სკოლის დირექტორებად კვლავ „ნაცმოძრაობის“  ფავორიტი დირექტორები ბრუნდებიან?

სკოლის დირექტორებად კვლავ „ნაცმოძრაობის“ ფავორიტი დირექტორები ბრუნდებიან?

სულ მალე საჯარო სკოლებს ახალი დირექტორები ეყოლებათ და არ არის გამორიცხული მათ რიცხვში წინა ხელისუფლებისდროინდელი ის კადრები ვიხილოთ, რომელთა გამო არაერთი  პედაგოგი პოლიტნიშნით გათავისუფლდა  და რომლებიც სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილის ნაცვლად სააკაშვილის მიტინგებზე  მიერეკებოდნენ და სკოლას პირადი თუ პარტიული მიზნებით იყენებდნენ.

სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ დაზარალებული პედაგოგები, არამედ მოსწავლეთა მშობლები განათლების სამინისტროს მოუწოდებენ ასეთ დისკრედიტებულ დრექტორებს უფლება არ მისცენ ისევ სკოლის ხელმძღვანელები გახდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სასწავლო პროცესის ჩაშლით იმუქრებიან.      

სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, სკოლაში დაბრუნების ამბიცია არაერთ ძველ დისკრედიტებულ დირექტორს ჰქონია და დიდი შანსია მოახერხონ კიდეც - მათმა ნაწილმა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა და არ არის გამორიცხული სამეურვეო საბჭოს გადაბირება შეძლოს მათთვის ჩვეული „ძველი ხერხებით“.

საბედნიეროდ, განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სიებიდან ჩანს, რომ მათი რაოდენობა მინიმალურია თუმცა, არიან ისეთები, რომლებისთვისაც სერტიფიცირება ბარიერი ვერ გახდება. სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, კვლავ სკოლის დირექტორობას აპირებენ ე.წ. ელიტალური  სკოლების ყოფილი დირექტორები. მაგალითად, პირველი კლასიკური გიმნაზიის ყოფილი დირექტორი ამირან ჯამაგიძე, პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ყოფილი დირექტორი ზაზა გრიგალაშვილი, ცნობილ ტატო შავშიშვილთან დაახლოებული 53-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი მარიამ რამინაშვილი და სხვები...

ხაზგასასმელი ის არის, რომ აღნიშნული პირები თანამდებობიდან განათლიების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე დარღვევების გამო გათავისუფლდნენ თუმცა, ეს ფატორი მათთვის ხელისშემშლელი სულაც არ ყოფილა და დღეს თავისუფლად მონაწილეობენ კონკურში.

„როგორც ცნობილია დირექტორობის სერტიფიკაცი გაცებულია 2011 წელსაც, ხოლო ის ვინც, პროცესი 2012 წელს დაიწყო და გაიარა ტესტი, მომდევნო წელს დაასრულდა და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი. სერტიფიცირება ჩატარდა ასევე 2013 და 2014 წლებში. შესაბამისად, კანონი ყველა მათგან კონკურსში მონაწილეობის უფლებას აძლევს და სამინისტროს არ აქვს უფლება შეზრუდოს სერტიფიცირებული პირების მონაწილეობა“ - აცხადებენ სამინისტროში. 

ამის მიუხედავად, პედაგოგთა გარკვეული კატეგორია და მშობლები სწორედ განათლების სამინისტროს ადანაშაულებენ.

„ასეთი დირექტორები სკოლებში არ უნდა დააბრუნონ. განათლების სამინისტრომ ამისათვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. კატეგორიულად არ ვეთანხმები კანონს, რომ სკოლის დირექტორს სამეურვეო საბჭო ირჩევს, რადგან თავის დროზე სამეურვეო  საბჭოს არჩევნები არც ისე სამართლიანად ჩატარდა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სკოლის დირექტორი მხოლოდ მინისტრმა უნდა დანიშნოს“ - აცხადებს 53-ე სკოლის მოსწავლის ერთ-ერთი  მშობელი, რომელიც ვინაობას მხოლოდ იმიტომ არ ამჟღავნებს, რომ ეშინია, იმ შემთხვევაში თუ მარიამ რამინაშვილი კვლავ სკოლის დირექტორი გახდება, მის შვილს „გადაეკიდება“.

რას უპასუხებს განათლების სამინისტრო დაზარალებულ პედაგოგებს და მშობლებს, ამას დრო აჩვენებს. ფაქტია, გათავლისუფლებული დირექტორები ისევ საკუთარი ადგილების დასაბრუნებლად იბრძვიან და იმ შემთხვევაში კი, თუ სამინისტრო რამე ბერკეტს არ აამოქმედებს, განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა სამინისტროს  მიერ განხორციელებული ახალი სახელმძღვანელოებისა თუ სკოლების მშენებლობის  პროექტებიც დაჩრდილოს.

სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.directors.mes.gov.ge 18-დან 20 აგვისტომდე თავისუფალი იყო დარეგისტრირება და კონკურში მონაწილეობა.  თითოეულ კანდიდატს სამი სკოლის არჩევის საშუალება ჰქონდა. საბოლოო ჯამში კი ვნახოთ როგორ განვითარდება და დასრულდება დირექტორობის შესარჩევი პროცესი.