„წაბრძანდით, შელახული რეპუტაციის კომპანია იქნებით, მაგრამ, სამაგიეროდ, შეირგებთ ნაძარცვს“

„წაბრძანდით, შელახული რეპუტაციის კომპანია იქნებით, მაგრამ, სამაგიეროდ, შეირგებთ ნაძარცვს“

თბილისის მერი კომპანია „სითი პარკის“ საქმიანობით დაინტერესდა. როგორც ცნობილია „სითი პარკის“ საქმიანობა 20 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო, სადაც მოისმინეს პირველადი ინფორმაცია კომპანიათან გაფორმებული ხელშეკრულების მდგომარეობის და ფინანსების მოძრაობის შესახებ. დღეს კი კომპანიის ხელმძღვანელების და თბილისი მერის შეხვედრა გაიმართა.

თბილისის მთავრობასთან გამართული 4 სათიანი შეხვედრა, დაპირისპირების და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ არსებული ხელშეკრულების შეცვლას გეგმავს. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ის კომპანიის ხელმძღვანელობას სექტემბრის ბოლომდე აძლევს ვადას ხელშეკრულებაში გონივრული, გაანგარიშებასა და მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ცვლილებების შეტანისთვის. 

„ეს ხელშეკრულება არ ემსახურება ხალხის და ქალაქის ინტერესებს. ის არის კონკრეტული ფირმის და მასთან დაკავშირებული პირების გამდიდრების საშუალება. არსებული კონტრაქტით მუნიციპალიტეტი მხოლოდ უსუსური წარმონაქმნია. მე არ ვიცი სხვაგან ანალოგიური ხელშეკრულება, რომელიც ასეთ უსუსურ მდგომარეობაში აყენებდეს მუნიციპალიტეტს. მოვემზადოთ, რათა დავჯდეთ ხელშეკრულებაში ცვლილებებისთვის – გონივრულ და გაანგარიშებაზე, ასევე მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ცვლილებებისთვის. გთავაზობთ, სექტემბრის ბოლომდე ჩამოვყალიბდეთ როგორ შეიძლება შევცვალოთ ხელშეკრულება“, - მიმართა მერმა კომპანიის წარმომადგენელს.

დავით ნარმანიას განცხადებით, რაც „სითი პარკის“ კომერციულ საიდუმლოებასთან არ არის დაკავშირებული, უნდა გასაჯაროვდეს. გარდა ამისა, უნდა გასაჯაროვდეს ინფორმაცია საავარიო საჯარიმოზე ავტომანქანების გადაყვანასთან დაკავშირებული საკითხი, რით არის ეს გამოწვეული, რატომ არის აუცილებელი, ასევე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხები, ანუ ქალაქს რა შემოსავლები აქვს „სითი პარკის“ საქმიანობიდან. ასევე რა შემოსავლები აქვს „სითი პარკს“ საქმიანობიდან და რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას.

მერიაში მიმდინარე შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მთავრობის წევრები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ, დავით ნარმანიამ კომპანია „სითი პარკის“ გენერალურ მენეჯერ ბენი ლაჰავს მერიაში მიმდინარე შეხვედრაზე წლიურ ფინანსურ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენა სთხოვა, რაზეც ლაჰავიმ აღნიშნა, რომ კომპანია მერიას შემოსავლების შესახებ ყოველ 6 თვეში აწვდის ინფორმაციას. გარდა ამისა, თბილისის მერი დაინტერესდა რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელა კომპანიამ საქართველოში, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელმა „კომერციული საიდუმლოების“ მიზეზით მერის კითხვა უპასუხოდ დატოვა. 

„თქვენ არცხვენთ კომპანიას, რომელსაც წარმოადგენთ საქართველოში. მე მივწერ თქვენს ხელმძღვანელს თქვენს ქვეყანაში და ავუხსნი, როგორი უნდა იყოს ასეთი კომპანიის ხელმძღვანელი, რომ მას უნდა ესმოდეს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. სამწუხაროა, თუ თქვენ არ გესმით სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. სოციალური პასუხისმგებლობა არ იცით, ინვესტიცია არ იცით, ლექციები წაგიკითხოთ, თუ ეს რა არის?!“, - მიმართა ნარმანიამ „სითი პარკის“ გენერალურ მენეჯერს.

მას შემდეგ, რაც მერმა ვერ მიიღო კომპანიის ხელმძღვანელისგან ადეკვატური პასუხი, საკრებულოს წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა მიმართა კომპანიის ხელმძღვანელებს და მერიასთან კონტრაქტის შეწყვეტა და საქართველოდან თავისი ნებით წასვლა ურჩია. დეპუტატის განმარტებით, აქვს ინფორმაცია, რომ კომპანია თბილისის მერიის ყოფილ ხელმძღვანელობასთან კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა.

„კომიკური და ამავე დროს ტრაგიკულია, რასაც ახლა ვუყურებთ. კომპანია, რომელიც პარკირების კუთხით თბილისში 7 წელია ოპერირებს, დღეს პირველად ჩნდება. ციფრებსაც, სად რა გადაირიცხა, 7 წლის თავზე პირველად ვიგებთ მაშინ, როცა ამ წლების განმავლობაში ის ჩვენი ჯიბიდან ამოიღო. თქვენ ხართ კომპანია, რომელმაც თბილისელების საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურა. მე მაქვს ერთი რჩევა, როგორც მოქალაქეს და როგორც საკრებულოს წევრს - თავად თქვით უარი და გაწყვიტეთ კონტრაქტი. შეირგეთ, რასაც თბილისელების ჯიბეებიდან იღებდით.

ჩემი ინფორმაციით, თქვენი კომპანია კორუფციულ გარიგებაში იყო მერიის ყოფილ ხელმძღვანელობასთან და შესაბამის მონაცემებს უახლოეს მომავალში წარმოვადგენ. თქვენ ჩავარდებით ძალიან ცუდ მდგომარეობაში. გირჩევთ, ამ მდგომარეობას თავი აარიდოთ, უბრალოდ, თქვით უარი და წაბრძანდით. შელახული რეპუტაციის კომპანია იქნებით, მაგრამ, სამაგიეროდ, შეირგებთ ნაძარცვს“, - მიმართა ელისაშვილმა შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელობას. 

ელისაშვილს „სითი პარკის“ გენერალურმა მენეჯერმა ბენი ლაჰივმა მოუწოდა, რომ კომპანია პატივისცემით მოეხსენიებინა და თუ მისი საქმიანობის შესახებ ეჭვები აქვთ, ფინანსურ პოლიციას მიმართონ.ბენი ლაჰავის განცხადებით, თბილისის მერიასთან თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლის შესახებ ყოფილი მერის, გიგი უგულავასგან ტელევიზიით შეიტყო. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა და მის შესახებ ხელმძღვანელობისთვის ცნობილი სწორედ უგულავას მიერ ტელეეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა.

ბენი ლაჰავის ამ განცხადების შემდეგ, დედაქალაქის მთავრობის წევრები იმითაც დაინტერესდნენ, თავდაპირველი ხელშეკრულებით გაწერილი პირობების დარღვევის გამო მოითხოვა თუ არა „სითი პარკმა“ თბილისის მერიისგან კომპენსაცია, რაზეც კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელი ზარალის კომპენსირება ახალ ხელშეკრულებაში ჩადებული რიგი ცვლილებით მოხდა. რასაც თბილისის მერის პასუხი მოჰყვა: „ახალი ხელშეკრულებებით თქვენ არა თუ დაგიკომპენსირდათ შემოსავლები, არამედ მეტიც გაქვთ მიღებული - ანუ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდით, ვიდრე ხელშეკრულების სასტარტო პირობებით იყო გათვალისწინებული“. 

„კომპანია „სითი პარკი“ თბილისიდან წასვლას არ აპირებს“, - ასე უპასუხა კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ბენი ლაჰავიმ თბილისის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თავად თქვას.

„მადლობთ რჩევისთვის, მაგრამ ჩვენ თბილისის დატოვებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება და გავაგრძელებთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ვითხოვ თუნდაც ერთ მინიშნებას იმასთან დაკავშირებით, რა ვალდებულება არ სრულდება კომპანიის მხრიდან. ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას და პრეტენზიებს ვერ მივიღებ“, - აღნიშნა ბენი ლაჰავიმ.

თბილისის მერი დავით ნარმანია კი კომპანია „სითი-პარკს“ პარკირებისთვის გამოყოფილ ზოგიერთ ადგილზე შესაბამისი ნებართვის გაუქმებით ემუქრება. რადგან, შეხვედრაზე ბენი ლაჰავიმ აღინიშნა, რომ პანდუსების მოწყობა კომპანიის პრეროგატივა არ არის. 

„მეც არსად მიწერია, რომ პანდუსები უნდა გაგიმზადოთ. პირიქით, შეიძლება ის ადგილებიც ჩამოგართვათ, რომელიც პარკირებისთვის გაქვთ გამოყოფილი, ჩვენ ყველა ტერიტორიას შევისწავლით, სადაც ოდესმე პარკირების მოწყობის მიზნით, თქვენზე ნებართვა გაცემულა და იმ ტერიტორიაზე, რომელზეც შეზღუდულია საზოგადოებრივი სივრცე, არ არის მოწყობილი შესაბამისად, მათ შორის - პანდუსებით უზრუნველყოფილი, ვიფიქრებ ნებართვის გაუქმებაზე. დედაქალაქის მცხოვრებთა კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ნებართვა გაუქმდეს ტროტუარებზე პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.