რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დიმიტრი მედვედევს მიმართა თხოვნით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გამო, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან საკვებ პროდუქტებზე ემბარგო დააწესოს.
„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გამო, ჩვენ სრულად უნდა ავკრძალოთ საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან პროდუქციის იმპორტი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ბაზარი იაფფასიანი და უხარისხო ევროპული საქონლისგან. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ გააკეთეს არჩევანი და თავად უნდა გადაწყვიტონ თავიანთი პროდუქციის გაყიდვის საკითხი. თანაც, „როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლები რეგულარულად პოულობენ ამ ქვეყნების პროდუქციაში დარღვევებს“, - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.
მართალია, ეს რუსეთის ოფიციალური განაცხადი არ არის, მაგრამ საქართველოში მაინც გარკვეული პანიკის საფუძველი გახდა. იმის მიუხედავად, რომ პროდუქციის აკრძალვის მოლოდინი მუდმივად არსებობს, მოსახლეობა მაინც დაბნეულია. უნდა გვქონდეს თუ არა მორიგი ემბარგოს მოლოდინი, ამ თემაზე თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი გვესაუბრება.
ბატონო სოლომონ, რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვათ რუსეთის დუმაში გაკეთებული განცხადებები?
- ასეთ განცხადებებს, ძირითადად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აკეთებენ, მაგრამ ძალიან ხშირად, ისინი ხელისუფლების რუპორები არიან. ამიტომ შესაძლოა, ეს რუსეთის ხელისუფლების ირიბ მინიშნებადაც ჩავთვალოთ, მაგრამ უფრო მგონია, რომ რაღაც გამაფრთხილებელი ელფერი დაჰკრავდა ან დაშინების მიზნით იყო გაკეთებული, რადგან საქართველოც მოჰყვა იმ ქვეყნების სიაში, რომელსაც, ამ განცხადების მიხედვით, ემბარგო შეიძლება გამოუცხადონ.
მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, არ მგონია ემბარგო საქართველოდან იმპორტირებულ პროდუქციას შეეხოს, რადგან ამ ეტაპზე არც რუსეთს აწყობს ეს - ბევრი ერთობლივი კომპანია შეიქმნა, ჩაერთო მრავალი იმპორტიორი, რომლებმაც დიდი რაოდენობით შემოიტანეს ის მასალა, რაც ღვინის ჩამოსასხმელად არის საჭირო, ბოთლები, ეტიკეტები, აქციზური მარკები და ა.შ.
2014 წლის 6 თვეში დაახლოებით 85 მილიონი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, აქედან, თითქმის, 70% რუსეთზე მოდის, გასულ წელს გავიტანეთ 128 მილიონი დოლარის პროდუქცია, როდესაც შარშანწინ ეს მაჩვენებელი 58 მილიონს შეადგენდა. ამიტომ, არ მგონია ეს რუსეთს აწყობდეს, რუსულ ბაზარზე მაინც მოწონებით სარგებლობს ქართული ღვინო და ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულება ამ პროდუქციის მიმართ მოსახლეობაშიც უარყოფითად აღიქმება.
თუმცა რუსეთი ისეთი ქვეყანაა, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კანონზომიერებებში არ ჯდება და ჩვენ ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ასევე გვახსოვს რუსეთის მხრიდან 2010-2011 წლებში გადადგმული ნაბიჯები, როდესაც ხორბლის ექსპორტი აკრძალა. ასევე მეორადი ავტომობილების შეტანა, რითაც წაახალისა ავტომობილების სამამულო წარმოება და ა.შ.
რუსეთს უყვარს ასეთი არაორდინალური გადაწყვეტილებები, რომელიც ეკონომიკასთან თანხვედრაში არ არის, მაგრამ გვინდა თუ არა, ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. ამიტომ, მაინც არ მგონია, რომ მან საქართველოს ემბარგო გამოუცხადოს თუნდაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
2006 წლის სიტუაცია დღევანდელი მდგომარეობიდან რითი განსხვავდება?
- მაშინ პოლიტიკურად უფრო დაძაბული სიტუაცია იყო რუსეთთან მიმართებაში. საქართველოს მხრიდან კეთდებოდა ძალიან აგრესიული განცხადებები. ჩვენ რომ დასავლეთისკენ გვაქვს ვექტორი, ამაზე კი არ იყო საუბარი, არამედ ხშირ შემთხვევაში პიროვნულ შეურაცხყოფებთან, დამამცირებელ განცხადებებთან გვქონდა საქმე, მათ შორის, ჩვენს, ქართულ ღვინოსთან მიმართებაში. მერე გვიკვირდა, რატომ საუბრობდნენ რუსები ფიტოსანიტარული ნორმების დარღვევაზე, როდესაც ქართველმა პოლიოტიკოსებმა აღიარეს თვითონ, რომ უხარისხო პროდუქცია გადიოდა. რა თქმა უნდა, იყო პრობლემები ხარისხში, ხდებოდა ღვინის ფალსიფიცირება, მაგრამ ბაზარი იყო მზარდი.
მაშინ ქართული ღვინის აკრძალვის შემდეგ მისი ექსპორტი თითქმის ოთხჯერ შემცირდა. მაშინდელი პრემიერი, ნოღაიდელი რომ აცხადებდა, ალტერნატიულ ბაზრებს მოვძებნითო, რატომ არ მოძებნა? საქმე ისაა, რომ რუსეთს ამ შემთხვევაში დომინანტი როლი აქვს.
თუმცა, კომპანიებმა თავადვე მოძებნეს გამოსავალი და სხვადასხვა ბაზრების ათვისება დაიწყეს...
- ეს იყო ზღვაში წვეთი, რა თქმა უნდა, ევროპაში, ამერიკაში, უკრაინაში, იყო მცდელობები აზიაშიც, მაგრამ ეს ყველაფერი ძალზე ცოტაა. ჩვენ დღეს უკვე გვიჭირს რუსული ბაზრის ათვისებაც - ქართული ღვინოები იმ ტემპით არ იყიდება, რაც სასურველი იქნებოდა. ფრანგულ, იტალიურ ჩილეს ღვინოებს უნდა გავუწიოთ კონკურენცია. ის თაობა, ვისაც ქართული ღვინო უყვარდა, ცოცხლებიც აღარ არიან. გარდა ამისა, ბორდოს ზოგიერთი ღვინო უფრო ძვირია, ვიდრე ქართული წითელი ღვინო. რუსული ბაზარი კი ძვირადღირებულ პროდუქციას ვერ იტანს.
ხელისუფლება რომ აცხადებს, პრობლემა არ არის, ალტერნატიულ ბაზრებს მოვძებნითო, ამ საკითხის ასე ადვილად დათმობა არ შეიძლება. ასე უცებ ამხელა ბაზარს ვერ მოძებნი. დღეს ხალხმა ისევ გააშენა ვენახები იმის გამო, რომ გასული რთველი ხელისუფლებამ კარგად ჩაატარა და ყუძენსაც ფასი დაედო. ახლა, თუ ისევ ემბარგო დაწესდა, რა გამოვა? მაშინ ხელისუფლებამ თვითონ უნდა გადაიხადოს კომპენსაცია?
რამდენადაც ცნობილია სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ჩინეთის ბაზრის ასათვისებლად, რამდენად შესაძლებელია, რუსული ბაზრის ჩინური ბაზრით ჩანაცვლება?
- ჯერ კიდევ 2006 წელს, პირადად მე ვიყავი ჩასული ჩინეთში ამ საკითხის მოსაგვარებლად - ეს ურთულესი პროცესია. ჩინეთი თვითონაც აწარმოებს ღვინოს, ეს არის წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდი ბოთლი, გარდა ამისა, ჩინეთში უკვე შესულია ფრანგული, ავსტრალიური, იტალიური ღვინოები და ეს ბაზარი ასე თუ ისე, ათვისებულია. გარდა ამისა, ჩინელი ხალხი არ არის მსმელი ხალხი. ნუ ამოვალთ იქიდან, რომ ჩინეთის მოსახლეობა მილიარდნახევარია და ქართული ღვინის ათვისებას ერთი პროვინციაც ეყოფოდა - ის ვერანაირად ვერ გახდება რუსეთის ალტერნატივა.
გარდა ამისა, სად უნდა გავიტანოთ ის ხილი, რომელიც საქართველოში მოდის? შარშან, მაგალითად, ხალხმა ატამი ხეზე დატოვა, რადგან მისი დაკრეფა უფრო ძვირი უჯდებოდა, ვიდრე გასაყიდი ფასი იყო. ამიტომ, გვინდა თუ არა, გვჭირდება, რომ რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური კავშირები გვქონდეს.
თუ არ ვიაქტიურეთ, თავისუფლად შეიძლება ქართული ღვინის ნიშა სომხურმა დაიკავოს - სომხეთმა და აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო ვენახების გაშენება და ისე არ მოხდეს, რომ ქართული ღვინოები გავიდეს სომხეთში და შემდეგ ქართული ღვინომასალით დამზადებული სასმელი შევიდეს რუსეთში სომხური ღვინის სახით.
რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აქტიურობა რაში გამოიხატება?
- მესმის, რომ რუსეთს განწყობას ვერ შეაცვლევინებ, მაგრამ მოსახლეობის ინფორმირება მაინც ხომ შესაძლებელია იმის შესახებ, რეალურად რაც ხდება?
კარასინი-აბაშიძის შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელიც - შეხვედრის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მოლაპარაკების რეჟიმში ვართ. ცოტა ხნის შემდეგ კი ირკვევა, რომ რუსეთმა ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი მოგვიხსნა და ეს ინფორმაციაც რუსეთისგან მოვისმინეთ პირველად და არა საქართველოს ხელისუფლებისგან, მაშინ, როდესაც ჩვენი ექსპორტიორები, ჩვენსავე ხელისუფლებას შეეძლო, ჩაეყენებინა საქმის კურსში - ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი ასე ხდება...
იმაში ტრაგიკული არაფერია, რომ ჩვენც ევროპული ქვეყნების დაბეგვრის რეჟიმში მოვექეცით, მაგრამ ქართველ მეწარმეებს ეს ინფორმაცია წინასწარ უნდა ჰქონოდათ.
როდესაც რუსეთი მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს, მას ყოველთვის აქვს-ხოლმე პოლიტიკური სარჩული. თვლით, რომ დღეს არ აქვს საბაბი ქართული პროდუქციის ექსპორტის შესაზღუდად?
- ემბარგო არ იქნება. ერთადერთი მიზეზი რუსეთის განაწყენებისა შეიძლება იყოს ევროპასთან ასოცირების ხელშკრულება, მაგრამ როდის ამუშავდება ის, როდის დაიწყება თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა და არ მგონია, რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგას.