საათისთვის მე-6 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში მსჯავრდებულებს შორის მოხდა კონფლიქტი. ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, თანასაკნელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეტაპირება კანონის ფარგლებში მოხდა.
პატიმრის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას დაწესებულების ადმინისტრაცია იღებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში პატიმრის გადაყვანა მიზნად ისახავდა სიტუაციის განმუხტვას და როგორც თავად გადაყვანილი მსჯავრდებულის, ასევე სხვა პატიმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
სიმართლეს არ შეესაბამება, ასევე, დაწესებულებაში სპეცრაზმის შეყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. დაწესებულების შიგნით წესრიგს ადმინისტრაცია იცავდა და იცავს, ხოლო დაწესებულების გარეთ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და არეულობის პრევენციისთვის გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია“, - ნათქვამია საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში.
საიას წარმომადგენელი მიხეილ ღონღაძე რომელიც დილიდან ხვდებოდა სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს, ამბობს, რომ მხოლოდ ერთმა პატიმარმა უთხრა, რომ სხვა პატიმრების ხმა გაიგონა სპეცრაზმის შეყვანის შესახებ, სხვა პატიმრებმა კი განაცხადეს, რომ სპეცრაზმის, ან არეულობის შესახებ არაფერი სმენიათ.
„რამდენიმე მსჯავრდებულს შევხვდი. ერთმა განმარტა მხოლოდ, რომ გაიგონა სხვა პატიმრების ძახილი, რომ სპეცრაზმია შესული. მას თავად არ დაუნახავს სპეცრაზმის თანამშრომლები. მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ სხვა პატიმრებს თვითდაზიანება აქვთ მიყენებული იმ მოთხოვნით, რომ პატიმრები გადაჰყავთ სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. სხვა პატიმრებმა მითხრეს, რომ არ გაუგიათ არანაირი ხმაური და არანაირ ბუნტს ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებს მიხეილ ღონღაძე.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე-5 ქალთა კოლონიაში 30-მდე პატიმარი ქალი შიმშილობს. ისინი შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ და კომისიას მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ. სასჯელაღსრულების სამინისტრო მხოლოდ 13 პატიმრის შიმშილობას ადასტურებს. მე-5 დაწესებულებაში ვითარებაში გასარკვევად უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე იმყოფებოდა.
„შესული იყო მათთან ეკა ბესელია და უთხრა, რომ როდესაც შეიცვლება პრეზიდენტი, შეიცვლება შეწყალების კომისია და მოხდება თქვენი შეწყალებაო. ეს პირობები დარღვეულია. ხელოვნურად ხომ არ ხდება შეწყალების კომისიის მხრიდან ასეთი შერჩევითი შეწყალებებით, დაუსაბუთებული და გაუგებარი განცხადებებით შეწყალება.
შიმშილობდა 30 ქალი, თუმცა მათი რაოდენობა 15-მდე შემცირდა. შიმშილობაზე უარი თქვეს იმ პატიმრებმა, რომელთაც ეხებათ ე.წ. უდო, რადგან პატიმრების თქმით, მათ უთხრეს, რომ პრობლემები შეექმნებოდათ უდოსთან მიმართებაში. მოშიმშილეები აპროტესტებენ შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა ნიკოლზ მჟავანაძემ.