დაუყადაღებენ თუ არა სააკაშვილს „არაოლიგარქიულ“ ყვარლის სახლს?!

დაუყადაღებენ თუ არა სააკაშვილს „არაოლიგარქიულ“ ყვარლის სახლს?!

მიხეილ სააკაშვილის ქონების შესაძლო დაყადაღებამ და შემდგომ მისმა შესაძლო ჩამორთმევამ განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია ნაციონალებში. სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ ყველაზე მეტად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი აღაშფოთა და ამ საქციელს ყოვლად უგვანო უწოდა.

საუბარია იმაზე, რომ ყოფილ პრეზიდენტს 8 მილიონზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. საგამოძიებო ორგანომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წარუდგინა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც.

„ვინც მიშას სახლს შეეხება, წყეულიმც იყოს. ის არც ქართველია და არც ადამიანი. ამის გამკეთებელ-ბრძანების გამცემი პროცედურების ერთგული კი არა, ნაბიჭვარია. თუ ეს ასეა, ეს არის ყოვლად უგვანო საქციელი. ეს არის ბოღმა, ბოროტება. ამ სიტუაციაში, შეიცვალა ხელისუფლება და წინა ხელისუფლებას სახლი წაართვა, პრეზიდენტს, პატარა სახლი, ძალიან კოხტა, ეს არის არაოლიგარქიული. სახლი წაართვა და ამას რაღაც პროცედურა დაარქვა, მე ვფიქრობ, ეს სულმდაბლობაა“, - ასეთნაირად ფიქრობს დავით დარჩიაშვილი.

მიუხედავად, იმისა, რომ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ წრეებში ფაქტის დამადასტურებელი ან უარმყოფელი კომენტარი ჯერ არავის გაუკეთებია, დავით დარჩიაშვილი მაინც დარწმუნებულია, რომ პროკურატურაში ამაზე მსჯელობენ და ამ საკითხზე ღარიბაშვილ-ივანიშვილის წრეშიც ნაფიქრია.

For.ge-სთან საუბარში დავ დარჩიაშილი აცხადებს „არა მგონია, ეს ჭორი იყოს, ჩანს, ამაზე მსჯელობენ, ორჭოფობენ, მიუხედავად იმისა, ღარიბაშვილი რას იტყვის, ეს პროკურატურა არის აბსოლუტურად პოლიტიკური ორგანო და მაგ ორგანოს ფარგლებში, ასევე, ღარიბაშვილისა და ივანიშვილის წრეში ფიქრობენ, რა ქნან. ამიტომაც პროკურატურის მხრიდან ქონების დაყადაღებისა და ჩამორთმევის ფაქტს მე მივეცი ზნეობრივი შეფასება. ეს წინათგრძნობა ეფუძნება იმას, რომ თემურ ჯანაშიას, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, დაუყადაღეს პირადი და ოჯახის ქონება. სწორედ ამის გამო მქონდა ემოციური რეაქცია“.

უფრო მეტიც, დავით დარჩიაშვილისთვის გაუგებარია, რა კავშირშია თემურ ჯანაშია პროკურატურის ბრალთან? მას ხომ კანონი საიდუმლოების შესახებ ავალდებულებდა, რიგი ხარჯები გასაიდუმლოებული ჰქონოდა? „წინამორბედი პრეზიდენტი, ვინც სახელმწიფო ნანგრევებიდან აგიწყო და ჩაგაბარა, უნდა დევნო სახელმწიფოს აშენების გამო?“ - აინტერესებს დარჩიაშვილს.

მართალია, ნაციონალები მხოლოდ ყვარლის სახლის შესაძლო დაყადაღებაზე მსჯელობენ, მაგრამ უფლებადამცველები ამბობენ, რომ საგამოძიებო ორგანოები მხოლოდ ყვარლის სახლით არ შემოიფარგლებიან და დაყადაღებული ქონების ნუსხა შესაძლოა საკმაოდ ვრცელი იყოს, რადგან სწორედ ნაციონალების დროს შესწორებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, დაყადაღებას ექვემდებარება არა მარტო უშუალოდ ბრალდებულის სახელზე რიცხული ქონება, არამედ - მის ახლობლებზე გაფორმებული ქონებაც. ასე რომ, შესაძლოა, ყვარლის სახლის ბედი გაიზიაროს გიული ალასანიას და სააკაშვილის სხვა ახლობელთა სახელზე გაფორმებულმა სხვა შენობა-ნაგებობებმაც.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მერაბ ტურავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელსაც აქვს ბრალდებულის სტატუსი. ამიტომ მის ქონებაზე ყადაღის დადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო იძულების ღონისძიებაა.

„ყადაღა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ქონების ჩამორთმევას, უბრალოდ, ნიშნავს, რომ მესაკუთრეს ან მფლობელს ეკრძალება ამ ქონების განკარგვა, გასხვისება. გამონაკლის შემთხვევაში, შეიძლება მესაკუთრეს ამ ქონებით სარგებლობაც აეკრძალოს. ყადაღა შეიძლება დაედოს იმ ქონებას, რომელიც დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. გარდა ამისა, შეიძლება ყადაღა დაედოს არა მარტო ბრალდებულის ქონებას და საბანკო ანგარიშებს, არამედ ასევე, მასთან დაკავშირებული პირის ქონებასაც. ეს ნორმა წინა ხელისუფლების დროს შემოიღეს, რადგან არაერთი პიროვნება ქონებას თავის სახელზე არ აფორმებდა და ნაცნობ-მეგობრებზე ჰქონდა გადაფორმებული. წინა ხელისუფლებამ შემოიღო ისიც, რომ ყადაღა უნდა დაედოს არა უშუალოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას, არამედ ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებასაც“, - აცხადებს მერაბ ტურავა და არ გამორიცხავს, ყვარლის სახლის გარდა, ამ ჩამონათვალში მოხვდეს გიული ალასანიას ქონებაც.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს შემოიღეს ასეთი ნორმაც, რომ 48 საათის განმავლობაში ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს ამ შუამდგომლობას სასამართლო და ბრალდებულსა და მის ადვოკატს არც კი იწვევს ამ პროცესზე. შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ პროკურორი დაიბარონ, რომელმაც ეს შუამდგომლობა წარადგინა, მხარეთა მონაწილეობა არც არის სავალდებულო.

ყოფილი მოსამართლე მიიჩნევს, რომ 8 მილიონს კი არა, ათას ლარზეც პროკურატურა დაუყოვნებლივ მიმართავს სასამართლოს ქონების დაყადაღების შუამდგომლობით. ამიტომ ასე რომ არ მოიქცეს პროკურატურა, მისთვის, როგორც იურისტისთვის, ეს ეჭვის საფუძველი იქნება.

„თუ პიროვნებას შენ ედავები 8 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას, ასეთ შემთხვევაში, ლოგიკურია, უნდა იზრუნო იმაზეც, რომ სასამართლოს მიერ მისი ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაყადაღდეს მისი გარკვეული ქონება, რომელსაც გამოიყენებენ იმ ქონების ეკვივალენტად. ხოლო, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ბრალდებული უდანაშაულოა, მაშინ ყველანაირ ქონებას ყადაღა მოეხსნება, ის არ გაიყიდება და არ ჩამოერთმევა ადამიანს“.

ჩვენ პროკურატურაშიც გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. პროკურატურის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ბედი ელის სააკაშვილის ქონებას.